Monday, October 10, 2011

ორშაბათი

2 დღეა წვიმს, მაგრად აცივდა. ხალხიც ერთიანად გადავიდა საზაფხულოდან საზამთრო ტანსაცმელზე. იმედია მალე გამოიდარებს.

Home, sweet home


რაც აქ ჩამოვედი მეგობრებთან ვცხოვრობდი. ერთი კვირა დავეძებდი სახლს და ბოლოს როგორც იქნა ვიპოვეთ მე და გიომ. გიო ბაკალავრია, გორის უნივერსიტეტიდან. ვიპოვეთ და გადავწყვიტეთ გადასვლა. ორი ოთახია, სამზარეულოთი და საპირფარეშოთი. დიდი არაფერი, მაგრამ ისეთია რა სტუდენტებს რო შეეფერებათ. თავისებური სტუდენტური სივიწროვითა და რომანტიკით :) რომანტიკას კი უამრავი ნივთის უქონლობა ქმნის, სახლი თითქმის ცარიელი დაგვხვდა, აქ ავეჯიან ბინებს ცეცხლის ფასი აქ. ჩვენც რაც შევძელით მოვაკოწიწეთ და გუშინ გადავბარგ-ბარხანავდით. თუმცა, სახლი, ტკბილი სახლი არც ისეთი ტკბილი აღმოჩნდა. პირველივე დღეს დაგვაღალატა სველმა წერტილებმა და ახლა ვართ ხელოსნის მოლოდინში :( გიო ფიქრობს რომ სხვა სახლი უნდა მოვძებნოთ, მეც ხან გიოს ვეთანხმები და ხან კიდევ იმ ხმას, რომელიც გულის სიღრმიდან დარჩენას მკარნახობს. სახლს ერთი მინუსი აქვს კიდე, გვარიანად მულტი კულტურულ უბანშია ანუ ჩვენებურად რო ვთქვათ "ჭრელი" ხალხი ირევა რა. ვნახოთ საით გადაწონის სასწორი, ჯერ-ჯერობით კი უინტერნეტოთ ვართ და პოსტი, რომელსაც შენ კითულობ ისევ მეგობრების სახლიდანაა დაწერილი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მასპინძლობისათვის ამირან ჯეირანაშვილს, ჯაბა გილაძეს და გიო აროშიძეს. ისინი რომ არა ძალიან გამიჭირდებოდა ადაპტაცია და საერთოდ დავიკარგებოდი ალბად. ;) მადლობა მეგობრებო და წარმატებები!

საავადმყოფო


დღეს საავადმყოფოში ვიყავი, დროებითი მოქალაქეობის ცნობის ასაღებად ანალიზები ამიღეს. პასუხს ორ დღეში გავიგებ. იმედია ნეგატივი ამოვა (ანუ თუ პოზიტივი ამოვიდა ცუდია ) :)) ისე კი ბერძნების სავადმყოფო რომ აგიღწეროთ დიდი არაფერია, მგონი ჩვენი ცენტრალური საავადმყოფოები ჯობია, მაგრამ რაც შეეხება რეგიონებს, მაგალითად თელავის აავადმყოფოს მაგალითით რომ ვიმსჯელო, ახლოსაც ვერ მოვა. პერსონალი ძალიან დადებითად განწყობილი და დახმარებისათვის მზად მყოფი შემხვდა. ვისთანაც კონტაქტი მქონდა ყველამ იცოდა ინგლისური. ანალიზს რომ ვიკეთებდი კევის გადაგდება მომთხოვეს :))) გამოსვლის წინ კი ახალი საღეჭი რეზინი მომცა და თან ბოდიშიც დააყოლა. ნემსი რომ გამიკეთეს, ერთ-ერთი მედიკი მეკითხება გეშინიაო? არა მეთქი, აბა წითელი რატო ხარო? არადა მართლა არ მეშინოდა, ვუთხარი რომ ნემსებს მიჩვეული ვარ, რომ ტატუირებისას უფრო მწარეა ნემსი, ვიდრე ანალიზების დროს :)) ოოო ტატუო რო გაიგეს - გვაჩვენეო და მოკლედ პატარა ექსკურსია მოვუწყე ჩემი ფეხის გარშემო :))) ჩემი ქლოვერი რომ ნახეს გაუხარდათ, ეგონათ პანათინაიკოსის ფანი ვიყავი :))) ზეგ რენტგენი უნდა გადავიღო და ალბად ახალ ტურს მომაწყობინებენ მხრებზე  :))


თემის ხელმძღვანელი


დღევანდელი დღე ყველაზე გამორჩეული მაინც იმიტომ იყო, რომ თემის ხელმძღვანელთან მქონდა შეხვედრა დანიშნული. დილიდანვე დამეწყო ნერვიულობა და გაგრძელდა მანამდე სანამ მას დავინახავდი. შეხვდრისთანავე კი ძალიან დავმშვიდდი. ქალბატონი ანა ძალიან სასიამოვნო, თავისუფალი და განათლებული ადამიანი აღმოჩნდა. არისტოტელეს უნივერისტეტის დრამა დეპარტამენტში შევხვდით. თავიდანვე დაიწყო ყველაფრის წვრილად გამოკითხვა. სად ცხოვრობო, რა დაამთავრეო, რა ენებზე საუბრობო. მოკლედ ნამდვილად ეტყობოდა რომ დაინტერესდა ჩემით და სერიოზულად მიუდგა საქმეს. ათასი კითხვა დამისვა ასევე უშუალოდ თემის გარშემო, თან ძველი თემების შესახებაც მეკითხებოდა, რაზეც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დროს მიმუშავია ან შეხება მქონია. ეს ყველაფერი იმისთვის მინდაო, რომ გავიგო რა ბექგრაუნდი გაქვსო. შემდეგ თემაზე ვისაუბრეთ, მცირე პრეზენტაცია ვაჩვენე, თან ვუყვებოდი თან სურათებსა და ვიდეობს ვაჩვენებდი. დიდი ინტერესით მისმენდა, თუმცა რამოდენიმეჯერ გამაჩერა და მირჩია რომ ინგლისურისა და ბერძნულის კურსებზე მევლო. თვითონ ამერიკაში აქვს დოქტორანტურა დამთავრებული და მის ინგლისურთან ჩემი ინგლისური საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა. თუმცა ერთმანეთს ყველაფერი გავაგებინეთ. საუბრის ბოლოს რამოდენიმე სასტარტო სამუშაო მოვნიშნეთ. მოვხაზეთ ერთი კვირის გეგმა და მომავალ შეხვედრამდე დავემშვიდობე ქალბატონ ანას. მოკლედ თემის ხელმძღვანელიც მყავს, ბინაზეც ნელ-ნელა ვწესრიგდები, მოქალაქეობის პროცედურებსაც იმედია მალე მოვრჩები, ერთ თვეში ჩემებიც ჩამოვლენ და შევუდგები ევროპელი სტუდენტის შესაფერის ცხოვრებას. :)
დროებით,
მომავალ პოსტამდე!

No comments:

Post a Comment