Monday, October 31, 2011

შემაჯამებელი პოსტი - ოქტომბერი

გამარჯობა!
როგორ ხარ?
ესაა თვის შემაჯამებელი პოსტი, რომელსაც ყოველი თვის დასასრულს შემოგთავაზებთ ;)
მოკლედ განვიხილავ და გავიხსენებ რა მოხდა ამ თვეში ჩემს გარშემო.

30 სექტემბერს ჩამოვედი. ძალიან დაღლილი და უძილო (ცოტა მშიერიც) ვიყავი და სიმართლე გითხრათ საბერძნეთი კი არა, ჩემი საოცნებო ესპანეთი და საფრანგეთიც არ მინდოდა იმ წუთას. თან აეროპორტიდან ამირანის სახლამდე თითქმის 2 საათი მოვდიოდით და ისე ავიცრუე გული ამ ორ საათში სალონიკზე, რომ მომდევნო ერთი კვირა მის შეყვარებას დასჭირდა. თუმცა რაღა დაგიმალოთ და ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ ეგაა და გული მაქ შექანებული აქაურობაზე თქო. თუმც უნდა ვაღიარო, უკვე მედარდება 1 აგვისტო, დღე როცა მე აქაურობას დავტოვებ :((( რა მეშველება ევროპაში ნაცხოვრებს და მის მაჯისცემას აყოლილს თელავში, მეც ვერ გამიგია. თუმც მანამდე ზუსტად 9 თვეა და ეს დრო მახარებს სწორედ.

ერთი კვირა სეირნობასა და სირბილს მოვანდომე, ყოველ დილით დავრბოდი, შუადღეს გავდიოდი სხვადასხვა პარკებში და ჩემს თავს ბერძნულ-ქართული ლექსიკონიდან გაკვეთილებს ვუტარებდი ბერძნულში. ეს იყო ყველაზე უდარდელი 7 დღე სალონიკში, მაგრამ იმედი მაქ მალე ისევ დაბრუნდება უდარდელობა . . .

შემდეგი კვირა ანუ მეორე უკვე ბინის ძებნას, ხელმძღვანელთან შეხვედრას და სხვადასხვა საბუთების გაკეთებას მოვანდომე. ბინაზე გადახდენილი ამბები ალბად გეცოდინებათ, თუ არადა გადახედეთ ძველ პოსტებს. მოკლედ მომღალა იმ მეორე კვირამ და თან იმდენად განსხვავებული ემოციეები მოქონდა ყოველ ახალ კვირას, რომ ძალიან ავიჭერი: ხან სიხარულისგან ვაფრენდი, რომ ამიხდა ოცნება და ევროპაში ვარ. ხან კი დეპრესია-მონატრებები მომივლიდნენ და ამ დროს მეწყებოდა "გაჭედვები", რომლების უმრავლესობამაც ძალიან უმტკივნეულოდ ჩაიარა, ახალი მეგობრების - ამირანის, ჯაბიკოს, გიოს და გულადის დახმარებით. და რაც მთავარია - ფხიზელმა გადავიტანე და ამიტომაც ავცდი ათას სისულელეს, რომლებსაც მე ვეძახი სისულელეებს, იმიტომ რომ მე არ შემფერის და მიყვარს, თორემ სხვებისათვის შეიძლება უწყინარი გართობაც იყოს ;)

მოკლედ ასე ჩაიარა ნახევარმა თვემ.

თვის მეორე ნაწილშიც დალაგება და გაცნობა მიდიოდა, ნელ-ნელა ვსწავლობდი ახალ უბანს, ახალ ცხოვრების სტილს, რომელსაც უნდა მოერგო, თუ არადა წასულია შენი საქმე, თანაც ჩემნაირ მჭამელ კაცს ეს არ უნდა გამოეპაროს. სულ ზეპირად შევისწავლე მესამე კვირეულში, აქაური სუპერმარკეტის მუშაობის საათები, დღეები, ავტობუსის რეისები, იაფიანი მაღაზიები, ნაკლებად ვსეირნობდი, უფრო სახლის საქმეებს მივყავი ხელი.

ბოლო კვირაში კი ნამდვილი ოჯახის კაცი გავხდი. ინდივიდუალურ ცხოვრებას ადრეც ვეწეოდი -  ბანაკებსა და არდადეგებზე, მაგრამ ასე მარტოდ ალბად არც არასოდეს ვყოფილვარ, ხოდა დავიწყე სწავლა - რეცხვა, საჭმლის მომზადება, დალაგება და ა.შ.
ეს ბოლო კვირაც სახლის მოწყობას შევალიე ძირითადად და როგორც იქნა დავლაგდი!

სულ ეს იყო მშრალად და მოკლედ.

თუმცა მინდა დავწერო რისი კეთება მოვახერხე და რისი ვერა. ამას იმიტომ, რომ ჩემს თავს, ჩემს მეორე მეს (რომელიც ძალიან კრიტიკოსი და წუწუნაა) შევახსენო, რომ მთლად უქმად არ ჩაუვლია ამ ერთ თვეს და ცოტა ხანს მაინც დამანებოს თავი, შეეშვას ჩემს სინდისს და მის ქეჯნას. ასე რომ უცხო მეორევ, თავში რომ მიზიხარ იცოდე:

ეს ერთი თვე ერთ დღესაც არ ჩამიგდია ვარჯიში :)
ეს ერთი თვე ერთი წვეთი ალკოჰოლიც არ ჩამიშვია პირში :)
და ეს ერთი თვე პერმანენტულად ვწერ დღიურს, რომელსაც ვერასოდეს ვერ მოვაბი თავი, და საერთოდაც ეს სამი აქტივობა არასოდეს გამომსვლია ამდენი ხნის მანძილზე მანდ, საქართველოში ;)
მგონია კაია, თუმცა ახლა ვაღვიძებ მეორე მეს :

არ მიმეცადინია ინგლისური,
ხელიც არ მიხლია ჩემი თემისთვის,
შევწყვიტე სირბილი, ბერძნულის გაკვეთილები.

ესეც ჩემი აღსარება და საქმეები, რომლებიც მომავალი თვის პრიორიტეტებია, ძველ აქტიბობებთან ერთად.
იმედია, ნოემბრის შემაჯამებელ პოსტში, მათ კვლავ შევხვდებით, ოღონდ როგორც შესრულებულ და ასრულებულ "რამე-რუმეებს" (მიყვარს ეს ყოვლისმომცველი სიტყვები) :)
ასე რომ შემაჯამებელი უცხო ერთი თვით (თავის კრიტიკოს მეორე მესთან ერთად), მე კი რომელიც 2-3 დღეში ერთხელ დებს პოსტებს დროებით გემშვიდობებით ;)
გკოცნით, მენატრებით ;)
მომავალ პოსტამდე!

Sunday, October 30, 2011


დაგვიანებული პოსტი
გამარჯობა, როგორ ხარ?
მე კარგად. ძველებურად, თითქმის უცვლელადაა მდგომარეობა აქეთ, თუმცა არც ისე, როგორც მანდ ცრუვიზიები აცხადებენ, არც დიდი შეტაკებები მინახავს მომიტინგეებსა და პოლიციას შორის და არც ქართველებით გაძეძგილი მანქანების კოლონა, რომლებიც ტოვებენ ყველაფერს და თავქუდმოგლეჯილი გამორბიან საქართველოში.
პოსტი 4 დღის წინ უნდა დამედო, მაგრამ მოხდა ერთი სამწუხარო ამბავი - ჩემი ლეპტოპი გაფუჭდა. თანაც ისე, არავითარი გადაინსტალება რომ არ უშველის, ახლაც ხელოსან ანჯელოსთან იმყოფება და ელოდება როდის დასრულდება ეს გაუთავებელი ჰოლიდეები, რომ გამომჯობინდეს და დამიბრუნდეს ;)

სალონიკს ცრემლების არ სჯერა
ორი დღის წინ დასრულდა ჩვენი მეგობრების ოდისეა სალონიკსა და ზოგადად საბერძნეთში. მასტერები, რომლებიც ზუსტად 20 თვის წინ ჩამოვიდნენ ამ მზიან მხარეში უკან, საქართველოში გამოფრინდნენ.
ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღე. თელაველებს ჯაბიკოს, ამირანს და ქეთის  ფრენა შუადღისით ქონდათ, ბათუმელებსა და თბილისელებს კი მეორე დღის გამთენიისას.
დილით კომპი მივიტანე ანჯელოსთან და იქ აღმოვაჩინე, რომ სატენი ბიჭებთან დამჩენოდა. გავიქეცი, სახლში ჯაბა და მამამისი დამხვდნენ. ნოდარი ძია ძალიან დიდი ხანია არ მენახა. ის მამაჩემის მეგობარი იყო და როგორც თვითონაც გაიხსენა საკმაოდ ხშირად სტუმრობდა ჩვენ ოჯახს. ერთ დროს ჩვენ მეზობლები ვიყავით, მერე ისინი გადაცხოვრდნენ. სიმართლე გითხრათ მე ჯაბას ფაქტიურად არც კი ვიცნობდი, მხოლოდ ვიცოდი, რომ ის ერთ დროს ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა. ფაქტიურად სალონიკში გავიცანი ეს მართლაც გამორჩეული, მხიარული და ძალიან უშუალო პიროვნება, რომელიც თავისთავზე მესამე პირში საუბრობს და ყველას უსწორებს - ჯაბა არა, ჯაბიკო დამიძახეთო J საერთოდაც უნდა აღინიშნოს, ეს მასტერების ნაკადი ნამდვილად დახუნძლული იყო ასეთი ინდივიდუალისტი და გამოკვეთილად ჩამოყალიბებული, ძალიან საინტერესო სტუდენტებით. არ დამეზარება გავიხსენო ნებისმიერი მომენტი, სადაც მე ამას ვგრძნობდი. უბრალოდ შორს წაგვიყვანს ეს საუბარი. მოკლედ იმას ვყვებოდი, ჯაბიკოსთან რომ მივედი, ყველაფერი ჩაბარგებული ქონდა, ამირანი გასული იყო საყიდლებზე. მე ჩემი დამტენი ავიღე და გავიქეცი ანჯელოსთან. შემდეგ ინგლისურის კურსებზე ჩასაწერად წავედით მე, გულადი და მირანდა. გულადი ნამდვილი განძი იყო ჩვენთვის, ვინც საბერძნეთის და საერთოდ ამ ქალაქის აზზე არ ვიყავით. არასოდეს დაზარებია რაიმე კონკრეტულ ადგილზე გამოყოლა, დაკვალიანება.ფაქტიურად მან შეგვასწავლა ყველა ის ოფიციალური თუ არაოფიციალური (ხრიკს რომ ვეძახით ჩვენ) გზა, რომელიც აუცილებელია სტუდენტისთვის, რომ აქ თავი იგრძნოს კარგად. დაგვყვებოდა ყველგან - სასწავლებელში, საავადმყოფოში, მაღაზიებში. სულ დაგვაზეპირებინა სად რა და როგორ იყიდება. როგორ უნდა მოიქცე, რომ არ მოგატყუონ ვაჭრობისას. როგორ უნდა გადაიღო იაფი ფოტოები, რომლებსაც ყოველ ნაბიჯზე გვთხოვდნენ ჩამოსვლისას საბუთების გამო. როგორ უნდა იმგზავრო იაფად, როგორ უნდა მიიღო უფასო ინტერნეტი, როგორ უნდა გაერთო, როგორ უნდა იკვებო, დაიძინო, გაიღვიძო. ეს ადამიანი იყო ჩვენი გიდი და ჩვენი მასწავლებელი, თანაც პროფესიონალი, ნამდვილი და შეუდარებელი...
 მოკლედ, შუადღეც მოახლოვდა. დავიძარით მე და ჩემი რუმმეითი გიო ბიჭების სახლისაკენ. იქ უკვე მოეყარათ თავი ყველა წამსვლელსა თუ გამცილებელს. საკმაოდ სევდიანი სიტუაცია სუფევდა, ერთადერთი რაც ამ ყველაფერს არღვევდა იყო ის ფუსფუსი ნებისმიერ გამგზავრებას რომ ახლავს თან. ჩამოვაბარგეთ მესამე სართულიდან ბარგი, მივიტანეთ კორპუსის გვერდით, უძველეს ნანგრევებთან და გავჩერდით. აქ ნაწილი სტუდენტების დაემშვიდობნენ ჩემს თანქალაქელებს, ნაწილმა კი გავაგრძელეთ გზა გაჩერებამდე, სადაც აეროპორტის ავტობუსი უნდა მოსულიყო. ყველა დამშვიდობებას, თუ ის რა თქმა უნდა ახლობელ და საყვარელ ადამიანებს აშორებს, ახლავს ცრემლი. თუმცა ცრემლი უფრო გოგოებს მოადგათ, ბიჭებს კაცურად ეჭირათ თავი, მაგრამ სევდა მაინც იკითხებოდა მათ თვალებში. ცოტა ხანში მივაღწიეთ გაჩერებას, ჯაბა როგორც ყოველთვის მხიარულ განწყობაზე იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, მას ყველაზე მეტად არ უნდოდა ამ ადგილის დატოვება , მაინც ხუმრობდა. მეც ათას სისულელეებს ვაბარებდი თელავში და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ უმტკივნეულოდ ჩაევლო ამ პროცესს. ავტობუსიც მოვიდა. გადავეხვიეთ ერთმანეთს, მხოლოდ ამირანს ვერ ჩავეხუტე. კაცს, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე იყო ჩემი მასპინძელი, რომელიც საშინელი პახმელიის მიუხედავად დამხვდა აეროპორტში და მიპატრონა, როგორც საკუთარ ძმას. კაცს, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გაუგოს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ სიტუაციაში იყოს მშვიდი და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. სალონიკში ჩამოსვლამდე ამოს არც კი ვიცნობდი, მხოლოდ შორიდან თუ მოვიკითხავდით ერთმანეთს და ალბად ეს ქალაქი რომ არა ვერც გავიცნობდი ასეთ მაგარ ადამიანს. თუმცა როგორც მოგახსენეთ დამშვიდობება ვერ შევძელი, ისეთი ამბავი ატყდა ავტობუსში . . . ხალხი ლამის ფანჯრებიდან ცვიოდა, გადატენილი იყო ყველა კუთხე-კუნჭული, სულ ძალით, ხელ-ფეხის სრული მიშველიებით ვტენიდით ჩემოდნებს. გიო, როგორც ჩვევია ქართულად გასძახოდა მგზავრებს - ხალხო გადაიწიეთ ცოტაოოო. J ჩემოდანი ჩემოდანს დავადეთ, ხალხიც ცოოოტათი შევაწუხეთ და დაიძრა ავტობუსი. წავიდა ყველაზე ჩემიანი ხალხი . . . დავჩით მე და გიო მარტო L
            შუადღეს კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გადამხდა, თუმცა ამას ცალკე მოვყვები,მინდა ეს პოსტი მთლიანად დავუთმო ჩვენი მეგობრების გამგზავრებას.
            ღამით გულადიმ დაგვირეკა, რაღაც-რუღაცეები, რაც აღარ ჭირდებოდა და ტოვებდა, გადმოგვცა. მაგალითად საკვები, ჭურჭელი, სხვადასხვა საჭირო ნივთები - კარტი, კალამი, სარეცხი ფხვნილი და მოკლედ წვრილმანები, რომლებიც ასე აკლდა ჩვენ სახლს. :)
             მერე ცოტა წავუძინეთ, საათი ზუსტად 03:30-ზე დავაყენეთ.
             მაღვიძარას ხმაზე წამოვხტით და გავქანდით ბიჭების სახლისაკენ, კამარაზე, ანუ იქ სადაც ჩვენ ვართ, როგორც ყოველთვის ხალხი მოძრაობდა, აქ დროს მნიშვნელობა არ აქვს. ხალხითაა ქუჩები სავსე, დადიან გაღიმებულები და გალაღებულები. . . 
           2 წუთში უკვე გიოსთან ვიყავით და გულადის მოლოდინში "გულიანად" ვაცარიელებდით მე ბიჭების სამზარეულოს და გიო კი მათ ოთახებს :) ბათუმელმა გიომ თქვა,რაც ჩვენი ნაყიდია და არ მიგვაქ წაიღეთო. ჩვენც გავავსეთ ცელოფნის პარკები "ნაძარცვით". მგონი გულადის და გიოს ვაჯობეთ ბარგის სიმძიმეში.:)
           20 წუთში უკვე ჩამოვბარგდით, ბარგის ნაწილი და გულადი მანქანით გავუშვით.სიმართლე გითხრათ ჩვენ ორივეს ძალიან მივეჩვიეთ და მათთან დამშვიდობება ძნელი იყო. გადავეხვიეთ ჯერ გულადის. ცოტა ხანში კი გიოსაც. სხვათაშორის ბოლო ხანებში გიოსთან უფრო ხშირად მომიხდა შეხვედრა და ძალიან კარგად გავიცანი. 
ყოველთვის მხიარული, იუმორით სავსე და ჯიგარი ადამიანი, რომელიც დღენიადაგ დასალევს მთავაზობდა და თან დააყოლებდა თვითონვე- ააა შენ ხო არ სვავ, დამავიწყდაო. ადამიანი, რომლის მომზადებულ საჭმელსაც ყოველთვის აღტაცებაშიმოვყავდი.(სამწუხაროდ რეცეპტების ჩაწერა დამავიწყდა). მოკლედ კიდევ ბევრი მოგონებებია მასთან დაკავშირებული, შორს წაგვიყვანს ახლა.                                                                                     დავემშვიდობეთ გიოსაც, უფრო სწორად მე დავემშვიდობე, გიო აეროპორტშიც წავიდა, გოგოებს უნდა დავემშვიდობოოო. მათთან ერთად მიფრინავდნენ ბათუმელი და თბილისელი მაგისტრანტები.
                ასე წაგვივიდნენ ჩვენი მასპინძლები და პატორნები, რომლებიც რომ არა, ნამდვილად დავიკარგებოდით ამ უშველებელ ქალაქში და ვინ იცის რა იქნებოდა საერთოდ ჩვენს თავს. :) რამოდენიმე დღეა წავიდნენ და ხან მე ვახსენებ, ხან გიო. ბიჭებო თუ კითხულობთ, იცოდეთ სულ თქვენ ხსენებაში ვართ და მოგვენატრეთ! ;)
               მინდა წარმატებები ვუსურვო ყველას ვინც ამ ნაკადზე იყო ჩამოსული!
თქვენ კი კეთილი სურვილებით გემშვიდობებით!
მომავალ პოსტამდე!
               :)

Thursday, October 20, 2011

ზოგი ადის, ზოგი ჩადის . . .


 მუნიციპალიტეტი

ორი დღის წინ ქალაქის მუნიციპალიტეტში ვიყავით წასული სტუდენტები დროებითი მოქალაქეობის საბუტების გასაკეთებლად. მოკლედ მინდა ავღწერო იქ არსებული სიტუაცია და შევადარო ჩვენსას, სიმართლე გითხრათ იშვიათად მიწევს თელავში სახელმწიფო სტრუქტურებში მისვლა, მაგრამ მაინც, რაღაც ჩემეული წარმოდგენები მაქვს.
დავიწყოთ იმით, რომ ხალხი აზზე არაა სადაა ეს მუნიციპალიტეტი. ქუჩა სადაც ეს შენობაა, არის ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ქუჩა, სადაც იმდენად დავიკარგეთ, რომ უკვე გამოტრიალებას ვგეგმავდით. როგორც იქნა მივაგენით და ავედით მეოთხეზე.  მიგვასწავლეს ქსეროქსი, რომელიც ერთ მოცუცქნულ ოთახში იყო. არაფერი გამორჩეული. ჩვეულებრივი ოფისი, ორი თანამშრომლით. ერთი ხუმარა კაცი მუშაობდა და მე მეუბნება, შენზე 5 ევროაო, 4 მივეცი და ვეძებ ერთ ევროიანს და უცბად სერიოზული სახით მთავაზობს -  თუ გინდა შენი ქუდი დამიტოვე, 1 ევროს ნაცვლადო. ჩემ შლაპას უყურებს და თან სერიოზული უჭირავს. ბოლოს გაეცინა J მეც გავუღიმე და მივეცი ერთ ევროიანი. აქ ყველა თითქმის ასეთი ტიპია, უდარდელები, სულ ხუმრობის ხასიათზე არიან. ქუჩაში რომ გაივლი ვერ ნახავ ცხვირ ჩამოშვებულ ან დაბოღმილ ბერძენს. თუ ვინმე შეწუხებული მოდის -ქართველია. ისე გავიწაფე უკვე ქართველების ცნობით, შემირცხვენია პროფესიონალი დეტექტივი. მოკლედ ძალიან ავცდი თემას. ისევ მუნიციპალიტეტს დავუბრუნდეთ.
ქსეროქსები მოვითავეთ და დავბრუნდით მთავარ ოფისში, მეოთხეზე. რაღაცით ქართულ მომსახურების სააგენტოებს კი გავდა, მაგრამ სხვაობა აშკარა იყო.
  1.      ყველას ის ეცვა, რაც თვითონ უნდოდა, ანუ უნიფორმები არ აქვთ ამათ.
  2.     ვინ როდის ისვენებდა ვერ გაიგებდი, რიგი მომიწია ჩემი და მივედი თუ არა, კაცი მპასუხობს - ვისვენებო. ენდაქსი - ოკ-თქო. მგონია ადგება და ფრაპეს დასალევად გავა. ამან კი ამოიღო ცელოფნიდან კაი ჯიგრული ჰამბურგერი და დაიწყო იქვე ჭამა, ასე 10 წუთი გაგრძელდა, სული მოითქვა და მოუბრუნდა სამუშაოს.
  3.         საკმაოდ ხმაურიანი ოფისია. მე, სადაც ქართულ ოფისებში მომიწია ბოლო დროს საბუთებზე მისვლა, ყველგან საკმაოდ წყნარი სიტუაცია იყო, იღიმიან თანამშრომლები და დაბალ ტონალობაში ემსახურებიან კლიენტებს. აქ კი ბაზარი გეგონებოდა - გადაძახილ-გადმოძახილი, ჩხუბი, კამათი. მე ყველაზე დალაგებული ქალი შემხვდა, დანარჩენები გამოლანძღეს. არბენინეს აქეთ-იქით.

მოკლედ ჩემი სუბიექტური შეფასებით ამ სფეროში ჩვენ ბერძნებზე გაცილებით წინ ვართ.

ბიზანტიური კულტურის მუზეუმი

ამავე დღეს მიწვეულები ვიყავით ბიზანტიური კულტურის მუზეუმში, რომელიც რატომღაც შორს გვეგონა, ბოლოს კი აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი სახლიდან არც ისე შორს ყოფილა, არადა ავტობუსს მოვატარებინეთ თავი შორიდან. წასვლისას ვიდეო ბლოგის გაკეთება ჩავიფიქრე. დავტენე ჩემი სონის კამერა და ბედნიერი წავედი. ცოტა დავაგვიანეთ, თუმცა რომ მივედით ჯერ შესავალ სიტყვას ამბობდა ჩვენი გიდი ათინა, რომელიც არის ასევე ძველი ბერძნული ცივილიზაციის პროფესორი და ერასმუსელებს უკითხავს ლექციებს. შესვლისათანავე მოვიხიბლე მუზეუმის არქიტექტურით. ესაა ძველ ბერძნულ სტილში აგებული მუზეუმი, რომელიც სავსეა უამრავი უნიკალური ნივთებითა და არტეფაქტებით. სიმართლე გითხრათ გადაღებას გადავყევი, ათინას ხან არც კი ვუსმენდი. მინდოდა თქვენთვის მთელი 8 ოთახი, რომელიც 3 საათის მანძილზე შემოვიარეთ მილიმეტრებში მეჩვენებინა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემმა კამერამ დამაღალატა. უფრო სწორად კი დრაივერმა, რომელიც ვინდოუს 7-ს არ აღმოაჩნდა და ჩემი ნახევარ საათიანი ვიდეო პოსტი წყალში ჩამეყარა. თუმცა ჩემთან ერთად იყვნენ ქართველი ბაკალავრები, რომლებმაც პროფესიონალურ ფოტო კამერაზე აღბეჭდეს იქაურობა და შევეცდები უახლოეს ხანში გამოვაგზავნინო ფოტოები და დავპოსტო.

Good By My friends!

გუშინ გამოსამშვიდობებელი ფართი გაიმართა. ერასმუსის ოფისმა ძველი და ახალი სტუდენტები აქაურ საკმაოდ მაღალი დონის რესტორანში დაგვპატიჟა. მიზანი ძველებისათვის გამოსამშვიდობებელი ფართის მოწყობა იყო, ასევე ახლების გაცნობა. ერთ დიდ დარბაზში მოიყარა თავი ქართველებმა, აზერებმა, სომხებმა, სერბებმა, ტაჯიკებმა. ძალიან კარგად გვემსახურებოდნენ რესტორანის პერსონალი. წითელი ღვინო, ალაფუშეტი, სასიამოვნო მუსიკა, სამახსოვრო ფოტოები . . . მოკლედ ჩვენ ახლები ძალიან ბედნიერად ვგრძნობდით თავს, ძველების თვალებში, რომლებიც საცაა უკვე დატოვებენ ამ მზიან მხარეს, სევდა დავინახე. სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან შევეჩვიე ბიჭებს: ამირანს,ჯაბიკოს, გიოს, გულადის. სამწუხაროა, რომ მიდიან. მინდა წარმატებები ვუსურვო საქართველოში და იმედს ვიტოვებ კვლავ დაუბრუნდებიან ამ ქვეყანას! ეხ რას შევცვლით, ასეთია ამ პროექტის ფორმატი, ზოგი ადის, ზოგი ჩადის :(
ბოლოს სერთიფიკატები გადასცეს და დროშებითა თუ ჭიქებით ხელში საერთო ფოტოებიც გადაიღეს. ეეეხ, 9 თვეში მეც იგივე მელის და ამაზე რომ დავიწყე ფიქრი, საკმაოდ უცხო გრძნობა გამიჩნდა. J თითქოს უკვე ვდარდობ იმაზე, რომ აქაურობა უნდა დავტოვო. L
თუმცა წასვლამდე ძალიან დიდი დროა. უამრავი საქმე მაქვს გასაკეთებელი, უამრავი პოსტია დასადები. J
საღამოს ფართის გაგრძელება დაიგეგმა. აქვე ახლოს ქართული რესტორანი „დაისია“, სადაც წამსვლელ-დამრჩენებმა მოიყარეს თავი. მე სახლში დავრჩი და როგორც იქნა დავასრულე „თელავური სერიების“ #16 ნომრის აწყობა. სამწუხაროდ სახლიდან მიჩვეული, ადვილად ვეღარ ვდებ ნეტში ჟურნალს, მაგრამ ჩემს ფაცე კედელზე თუ შეიჭყეტავთ იქ შეგიძლიათ მისი ნახვა და დაშეარება. 

ასეთი ამბებია აქეთ.
ახლა აქ გაფიცვებია, უნდა დავაკვირდე და ამას ცალკე პოსტი მივუძღვნა.
მოკლედ გემშვიდობებით . . .
მომავალ პოსტამდე ;)



Monday, October 17, 2011

ფოტოები #1

გამარჯობა,
გთავაზობთ პოსტს, რომელიც ფოტოებისაგან შედგება მხოლოდ. ესაა სალონიკის სურათები.
ავტორი ჯაბა გილაძე.
მადლობა ჯაბიკოს დახმარებისათვის! ;)












Το Βε Continued . . . 

Saturday, October 15, 2011

აიწონა-დაიწონა

გამარჯობა!
რამოდენიმე დღეა აღარ დამიწერია . . . აცივდა, წვიმებმაც უხშირა. ნელ-ნელა მზიანი საბერძნეთი წვიმიან და ნესტიან ქვეყანად გადაიქცა, თუმცა რაც აქ არ მინახავს ეს ქარია, რომელიც ასე ხშირად მაწუხებს ხოლმე საქართველოში (არ მიყვარს ქარი, რაღაცნაირ შიშს იწვევს ჩემში).
ამინდის ცვალებადობის გარდა, ჩვენსკენ (ვგულისხმობ საკუთარ თავსა და ჩემს Roommates გიოს, გახსოვთ ალბად წინა პოსტიდან) სხვა ცვლილებიცაა. როგორც იქნა წერტილი დაესვა საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებულ პრობლემას. ორშაბათს ვწერდი "ტკბილ სახლზე" და ამ ისტორიის დასასრულზე ბევრი კითხვა დამისვეს მკითხველებმა (მეგობრებმა). მოკლედ ჩემო კარგებო, სამშაბათს კონტრაქტი უნდა გაგვეფორმებინა ჩვენს "ხაზეინთან", ბატონ ოდისეისთან (ახლაც ძლივს გავიხსენე სახელი, მე ყოველთვის დიონისეს ვეძახდი :) ). თუმცა დილიდანვე "ავკრიფეთ" მე და გიომ, საღამოს ხუთზე კი უკვე მის წინაშე ვიდექით და სხვადასხვა არგუმენტებით ვცდილობდით გაგვემართლებინა ჩვენი წამოსვლა იმ სოროდან, სადაც ორი დღე გავატარეთ. ბოლოს გიომ დაიჩივლა აბა რა ვქნა ბატონო ოდისეი (ამ "ბატონო ოდისეი" -ს ყოველ მეორე წინადადებაში წარმოსთქვავდა და ის კაცი ამაზე ხომ მთლად ცოფდებოდა) ფული არ გვაქვს ჯერ და ვერ გადაგიხდითო. მოკლედ ისე შემობრუნდა სიტუაცია, რომ  ოდისეიმ "გამოგვაგდო"  :))) ჩვენც ეს არ გვინდოდააა :) არადა გვეშინოდა ორი დღის რამე თანხა არ მოითხოვოსო ;) ნახევარი საათის შემდეგ 10 სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჩანთით ქუჩაში დავჩით. გიო წავიდა თავის ახლობლებთან, იქვე მეზობლად, რომ დახმარება ეთხოვა ბარგის გადატანაში. ბარგს კი სად გადავიტანდით თუ არა მეგობრებთან, რომლებიც ჩამოსვლის დღიდან ჩვენი მასპინძლები იყვნენ და არიან. ცოტა ხანში მოდის ბატონი ოდისეი და მეუბნება რომ დაგვეხმარება და ბარგის ნაწილს, რაც მის მოცუცქნულ მანქანაში ჩავა წაგვაღებინებს კამარაზე. კამარა არკაა, უძველესი, სადაც ყველაზე ცოცხალი უბანია, იქ ჩვენი მეგობრები ცხოვრობენ. ვუთხარი გიო მოვა და წაიყვანე ბარგიანად და რაც დარჩება მე ავტობუსით წამოვიღებო. 5 წუთში გავისტუმრე კამარაზე ოდისეი, მისი მეუღლე და გიო. მგონი ოდისეი სწორედ მეუღლემ დაანამუსა - ბიჭები სახლიდან გამოყარე და ბარგი მაინც წააღებინეო. თუმცა, როგორ გითხრათ რომ ცუდი კაცი იყო. უბრალოდ ფული ჭირდებოდა და რა ექნა. იმედია გააქირავა სახლი უკვე სხვებზე და ყველაფერი კარგადაა მისკენ. გიომ მითხრა, გზაში უამრავი ბოდიში მოიხადა ჩვენი ღია ცის ქვეშ დატოვების გამოვო. ასე თუ ისე, იმ "ტკბილ სახლს" დავემშვიდობეთ უმტკივნეულოდ. და კვლავ გადმოვცხოვრდით ჩვენს მეგობრებთან. შევეკედლეთ ორი გზა აბნეული ამირანს და დავიწყეთ ახალი "აპარტამენტის" ძებნა. სად აღარ ვიარეთ, რა აღარ ვნახეთ, თუმცა არადა არ ჩანდა ის რაც ჩვენ გვინდოდა და გვაწყობდა ყველანაირი თვალსაზრისით. ზოგი იაფი იყო, მაგრამ მთლად ცარიელი, ერთი სკამი და ჭიქაც კი არ იყო, გულ წასული კაცი რომ დაგესვა და წყლით მოგესულიერებინა. ზოგიერთი სახლი კი ნამეტანად გამოძეძგილი იყო "ვეშით", თუმცა ფასი ქონდა ისეთი,უცხოელი სტუდენტი კი არა, ადგილობრივების დიდი ნაწილი რომ ვერ შეწვდებოდა.
ასე ძებნაში გავლიეთ ორი დღე და ბოლოს მივადექით (ისევ ამირანის რჩევით) ქალბატონი ევის ოფისს. ევი ასე 45-50 წლის მაღალი, სრული ქალბატონია. აქვს საკუთარი სამაკლერო ფირმა და უამრავი სახლის გასაღები. აქ თითქმის ყველა ოფისი, რომელიც მსგავს საქმეშია საკმაოდ მაღალ დონეზეა აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. პირველ რიგში კომპიუტერით. ეს აუცილებელია. უწერიათ ფოლდერებში ბინების ფოტოები და ამ ელექტრო კატალოგის მეშვეობით მუშაობენ. თუმცა ევის კომპიუტერი არ ჭირდება, სულ ზეპირად იცის რომელი გასაღები რომელი სახლისაა, სადაა სახლი, რა დგას შიგნით, რამდენი ოთახია, რა ფერებია კედლები, რა მდგომარეობაშია ვანა-ტუალეტი, სამზარეულოში რამდენი ჭიქა დგას, მაგიდა რა ფერია და მოკლედ ყველა წვრილმანი. ევიმ რამოდენიმე კარგი ვარიანტი შემოგვთავაზა და შეხვედრაც დავგეგმეთ მათ სანახავად. მეორე დღეს მარტო მივედი, რადგან გიო ლექციებზე იყო, იქიდან მობრუნებული კი თავს ცუდად გრძნობდა (სურდო აქვს) და დაიძინა ამირანთან. მე წავედი და მთელი უბანი მოვიარე ამ მართლაც ენერგიით სავსე ქალბატონთან ერთად. ერთი გენახათ - ჩემზე მარდად ადიოდა კიბეებზე. ვნახეთ სახლი მეხუთე სართულზე, რომელსაც ლიფტი არ აქვს და ამიტომაც შედარებით დაბალი ფასი ქონდა. ორი ოთახით და საკმაოდ დიდი აივანით. ამ ვარიანტმა ძალიან მომხიბლა, გადაწყდა რომ ავიღებდით. (გიომ თქვა - გენდობიო, შენ აარჩიეო). ხოდა მეც ავარჩიე. თუმცა ერთ საათში გაირკვა რომ სახლის პატრონმა ჩვენი გაცნობის გარეშე სახლში შეშვება არ მოინდომა. ვითარება ასეთი იყო: მეპატრონე სხვა ქალაქში ცხოვრობს და ვერ ჩამოვიდოდა ორშაბათამდე. ევიმ უთხრა მე შევუშვებო, თუმცა სახლში დენი არ იყო. მე ვუთხრაი ორშაბათამდე ვერ დავიცდი უნდა შევიდე თქო. ევი რის ევი არის, მოიფიქრა- დაბლა "კიოსკი" გავაღოთო და იქიდან ჩაგირთავთო ჩუმადო ;) მოკლედ ამ სიკეთის ჟამს დარეკა მეპატრონის ცოლმა და ევის უთხრა მე პირადად ჩამოვალ ორშაბათს, უნდა გავიცნო მდგმურებიო. ევი ეკითხება - შენ გათხოვებას ხო არ აპირებო? რა უნდა გაიცნო გადაირიეო? მე რო გეუბნები სანდო ბიჭები არიან ესეიგი ასეაო, ეხლავე უნდა შევუშვაო. იმან კიდევ ერთი ამბავი დაიწია და მოკლედ ისეთი ჩხუბი ატყდა ბერძნულად, ტროას ომის მერე რომ არ ყოფილა ამ დალოცვილ მიწაზე :))) გათიშა ტელეფონი ევიმ და თქვა გიჟია ეს და მე კიდევ გიჟებთან საქმეს არ ვიჭერო, ასე გამოგვეცალა ხელიდან მეხუთე სართულის აპარტამენტი. თუმცა ერთი სართულით მაღლა ამომიყვანა, სხვა შენობაში და მაჩვენა სახლი, საიდანაც ეს პოსტია დაწერილი. ზუსტად ნახევარ საათში გადმოვბარგდი, აქვე ახლოსაა ბიჭების სახლი. ნამდვილად კაი სახლია, თუმცა აკლია მთელი რიგი ავეჯი, მაგრამ ეს არაფერია, მთავარია დავლაგდით ასე თუ ისე. წყალზე და დენზე პრობლემა არაა და ყველაფერი რაცაა სახლში, მუშაობს! :) დავლაგდით და გიომაც გაიღვიძა. ევი იცინოდა - დაიძინა უსახლკარომ და სახლიანმა გაიღვიძაო. "სანამ შენ გეძინა" გამახსენდა :))
ასე აიწონა-დაიწონა ჩვენი დაბინავების ამბები. კიდევ ბევრი მცირე დეტალი იყო, უბრალოდ თქვენი მოღლა არ მინდოდა და მოკლედ დავწერე. რაც მთავარია დავლაგდით და ახლა უკვე შემიძლია დავწყნარდე, მივხედო სწავლას. :))
მადლობა ყველას ვინც ღელავდა და მკითხულობდა, ვინც აშეარებს ჩემს პოსტებს!
გკოცნით, მომავალ პოსტამდეე!
;)

Monday, October 10, 2011

ორშაბათი

2 დღეა წვიმს, მაგრად აცივდა. ხალხიც ერთიანად გადავიდა საზაფხულოდან საზამთრო ტანსაცმელზე. იმედია მალე გამოიდარებს.

Home, sweet home


რაც აქ ჩამოვედი მეგობრებთან ვცხოვრობდი. ერთი კვირა დავეძებდი სახლს და ბოლოს როგორც იქნა ვიპოვეთ მე და გიომ. გიო ბაკალავრია, გორის უნივერსიტეტიდან. ვიპოვეთ და გადავწყვიტეთ გადასვლა. ორი ოთახია, სამზარეულოთი და საპირფარეშოთი. დიდი არაფერი, მაგრამ ისეთია რა სტუდენტებს რო შეეფერებათ. თავისებური სტუდენტური სივიწროვითა და რომანტიკით :) რომანტიკას კი უამრავი ნივთის უქონლობა ქმნის, სახლი თითქმის ცარიელი დაგვხვდა, აქ ავეჯიან ბინებს ცეცხლის ფასი აქ. ჩვენც რაც შევძელით მოვაკოწიწეთ და გუშინ გადავბარგ-ბარხანავდით. თუმცა, სახლი, ტკბილი სახლი არც ისეთი ტკბილი აღმოჩნდა. პირველივე დღეს დაგვაღალატა სველმა წერტილებმა და ახლა ვართ ხელოსნის მოლოდინში :( გიო ფიქრობს რომ სხვა სახლი უნდა მოვძებნოთ, მეც ხან გიოს ვეთანხმები და ხან კიდევ იმ ხმას, რომელიც გულის სიღრმიდან დარჩენას მკარნახობს. სახლს ერთი მინუსი აქვს კიდე, გვარიანად მულტი კულტურულ უბანშია ანუ ჩვენებურად რო ვთქვათ "ჭრელი" ხალხი ირევა რა. ვნახოთ საით გადაწონის სასწორი, ჯერ-ჯერობით კი უინტერნეტოთ ვართ და პოსტი, რომელსაც შენ კითულობ ისევ მეგობრების სახლიდანაა დაწერილი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მასპინძლობისათვის ამირან ჯეირანაშვილს, ჯაბა გილაძეს და გიო აროშიძეს. ისინი რომ არა ძალიან გამიჭირდებოდა ადაპტაცია და საერთოდ დავიკარგებოდი ალბად. ;) მადლობა მეგობრებო და წარმატებები!

საავადმყოფო


დღეს საავადმყოფოში ვიყავი, დროებითი მოქალაქეობის ცნობის ასაღებად ანალიზები ამიღეს. პასუხს ორ დღეში გავიგებ. იმედია ნეგატივი ამოვა (ანუ თუ პოზიტივი ამოვიდა ცუდია ) :)) ისე კი ბერძნების სავადმყოფო რომ აგიღწეროთ დიდი არაფერია, მგონი ჩვენი ცენტრალური საავადმყოფოები ჯობია, მაგრამ რაც შეეხება რეგიონებს, მაგალითად თელავის აავადმყოფოს მაგალითით რომ ვიმსჯელო, ახლოსაც ვერ მოვა. პერსონალი ძალიან დადებითად განწყობილი და დახმარებისათვის მზად მყოფი შემხვდა. ვისთანაც კონტაქტი მქონდა ყველამ იცოდა ინგლისური. ანალიზს რომ ვიკეთებდი კევის გადაგდება მომთხოვეს :))) გამოსვლის წინ კი ახალი საღეჭი რეზინი მომცა და თან ბოდიშიც დააყოლა. ნემსი რომ გამიკეთეს, ერთ-ერთი მედიკი მეკითხება გეშინიაო? არა მეთქი, აბა წითელი რატო ხარო? არადა მართლა არ მეშინოდა, ვუთხარი რომ ნემსებს მიჩვეული ვარ, რომ ტატუირებისას უფრო მწარეა ნემსი, ვიდრე ანალიზების დროს :)) ოოო ტატუო რო გაიგეს - გვაჩვენეო და მოკლედ პატარა ექსკურსია მოვუწყე ჩემი ფეხის გარშემო :))) ჩემი ქლოვერი რომ ნახეს გაუხარდათ, ეგონათ პანათინაიკოსის ფანი ვიყავი :))) ზეგ რენტგენი უნდა გადავიღო და ალბად ახალ ტურს მომაწყობინებენ მხრებზე  :))


თემის ხელმძღვანელი


დღევანდელი დღე ყველაზე გამორჩეული მაინც იმიტომ იყო, რომ თემის ხელმძღვანელთან მქონდა შეხვედრა დანიშნული. დილიდანვე დამეწყო ნერვიულობა და გაგრძელდა მანამდე სანამ მას დავინახავდი. შეხვდრისთანავე კი ძალიან დავმშვიდდი. ქალბატონი ანა ძალიან სასიამოვნო, თავისუფალი და განათლებული ადამიანი აღმოჩნდა. არისტოტელეს უნივერისტეტის დრამა დეპარტამენტში შევხვდით. თავიდანვე დაიწყო ყველაფრის წვრილად გამოკითხვა. სად ცხოვრობო, რა დაამთავრეო, რა ენებზე საუბრობო. მოკლედ ნამდვილად ეტყობოდა რომ დაინტერესდა ჩემით და სერიოზულად მიუდგა საქმეს. ათასი კითხვა დამისვა ასევე უშუალოდ თემის გარშემო, თან ძველი თემების შესახებაც მეკითხებოდა, რაზეც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დროს მიმუშავია ან შეხება მქონია. ეს ყველაფერი იმისთვის მინდაო, რომ გავიგო რა ბექგრაუნდი გაქვსო. შემდეგ თემაზე ვისაუბრეთ, მცირე პრეზენტაცია ვაჩვენე, თან ვუყვებოდი თან სურათებსა და ვიდეობს ვაჩვენებდი. დიდი ინტერესით მისმენდა, თუმცა რამოდენიმეჯერ გამაჩერა და მირჩია რომ ინგლისურისა და ბერძნულის კურსებზე მევლო. თვითონ ამერიკაში აქვს დოქტორანტურა დამთავრებული და მის ინგლისურთან ჩემი ინგლისური საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა. თუმცა ერთმანეთს ყველაფერი გავაგებინეთ. საუბრის ბოლოს რამოდენიმე სასტარტო სამუშაო მოვნიშნეთ. მოვხაზეთ ერთი კვირის გეგმა და მომავალ შეხვედრამდე დავემშვიდობე ქალბატონ ანას. მოკლედ თემის ხელმძღვანელიც მყავს, ბინაზეც ნელ-ნელა ვწესრიგდები, მოქალაქეობის პროცედურებსაც იმედია მალე მოვრჩები, ერთ თვეში ჩემებიც ჩამოვლენ და შევუდგები ევროპელი სტუდენტის შესაფერის ცხოვრებას. :)
დროებით,
მომავალ პოსტამდე!

Friday, October 7, 2011

რამოდენიმე დღის შთაბეჭდილებები

გამარჯობა!
როგორ ხარ?
სამი დღეა აღარ დამიწერია, ხან ვერ მოვიცალე, ხან ვინდოუსის რეინსტალმა შემიშალა ხელი. . . ამ პოსტში რამოდენიმე თემას შევეხები, მოდი დავიწყოთ.

სინდოსი


სინდოსი არის სოფელი, რომელიც ჩემს უნივერსიტეტთან ყველაზე ახლოსაა და სადაც სტუდენტთა უმრავლესობაა დაბინავებული. სიმართლე გითხრათ თავიდან მეც იქ ვაპირებდი ცხოვრებას, თუმცა მირჩიეს სალონიკი, ვინაიდან მაინც ქალაქია და გარდა ამისა მე როგორც დოქტორანტს საქმე ბევრი არაფერი მაქვს უნივერსიტეტში. ჩემი საქმე ხელმძღვანელთან კონტაქტი და ბიბლიოთეკაა, ორივე მათგანი კი ქალაქშია. ამიტომაც ვარ სალონიკში. თუმცა როგორც ჩემი მეილი იუწყებოდა გუშინწინ სინდოსში უნდა წავსულიყავი. იქაა ბანკი, სადაც რაღაც საქმეები მქონდა. ხოდა ავიღე 80 ცენტიანი ბილეთები და გავუდექი გზას, უნივერსიტეტს(რომელსაც აქ სხვათაშორის ინსტიტუტს ეძახიან) გავცდი და მოვემზადე, რომ შევიდოდი სოფელში, ყველა თავისი "სიმდიდრით" - უაზროთ ჩაყრილი სახლები, ტალახი, იამები, ბარდები, ცხოველები და ბერძენი გლეხები. თუმცა უკაცრავად, შევედი და საოცრად გავოცდი, ალბად იმიტომ რომ აქამდე ევროპული სოფლები არ მენახა. :( ფართო ქუჩები, კოპწია სახლები, ან სულაც 5-6 სართულიანი ლამაზ ფასადებიანი და ტერასებიანი კორპუსები, უშველებელი მარკეტები, ბენზო სადგურები, პარკები, სადგურები და ყველაფერი ის რაც ასე აკლია ჩვენს სოფლებს.
ხალხზე რა მოგახსენოთ არ მქონია შეხება, ვისაც გამოვესაუბრე(გზა ამერია და ვიკითხე) ინგლისური იცოდნენ ცოტა-ცოტა. მოკლედ ეს იყო ისეთი სოფელი, რომელიც ჩვენს ბევრ რაიონულ ცენტრს ათასჯერ რომ ჯობია და ნამდვილად გულდასაწყვეტი იყო ამ ყველაფერზე ფიქრი, იმედია ჩვენც მალე მივალთ აქამდე, თუმცა ერთია - არავითარი ნატო და ევროკავშირი, გრანტები და ვალები არ უშველის სოფელს თუ თვითონ ხალხმა არ ეცადა მისი გალამაზება. მესმის რომ ჩვენებს ძალიან უჭირს, მაგრამ მხოლოდ სიმღერით სოფელი ვერ აშენდება. :)

ბანკი
პირეას ბანკი - ეს იყო პირველი ევროპული ბანკი, რომელშიც მე მივედი როგორც კლიენტი და საკმაოდ მომეწონა. ქართველი კაცის მოუშორებელი ჭირის ხომ იცით, ყველას ბანკთან აქვს საქმე და მათ შორის მეც, გამომდინარე აქედან ხშირად დავრბოდი საქართველოში ამ "ჯოჯოხეთურ მახეში". შეფასება პირეას ბანკის არის დადებით: სისუფთავე, ინტერ-ექსტერიერი, მომსახურება - ყველაფერი მომეწონა. თუმცა ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა ფაქტორმა. ბანკის 10 თანამშრომლიდან, რომლებიც მე დავლანდე და გავიცანი მხოლოდ ორი იყო ახალგაზრდა, ისიც ერთი უკვე შუა ასაკისკენ გადახრილი. ბიჭიც, რომელიც მე მომემსახურა ასე 25-27-ის იქნებოდა, ანუ ის ყველაზე ახალგაზრდა რომელიც მეჩვენა. აქ იყვნენ ჩემი მშობლების თაობის ოპერატორები, მოლარეები და ა.შ. :)
თურმე ამ ასაკის ადამიანებსაც შეძლებიათ მუშაობა საბანკო სექტორში :))))) ნეტავ ქართულ საბანკო სისტემას რაღა დაემართა?!

ავტობუსები


ბერძენი მძღოლები, ინგლისური ბაი-ბურში რომ არ არიან.
სხადასხვა ფასის ბილეთები - სტუდენტური, ჩვეულებრივი და ა.შ.
არავითარი კონტროლიორები ჰორიზონტზე.
სადგურების გამოცხადება, მონიტორები და სისუფთავე.

პოლიცია


ამ თემაზე მინდა ბევრი დავწერო, მაგრამ რა ვქნა, რომ ჩემი პოსტის ადრესატები არსად ჩანან? :))))) აქ ერთი კვირაა რაც ვარ და სულ ორჯერ მყავს დანახული ფორმიანი ადამიანები :)))) ქუჩაში რომ დადიან ბედნიერი სახით და არავის აჩერებენ. უკვე ხვდებით ეს ცალკე პოსტის თემაა, რომელიც თავისი პარალელებით იქნება გაჯერებული, ამიტომ ელოდეთ! ;)

Love, Peace, Yooo Maaaan

ამას გეტყვის და მუშტს მუშტზე მოგირტყავს-ესეიგიმეგობრულად გესალმება. მერე გეკითხება საიდან  ხარ, თვითონაც გეუბნება თავის ეროვნებას და იქ იწყებს . . . რო მას აქვს ძაფები, რომლებიც სიყვარულის, მშვიდობისა და ყოველგვარი ჯიგრობის სიმბოლოა, რომ ახლა შენი ქვეყნის დროშის მიქსს გააკეთებს და მეგობრობის ნიშნად გაჩუქებს. თან ამას რომ გიყვება უკვე ხელზე გაბავს. შეგიკრავს, ზედმეტ ნაწილს მოჭრის და მორჩა, მინიმუმ ერთი ევრო ამოგაცალა ჯიბიდან. თან გეუბნება რომ ეს საჩუქარია, მაგრამ შენ უნდა აჩუქო სანაცვლოდ. მაგარი არა?! :))))
ესაა ტიპიური არალეგალი შავკანიანების საქმიანობა ამ მზიან მხარეში. სხვათაშორის მგონი ქართველებსაც გადაუსწრეს რაოდენობაში. ვინც ცოტა ფხიანია, სხვადასხვა იაფასიანი "ტავარი" აქ დათრეული და დგა გახსნილი ჩემოდნით ქუჩაში. სათვალე, ბოტასები, საათები, სამკაულები რა გინდა სულო და გულო, იაფად და სწრაფად. თუ პოლიცია გამოჩნდა, უცბად მოკეცავენ ბარგს და გაქრებიან ნინძებივით. ასეთია სალონკის შავი ნაწილი.


ჩამოვიდა 


ეს ნაწილი ჩემი თანამშრომლებისთვის იწერება. ~
ხალხნო არ იღელვოთ ია ჩამოვიდა და კარგადაა. დილით 12 საათზე დავხვდი აეროპორტში(ესენი აეროდრომს ეძახიან). მერე გამოვედით ქალაქში, ავტობუსმა კაი გვარიანად აგვაცდინა სახლს, მაგრამ ფეხით ტანტალიც სასარგებლო აღმოჩნდა. იამ მთელი თავისი მოგონებები ამოშალა. აქ ის მაღაზია იყოოო, აქ ესო. აქ კაი ღიროს ამზადებენო, აუ ამ მაღაზიის გამყიდველი რო დამინახავს ახლა გაიქცევა- გაგიჟებული მყავდა კაცი, შენ ზომა ტანსაცმელს ვერ ვპოულობო :))))) მოკლედ ჩამოვიდა და უკვე შემოიტანა სიცოცხლე სალონკურ ორომტრიალში. მერე დავაბინავე, ბათუმელ დოქტორანტებთან ერთად არის, საკმაოდ მაგარ აპარტამენტში (შურიანი სმაილი) და ორშაბათიდან სწავლას შეუდგება. თუ ვერ დაგირეკავთ არ გაგიკვირდეთ ჯერ კარტა არ აქვს.

მოკლედ, სულ ესაა რამოდენიმე დღის შტაბეჭდილებები თუ ამბები.
მომავალ პოსტამდე
Love, Peace, Yooo Maaaan! ;) 

Monday, October 3, 2011

უნივერსიტეტის პირველი დღე

გამარჯობა,
როგორ ხართ?
დღეს პირველად წავედი უნივერსიტეტში, რომელიც საკმაოდ შორს აღმოჩნდა და ორი ავტობუსის გამოცვლა მომიხდა. A.T.E.I.-ს ინსტიტუტი ქალაქგარეთაა. პირველი რაც თვალში მომხვდა ეს იყო მისი ადგილმდებარეობა, ის პირდაპირ მინდვრადაა გაშენებული. შედგება უამრავი 2 სართულიანი კორპუსისაგან, სადაც სხვადასხვა დეპარტამენტებია განლაგებული. სიმართლე გითხრათ შიგნით დეპარტამენტებსა თუ აუდიტორიებში არ ვყოფილვარ, მაგრამ იმედი მაქვს იგივე არ იქნება რაც ეზოა და მთავარი კორპუსი. ვგულისხმობ ნაგავს, რომლითაც სავსეა შესასვლელი (ძირითადად ქაღალდები და მტვერი). გამაოცა გრაფიტებმაც. საერთოდ  მთელი სალონიკი აჭრელებულია. მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა და ინტერესისა გრაფიტებისადმი, მაინც თვალში მომხვდა მათი სიუხვე ტალანებში. უნივერსიტეტში შესვლისას გექმნება შთაბეჭდილება, რომ მოხვდი ფრანგული ფილმის District B13–ის გადაღებაზე. როგორც გამარკვიეს ესაა ევროპაში თითქმის ერთადერთი უნივერსიტეტი, ვგულისხმობ ზოგადად ბერძნულ უნივერსიტეტებს, სადაც პოლიცია ვერ შედის(!?). ;) მაგარია არა? :))) აქ რამოდენიმე წლის წინ პოლიციამ შეცდომით ჩაცხრილა რამოდენიმე სტუდენტი და მას შემდეგ აქ ისეთი ამბები მომხდარაა, რომ მთელი ძალაუფლება ხელში სტუდენტებმა აიღეს. ასე რომ არიან ახლა თავისუფლად, ხატავენ, ერთობიან , მუსიკას უსმენენ დიდი დინამიკებით და ალბად ცოტას ეწევიან და სვავენ კიდეც ვინ იცის . . . (სპეციალურად არ ვახდენ ჩვენს უნებთან შედარებას :D )
ახლა რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს საქმეს. შევხვდი ჩემს კოორდინატორს და იმ ხალხს ვინც ჩვენზე ერასმისელებზე ზრუნავს, მალე მომცემენ სტუდენტის მოწმობას, ასევე მცირე პროცედურების შემდეგ ავიღებ დროებით მოქალაქის საბუთსაც. თუმცა არის სირთულეც, ჯერ კიდევ ეძებენ ჩემთვის თემის ხელმძღვანელს. ვინც არ იცის ვეტყვი, მე ვმუშაობ "ძველი ქართული თეატრალური სანახაობების" თემაზე, და ახლა ამათ შემომთავაზეს და მეც რეალურად ამას ვგეგმავდი მომეძიებინა და შემედარებინა ამათი უძველესი წარმოდგენები და სანახაობები ქართულთან. ორივეს საერთო ფესვები აქვს, უფრო სწორად კი ჩვენთან უამრავი დეტალი სწორედ ძველმა ელინებმა შემოიტანეს, ამიტომაც ჩემი თემისთვის მისწრებაა აქ მუშაობა და "კირკიტი". :))) ახლა ყველაფერი ხელმძღვანელზეა დამოკიდებული და მეც ვზივარ მოლოდინის რეჟიმში. 
აქვე გთავაზობთ ჩემი ძველი კამერით გადაღებულ ვიდეოს, სადაც ცოტა ქალაქიც ჩანს და უნივერსიტეტის ნაწილიც. დაკავებული ვიყავი და სრულად ვერ შევძელი ასახვა, მაგრამ აუცილებლად კარგად დაგათვალიერებინებთ ამ "თავისუფლების კუნძულს" :)))
დროებით ;)
მომავალ პოსტამდე.





Sunday, October 2, 2011

ზოგადი შთაბეჭდილებები სალონიკზე

ამინდი . . . ღირსშესანიშნაობები . . . ღამის ცხოვრება . . .
უკვე მესამე დღეა აქ ვარ, ამ მართლაც მზიან და ახალგაზრდულ ქალაქში. საოცარია, მაგრამ სახლიდან რომ მოვდიოდი ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ის პერანგები, რაც წამოვიღე არ გამომადგებოდა, საუბარი მაქვს თბილ და გრძელსახელოება "საროჩკებზე". არც კი ამომილაგებია ჩანთიდან :) აქ სულ ერთნაირი ტემპერატურაა, მზე და სიცხე, შორტები და წელსზემოთ გახდილი ათასი ჯურის ტურისტი თუ სალონიკელი. თავი მართლაც სამოთხეში მგონია, საღამოსაც კი არ აცივდა უკვე მესამე დღეა. ღამით ყველას ძალიან თხელი ადიელებითა თუ "პროსტინებით" გვძინავს. არც ქარია და წვიმაც როგორც მითხრეს კაი ხანი არ შეგვაწუხებს. ერთია ლამაზი ბუნება, ლამაზი ქალაქი და მეორეა ამ ყველაფერს ასე უწყობდეს ხელს ამინდი. მგონი ბერძნებმა ჯერ კიდევ მითოლოგიური ელადას დროს მიიღეს ღმერთებისაგან ეს "სანუკვარი"  საჩუქარი.
ღირსშესანიშნაობებით რომ გამორჩეულია საბერძნეთი ალბად მოგეხსნებათ, მაგრამ თქვენი თვალით რომ ნახავთ სულ სხვაა მერწმუნეთ. აქ სადაც არ უნდა წახვიდეთ მთელი ქალაქი ნანგრევებსა და ძველისძველ ნაგებობეს(ძირითადად ეკლესიებს) მიაქვს :) გუშინ საღამოს პატარა ტური მოაწყო ჩემთვის ჯაბა გილაძე, რისთვისაც დიიდ მადლობას ვუხდი. მართლაც საოცარი ქალაქია, ვერსად ვერ მოუჩიჩქნია კაცს, რომ რაღაც უძველესსა და უნიკალურს არ მიაგნონ. მეტროს მშენებლობა დაიწყეს რამოდენიმე წლის წინ თურმე, მაგრამ წინ ვერ მიდიან, მოთხრიან ცოტას და ნასახლარია, კიდევ მოთხრია და ტაძარია და მერე ამ ყველაფერს ხო არქეოლოგების ჩარევა და შესწავლა ჭირდება. ხოდა გადის დრო და ვერც მეტრო გაყავთ და არიან ასე აღმოჩენა–აღმოჩენებში. რაც ქალაქია, ალბად ორი იმხალა მიწის ქვეშაა. ჯაბამ მაჩვენა წმინდა დემეტრეს ტაძარი, ძველი ამფითეატრი, არენა, და კიდევ რამოდენიმე ტაძარი, თუმცა გვიანი იყო და ვერ შევედით. როგორც გამარკვიეს ბერძნები რესტავრაციას მხოლოდ გარედან უკეთებენ, ისიც ნაწილობრივ, შიგნიდან ხელუხლებელია ყველაფერი. თუმცა ფოტოაპარატის გარეშე დარჩენილმა ვერც ვერაფერი გადავიღე და ვერც ისე დაწვრილებით შევისწავლე, მაგრამ გპირდებით ცალკე პოსტებს მივუძღვნი ხოლმე ამ საოცარ სიძველეებს თავის ფოტომასალითურთ ;)
ძველი ნაგებობებიდან სანაპირომდე სულ რაღაც 10 წუთის სავალია და იქ იწყება აბსოლუტურად სხვა საბერძნეთი, რომელიც ნამდვილად შესაშურია ბევრი ქალაქისა თუ ქვეყნისათვის. თუმცა ეს თემა ცოტა ზედაპირულად უნდა განვავრცო, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ გავიარეთ და დავათვალიერეთ ის ქუჩები, რომლებიც მთლიანად გადაჭედილია ღია კაფეებით, კლუბებითა და ტრადიციული ტავერნებით. ესენი კი თვაისთავად გადავსებულია ნამეტნავად "გადაპრანჭული" ბერძენი ახალგაზრდებით. აქ ყველა გულაობს, გამოდიან გვიან ასე 22–23 საათიდან და ათენებენ ღამეს კლუბებში. დახურული კლუბები არ მინახავს, მაგრამ ღია კლუბები პპირდაპირ სანაპიროსთან ქუჩაშია გამოსული და მოკლედ ისეთი მუსიკა, ისეთი სიცოცხლე და ენერგია ტრიალებს, რომ არ შეილება გულგრილი დაგტოვოს. ჯაბამ თქვა, ევროპაში ბევრ ცნობილსა თუ დიდ ქალაქშიც არაა ასეთი ღამის ცხოვრებაო. მოკლედ ბერძნები რომ გართობისა და ღამის ცხოვრების მოყვარული ხალხია დავრწმუნდი. ამ ქალაქში იმედინი კაფეა, მგონი მთელ საქართველოში ერთად აღებული ვერც კი მოვა ახლოს რაოდენობაში. :))
ეს იყო სულ ზედაპირული შეხებით დანახული 3 თემა, რომლები ც თანდათან გაიშლება ხოლმე ჩემს პოსტებში.
ერთიც, გუშინ მოვდივართ საღამოს და ჯაბას ვთხოვე ჯიხურში იკითხე ქართული გაზეთი თუ აქვთო. იკითხა ჯაბამ, რა თქმა უნდა ბერძნულად და მოტრიალდა კაცი, შავი, ტიპიური ბერძენი და გვპასუხობს ქართულად – ჩემმა ცოლმა თუ არ წაიღო სახლში მოგცემთო :)))) ქართველი ყოფილა :))) ისეა აქ ხალხი გაბერძენებული ვერც კი მიხვდები , თუმცა აქაურ ქართველებზე სხვა პოსტებში. ასე რომ როგორც ხვდებით ბევრი სხვადასხვა შინაარსისა თუ ფორმის პოსტები გელოდებათ წინ. ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩემს კედელს ფაცეზე და არც დაშეარება დაიზაროთ ;)
მომავალ პოსტამდე მეგობრებო ;)