Saturday, October 15, 2011

აიწონა-დაიწონა

გამარჯობა!
რამოდენიმე დღეა აღარ დამიწერია . . . აცივდა, წვიმებმაც უხშირა. ნელ-ნელა მზიანი საბერძნეთი წვიმიან და ნესტიან ქვეყანად გადაიქცა, თუმცა რაც აქ არ მინახავს ეს ქარია, რომელიც ასე ხშირად მაწუხებს ხოლმე საქართველოში (არ მიყვარს ქარი, რაღაცნაირ შიშს იწვევს ჩემში).
ამინდის ცვალებადობის გარდა, ჩვენსკენ (ვგულისხმობ საკუთარ თავსა და ჩემს Roommates გიოს, გახსოვთ ალბად წინა პოსტიდან) სხვა ცვლილებიცაა. როგორც იქნა წერტილი დაესვა საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებულ პრობლემას. ორშაბათს ვწერდი "ტკბილ სახლზე" და ამ ისტორიის დასასრულზე ბევრი კითხვა დამისვეს მკითხველებმა (მეგობრებმა). მოკლედ ჩემო კარგებო, სამშაბათს კონტრაქტი უნდა გაგვეფორმებინა ჩვენს "ხაზეინთან", ბატონ ოდისეისთან (ახლაც ძლივს გავიხსენე სახელი, მე ყოველთვის დიონისეს ვეძახდი :) ). თუმცა დილიდანვე "ავკრიფეთ" მე და გიომ, საღამოს ხუთზე კი უკვე მის წინაშე ვიდექით და სხვადასხვა არგუმენტებით ვცდილობდით გაგვემართლებინა ჩვენი წამოსვლა იმ სოროდან, სადაც ორი დღე გავატარეთ. ბოლოს გიომ დაიჩივლა აბა რა ვქნა ბატონო ოდისეი (ამ "ბატონო ოდისეი" -ს ყოველ მეორე წინადადებაში წარმოსთქვავდა და ის კაცი ამაზე ხომ მთლად ცოფდებოდა) ფული არ გვაქვს ჯერ და ვერ გადაგიხდითო. მოკლედ ისე შემობრუნდა სიტუაცია, რომ  ოდისეიმ "გამოგვაგდო"  :))) ჩვენც ეს არ გვინდოდააა :) არადა გვეშინოდა ორი დღის რამე თანხა არ მოითხოვოსო ;) ნახევარი საათის შემდეგ 10 სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჩანთით ქუჩაში დავჩით. გიო წავიდა თავის ახლობლებთან, იქვე მეზობლად, რომ დახმარება ეთხოვა ბარგის გადატანაში. ბარგს კი სად გადავიტანდით თუ არა მეგობრებთან, რომლებიც ჩამოსვლის დღიდან ჩვენი მასპინძლები იყვნენ და არიან. ცოტა ხანში მოდის ბატონი ოდისეი და მეუბნება რომ დაგვეხმარება და ბარგის ნაწილს, რაც მის მოცუცქნულ მანქანაში ჩავა წაგვაღებინებს კამარაზე. კამარა არკაა, უძველესი, სადაც ყველაზე ცოცხალი უბანია, იქ ჩვენი მეგობრები ცხოვრობენ. ვუთხარი გიო მოვა და წაიყვანე ბარგიანად და რაც დარჩება მე ავტობუსით წამოვიღებო. 5 წუთში გავისტუმრე კამარაზე ოდისეი, მისი მეუღლე და გიო. მგონი ოდისეი სწორედ მეუღლემ დაანამუსა - ბიჭები სახლიდან გამოყარე და ბარგი მაინც წააღებინეო. თუმცა, როგორ გითხრათ რომ ცუდი კაცი იყო. უბრალოდ ფული ჭირდებოდა და რა ექნა. იმედია გააქირავა სახლი უკვე სხვებზე და ყველაფერი კარგადაა მისკენ. გიომ მითხრა, გზაში უამრავი ბოდიში მოიხადა ჩვენი ღია ცის ქვეშ დატოვების გამოვო. ასე თუ ისე, იმ "ტკბილ სახლს" დავემშვიდობეთ უმტკივნეულოდ. და კვლავ გადმოვცხოვრდით ჩვენს მეგობრებთან. შევეკედლეთ ორი გზა აბნეული ამირანს და დავიწყეთ ახალი "აპარტამენტის" ძებნა. სად აღარ ვიარეთ, რა აღარ ვნახეთ, თუმცა არადა არ ჩანდა ის რაც ჩვენ გვინდოდა და გვაწყობდა ყველანაირი თვალსაზრისით. ზოგი იაფი იყო, მაგრამ მთლად ცარიელი, ერთი სკამი და ჭიქაც კი არ იყო, გულ წასული კაცი რომ დაგესვა და წყლით მოგესულიერებინა. ზოგიერთი სახლი კი ნამეტანად გამოძეძგილი იყო "ვეშით", თუმცა ფასი ქონდა ისეთი,უცხოელი სტუდენტი კი არა, ადგილობრივების დიდი ნაწილი რომ ვერ შეწვდებოდა.
ასე ძებნაში გავლიეთ ორი დღე და ბოლოს მივადექით (ისევ ამირანის რჩევით) ქალბატონი ევის ოფისს. ევი ასე 45-50 წლის მაღალი, სრული ქალბატონია. აქვს საკუთარი სამაკლერო ფირმა და უამრავი სახლის გასაღები. აქ თითქმის ყველა ოფისი, რომელიც მსგავს საქმეშია საკმაოდ მაღალ დონეზეა აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. პირველ რიგში კომპიუტერით. ეს აუცილებელია. უწერიათ ფოლდერებში ბინების ფოტოები და ამ ელექტრო კატალოგის მეშვეობით მუშაობენ. თუმცა ევის კომპიუტერი არ ჭირდება, სულ ზეპირად იცის რომელი გასაღები რომელი სახლისაა, სადაა სახლი, რა დგას შიგნით, რამდენი ოთახია, რა ფერებია კედლები, რა მდგომარეობაშია ვანა-ტუალეტი, სამზარეულოში რამდენი ჭიქა დგას, მაგიდა რა ფერია და მოკლედ ყველა წვრილმანი. ევიმ რამოდენიმე კარგი ვარიანტი შემოგვთავაზა და შეხვედრაც დავგეგმეთ მათ სანახავად. მეორე დღეს მარტო მივედი, რადგან გიო ლექციებზე იყო, იქიდან მობრუნებული კი თავს ცუდად გრძნობდა (სურდო აქვს) და დაიძინა ამირანთან. მე წავედი და მთელი უბანი მოვიარე ამ მართლაც ენერგიით სავსე ქალბატონთან ერთად. ერთი გენახათ - ჩემზე მარდად ადიოდა კიბეებზე. ვნახეთ სახლი მეხუთე სართულზე, რომელსაც ლიფტი არ აქვს და ამიტომაც შედარებით დაბალი ფასი ქონდა. ორი ოთახით და საკმაოდ დიდი აივანით. ამ ვარიანტმა ძალიან მომხიბლა, გადაწყდა რომ ავიღებდით. (გიომ თქვა - გენდობიო, შენ აარჩიეო). ხოდა მეც ავარჩიე. თუმცა ერთ საათში გაირკვა რომ სახლის პატრონმა ჩვენი გაცნობის გარეშე სახლში შეშვება არ მოინდომა. ვითარება ასეთი იყო: მეპატრონე სხვა ქალაქში ცხოვრობს და ვერ ჩამოვიდოდა ორშაბათამდე. ევიმ უთხრა მე შევუშვებო, თუმცა სახლში დენი არ იყო. მე ვუთხრაი ორშაბათამდე ვერ დავიცდი უნდა შევიდე თქო. ევი რის ევი არის, მოიფიქრა- დაბლა "კიოსკი" გავაღოთო და იქიდან ჩაგირთავთო ჩუმადო ;) მოკლედ ამ სიკეთის ჟამს დარეკა მეპატრონის ცოლმა და ევის უთხრა მე პირადად ჩამოვალ ორშაბათს, უნდა გავიცნო მდგმურებიო. ევი ეკითხება - შენ გათხოვებას ხო არ აპირებო? რა უნდა გაიცნო გადაირიეო? მე რო გეუბნები სანდო ბიჭები არიან ესეიგი ასეაო, ეხლავე უნდა შევუშვაო. იმან კიდევ ერთი ამბავი დაიწია და მოკლედ ისეთი ჩხუბი ატყდა ბერძნულად, ტროას ომის მერე რომ არ ყოფილა ამ დალოცვილ მიწაზე :))) გათიშა ტელეფონი ევიმ და თქვა გიჟია ეს და მე კიდევ გიჟებთან საქმეს არ ვიჭერო, ასე გამოგვეცალა ხელიდან მეხუთე სართულის აპარტამენტი. თუმცა ერთი სართულით მაღლა ამომიყვანა, სხვა შენობაში და მაჩვენა სახლი, საიდანაც ეს პოსტია დაწერილი. ზუსტად ნახევარ საათში გადმოვბარგდი, აქვე ახლოსაა ბიჭების სახლი. ნამდვილად კაი სახლია, თუმცა აკლია მთელი რიგი ავეჯი, მაგრამ ეს არაფერია, მთავარია დავლაგდით ასე თუ ისე. წყალზე და დენზე პრობლემა არაა და ყველაფერი რაცაა სახლში, მუშაობს! :) დავლაგდით და გიომაც გაიღვიძა. ევი იცინოდა - დაიძინა უსახლკარომ და სახლიანმა გაიღვიძაო. "სანამ შენ გეძინა" გამახსენდა :))
ასე აიწონა-დაიწონა ჩვენი დაბინავების ამბები. კიდევ ბევრი მცირე დეტალი იყო, უბრალოდ თქვენი მოღლა არ მინდოდა და მოკლედ დავწერე. რაც მთავარია დავლაგდით და ახლა უკვე შემიძლია დავწყნარდე, მივხედო სწავლას. :))
მადლობა ყველას ვინც ღელავდა და მკითხულობდა, ვინც აშეარებს ჩემს პოსტებს!
გკოცნით, მომავალ პოსტამდეე!
;)

No comments:

Post a Comment