Sunday, October 30, 2011


დაგვიანებული პოსტი
გამარჯობა, როგორ ხარ?
მე კარგად. ძველებურად, თითქმის უცვლელადაა მდგომარეობა აქეთ, თუმცა არც ისე, როგორც მანდ ცრუვიზიები აცხადებენ, არც დიდი შეტაკებები მინახავს მომიტინგეებსა და პოლიციას შორის და არც ქართველებით გაძეძგილი მანქანების კოლონა, რომლებიც ტოვებენ ყველაფერს და თავქუდმოგლეჯილი გამორბიან საქართველოში.
პოსტი 4 დღის წინ უნდა დამედო, მაგრამ მოხდა ერთი სამწუხარო ამბავი - ჩემი ლეპტოპი გაფუჭდა. თანაც ისე, არავითარი გადაინსტალება რომ არ უშველის, ახლაც ხელოსან ანჯელოსთან იმყოფება და ელოდება როდის დასრულდება ეს გაუთავებელი ჰოლიდეები, რომ გამომჯობინდეს და დამიბრუნდეს ;)

სალონიკს ცრემლების არ სჯერა
ორი დღის წინ დასრულდა ჩვენი მეგობრების ოდისეა სალონიკსა და ზოგადად საბერძნეთში. მასტერები, რომლებიც ზუსტად 20 თვის წინ ჩამოვიდნენ ამ მზიან მხარეში უკან, საქართველოში გამოფრინდნენ.
ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღე. თელაველებს ჯაბიკოს, ამირანს და ქეთის  ფრენა შუადღისით ქონდათ, ბათუმელებსა და თბილისელებს კი მეორე დღის გამთენიისას.
დილით კომპი მივიტანე ანჯელოსთან და იქ აღმოვაჩინე, რომ სატენი ბიჭებთან დამჩენოდა. გავიქეცი, სახლში ჯაბა და მამამისი დამხვდნენ. ნოდარი ძია ძალიან დიდი ხანია არ მენახა. ის მამაჩემის მეგობარი იყო და როგორც თვითონაც გაიხსენა საკმაოდ ხშირად სტუმრობდა ჩვენ ოჯახს. ერთ დროს ჩვენ მეზობლები ვიყავით, მერე ისინი გადაცხოვრდნენ. სიმართლე გითხრათ მე ჯაბას ფაქტიურად არც კი ვიცნობდი, მხოლოდ ვიცოდი, რომ ის ერთ დროს ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა. ფაქტიურად სალონიკში გავიცანი ეს მართლაც გამორჩეული, მხიარული და ძალიან უშუალო პიროვნება, რომელიც თავისთავზე მესამე პირში საუბრობს და ყველას უსწორებს - ჯაბა არა, ჯაბიკო დამიძახეთო J საერთოდაც უნდა აღინიშნოს, ეს მასტერების ნაკადი ნამდვილად დახუნძლული იყო ასეთი ინდივიდუალისტი და გამოკვეთილად ჩამოყალიბებული, ძალიან საინტერესო სტუდენტებით. არ დამეზარება გავიხსენო ნებისმიერი მომენტი, სადაც მე ამას ვგრძნობდი. უბრალოდ შორს წაგვიყვანს ეს საუბარი. მოკლედ იმას ვყვებოდი, ჯაბიკოსთან რომ მივედი, ყველაფერი ჩაბარგებული ქონდა, ამირანი გასული იყო საყიდლებზე. მე ჩემი დამტენი ავიღე და გავიქეცი ანჯელოსთან. შემდეგ ინგლისურის კურსებზე ჩასაწერად წავედით მე, გულადი და მირანდა. გულადი ნამდვილი განძი იყო ჩვენთვის, ვინც საბერძნეთის და საერთოდ ამ ქალაქის აზზე არ ვიყავით. არასოდეს დაზარებია რაიმე კონკრეტულ ადგილზე გამოყოლა, დაკვალიანება.ფაქტიურად მან შეგვასწავლა ყველა ის ოფიციალური თუ არაოფიციალური (ხრიკს რომ ვეძახით ჩვენ) გზა, რომელიც აუცილებელია სტუდენტისთვის, რომ აქ თავი იგრძნოს კარგად. დაგვყვებოდა ყველგან - სასწავლებელში, საავადმყოფოში, მაღაზიებში. სულ დაგვაზეპირებინა სად რა და როგორ იყიდება. როგორ უნდა მოიქცე, რომ არ მოგატყუონ ვაჭრობისას. როგორ უნდა გადაიღო იაფი ფოტოები, რომლებსაც ყოველ ნაბიჯზე გვთხოვდნენ ჩამოსვლისას საბუთების გამო. როგორ უნდა იმგზავრო იაფად, როგორ უნდა მიიღო უფასო ინტერნეტი, როგორ უნდა გაერთო, როგორ უნდა იკვებო, დაიძინო, გაიღვიძო. ეს ადამიანი იყო ჩვენი გიდი და ჩვენი მასწავლებელი, თანაც პროფესიონალი, ნამდვილი და შეუდარებელი...
 მოკლედ, შუადღეც მოახლოვდა. დავიძარით მე და ჩემი რუმმეითი გიო ბიჭების სახლისაკენ. იქ უკვე მოეყარათ თავი ყველა წამსვლელსა თუ გამცილებელს. საკმაოდ სევდიანი სიტუაცია სუფევდა, ერთადერთი რაც ამ ყველაფერს არღვევდა იყო ის ფუსფუსი ნებისმიერ გამგზავრებას რომ ახლავს თან. ჩამოვაბარგეთ მესამე სართულიდან ბარგი, მივიტანეთ კორპუსის გვერდით, უძველეს ნანგრევებთან და გავჩერდით. აქ ნაწილი სტუდენტების დაემშვიდობნენ ჩემს თანქალაქელებს, ნაწილმა კი გავაგრძელეთ გზა გაჩერებამდე, სადაც აეროპორტის ავტობუსი უნდა მოსულიყო. ყველა დამშვიდობებას, თუ ის რა თქმა უნდა ახლობელ და საყვარელ ადამიანებს აშორებს, ახლავს ცრემლი. თუმცა ცრემლი უფრო გოგოებს მოადგათ, ბიჭებს კაცურად ეჭირათ თავი, მაგრამ სევდა მაინც იკითხებოდა მათ თვალებში. ცოტა ხანში მივაღწიეთ გაჩერებას, ჯაბა როგორც ყოველთვის მხიარულ განწყობაზე იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, მას ყველაზე მეტად არ უნდოდა ამ ადგილის დატოვება , მაინც ხუმრობდა. მეც ათას სისულელეებს ვაბარებდი თელავში და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ უმტკივნეულოდ ჩაევლო ამ პროცესს. ავტობუსიც მოვიდა. გადავეხვიეთ ერთმანეთს, მხოლოდ ამირანს ვერ ჩავეხუტე. კაცს, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე იყო ჩემი მასპინძელი, რომელიც საშინელი პახმელიის მიუხედავად დამხვდა აეროპორტში და მიპატრონა, როგორც საკუთარ ძმას. კაცს, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გაუგოს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ სიტუაციაში იყოს მშვიდი და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. სალონიკში ჩამოსვლამდე ამოს არც კი ვიცნობდი, მხოლოდ შორიდან თუ მოვიკითხავდით ერთმანეთს და ალბად ეს ქალაქი რომ არა ვერც გავიცნობდი ასეთ მაგარ ადამიანს. თუმცა როგორც მოგახსენეთ დამშვიდობება ვერ შევძელი, ისეთი ამბავი ატყდა ავტობუსში . . . ხალხი ლამის ფანჯრებიდან ცვიოდა, გადატენილი იყო ყველა კუთხე-კუნჭული, სულ ძალით, ხელ-ფეხის სრული მიშველიებით ვტენიდით ჩემოდნებს. გიო, როგორც ჩვევია ქართულად გასძახოდა მგზავრებს - ხალხო გადაიწიეთ ცოტაოოო. J ჩემოდანი ჩემოდანს დავადეთ, ხალხიც ცოოოტათი შევაწუხეთ და დაიძრა ავტობუსი. წავიდა ყველაზე ჩემიანი ხალხი . . . დავჩით მე და გიო მარტო L
            შუადღეს კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გადამხდა, თუმცა ამას ცალკე მოვყვები,მინდა ეს პოსტი მთლიანად დავუთმო ჩვენი მეგობრების გამგზავრებას.
            ღამით გულადიმ დაგვირეკა, რაღაც-რუღაცეები, რაც აღარ ჭირდებოდა და ტოვებდა, გადმოგვცა. მაგალითად საკვები, ჭურჭელი, სხვადასხვა საჭირო ნივთები - კარტი, კალამი, სარეცხი ფხვნილი და მოკლედ წვრილმანები, რომლებიც ასე აკლდა ჩვენ სახლს. :)
             მერე ცოტა წავუძინეთ, საათი ზუსტად 03:30-ზე დავაყენეთ.
             მაღვიძარას ხმაზე წამოვხტით და გავქანდით ბიჭების სახლისაკენ, კამარაზე, ანუ იქ სადაც ჩვენ ვართ, როგორც ყოველთვის ხალხი მოძრაობდა, აქ დროს მნიშვნელობა არ აქვს. ხალხითაა ქუჩები სავსე, დადიან გაღიმებულები და გალაღებულები. . . 
           2 წუთში უკვე გიოსთან ვიყავით და გულადის მოლოდინში "გულიანად" ვაცარიელებდით მე ბიჭების სამზარეულოს და გიო კი მათ ოთახებს :) ბათუმელმა გიომ თქვა,რაც ჩვენი ნაყიდია და არ მიგვაქ წაიღეთო. ჩვენც გავავსეთ ცელოფნის პარკები "ნაძარცვით". მგონი გულადის და გიოს ვაჯობეთ ბარგის სიმძიმეში.:)
           20 წუთში უკვე ჩამოვბარგდით, ბარგის ნაწილი და გულადი მანქანით გავუშვით.სიმართლე გითხრათ ჩვენ ორივეს ძალიან მივეჩვიეთ და მათთან დამშვიდობება ძნელი იყო. გადავეხვიეთ ჯერ გულადის. ცოტა ხანში კი გიოსაც. სხვათაშორის ბოლო ხანებში გიოსთან უფრო ხშირად მომიხდა შეხვედრა და ძალიან კარგად გავიცანი. 
ყოველთვის მხიარული, იუმორით სავსე და ჯიგარი ადამიანი, რომელიც დღენიადაგ დასალევს მთავაზობდა და თან დააყოლებდა თვითონვე- ააა შენ ხო არ სვავ, დამავიწყდაო. ადამიანი, რომლის მომზადებულ საჭმელსაც ყოველთვის აღტაცებაშიმოვყავდი.(სამწუხაროდ რეცეპტების ჩაწერა დამავიწყდა). მოკლედ კიდევ ბევრი მოგონებებია მასთან დაკავშირებული, შორს წაგვიყვანს ახლა.                                                                                     დავემშვიდობეთ გიოსაც, უფრო სწორად მე დავემშვიდობე, გიო აეროპორტშიც წავიდა, გოგოებს უნდა დავემშვიდობოოო. მათთან ერთად მიფრინავდნენ ბათუმელი და თბილისელი მაგისტრანტები.
                ასე წაგვივიდნენ ჩვენი მასპინძლები და პატორნები, რომლებიც რომ არა, ნამდვილად დავიკარგებოდით ამ უშველებელ ქალაქში და ვინ იცის რა იქნებოდა საერთოდ ჩვენს თავს. :) რამოდენიმე დღეა წავიდნენ და ხან მე ვახსენებ, ხან გიო. ბიჭებო თუ კითხულობთ, იცოდეთ სულ თქვენ ხსენებაში ვართ და მოგვენატრეთ! ;)
               მინდა წარმატებები ვუსურვო ყველას ვინც ამ ნაკადზე იყო ჩამოსული!
თქვენ კი კეთილი სურვილებით გემშვიდობებით!
მომავალ პოსტამდე!
               :)

No comments:

Post a Comment