Sunday, January 22, 2012

Όλα καλά

გამარჯობა!
როგორ ხართ ძვირფასო მეგობრებო?
ჩემსკენ  Όλα καλά -  ყველაფერი კარგადაა.
ეს პოსტი მართლაც სულ კარგ სიახლეებს შეიცავს, რაც გასულ კვირას მოხდა ჩემსა და ჩემი ოჯახის გარშემო.
დავიწყებ იმით, რომ საცხოვრებელი გამოვიცვალეთ. ძველი სახლიდან, სადაც 3 თვე დავყავი ახალში გადავედით. ძველი არაკომფორტული აღმოჩნდა ოჯახისთვის. როცა მარტო მე და გიო ვიყავით არაფერი უშავდა რა. სტუდენტური სახლი იყო, თავისებური სყუდენტური ცხოვრებითა და ალიაქოთით. როცა ჩემები ჩამოვიდნენ, გადავწყვიტეთ მოგვეძებნა რაიმე უფრო პატარა, კომფორტული და მყუდრო. სულ მალე დავიწყეთ განცხადებების კითხვა. ჯერ გაზეთები მოვსინჯეთ, აი ისეთი მანდ რომ "სიტყვა და საქმე" ქვია. შემდეგ უშუალოდ ქუჩები დავიარეთ. აქ ერთ კორპუს ვერ ნახავ ბინა რომ არ ქირავდებოდეს. მთლიანად სალონიკი გაქირავებულია ნახევრად. აქ ბერძნებს, რომლებიც უკვე მრავალი თაობაა ცხოვრობენ და ითვლებიან "კარენოი" სალონიკელებად დაგროვილი აქვთ დიდძალი ქონება. უმრავლესობა მათგანს ქალაქში 7-8 სახლი აქვს. ერთში, რომელიც საუკეთესოა თავის ოჯახიანად არიან განთავსებულნი და დანარჩენებს აქირავებენ და ცხოვრობენ ასე უდარდელად. თუმცა ახლა ძალიან არიან შეწუხებულნი. კრიზისის გამო ბინის ფასები დაეცა, გადასახადები კი გაიზარდა. იხდიან ბინის გადასახადს, ზუსტად რა ქვია არ ვიცი. ანუ ბინას თუ ვერ გააქირავებენ მინუსში მიდიან. აქ ყველა კორპუსს აქვს თავისი გადასახადი. მაგალითად დასუფთავების, ლიფტის, შიდა და გარე განათების. თუ ცენტრში ხარ უფრო ძვირია, იმიტომ რომ განათება მეტია და გადასახადიც დიდი მოდის. სხვათაშორის გადასახადები თვიური არაა. დენი 2 თვეში ერთხელ მოდის და წყალი კი 4-ში.
ბინის ძებნისას ბევრი კაი ვარიანტი ამოვწერეთ. იქვე ახლოს ვეძებდით სადაც ძველი სახლი იყო. ამოვიწერეთ და დავრეკეთ. ზოგი ინდივიდუალურად აქირავებდა, ზოგიც გრაფიოს დახმარებით ანუ ოფისის, სადაც მაკლერები ზიან და დამატებითი საფასურის ხარჯზე კაი ბინებს აქირავებენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საკუთარი ბინების გრაფიოები ქონდათ. აი მაგალითად ერთმა თქვა 11 ბინა მაქვსო, ყველა ჩემი საკუთარიო და გრაფიოც მაქვს მხოლოდ ჩემიო :))) ვერ წარმომიდგენია საიდან აგროვებენ ასეთ ქონებას, მარტო ბინები როდია. ნორმალურ ფენას აქვს 2-3 მანქანა, ველოსიპედები, მოტოები, ყველაფერი უდგას სახლში და მაინც წუწუნებენ. ხელფასებმა იკლო და ახალ ბინებს რომ ვეღარ ყიდულობენ დარდში იხრჩობიან :(( ვაი-ვაი ნეტავ ასეთი კრიზისი ჩვენთანაც იყოს  :))) სიამოვნებით ვიცხოვრებდი ასეთ საქართველოში. ;)
ბინა ევის დახმარებით ვიპოვეთ. ჩემი ბლოგის ერთგულ მკითხველს ემახსოვრება ეს ენერგიული და "ყოვლისშემძლე" ქალბატონი. სწორედ მან გვაპოვნინა ძველი ბინაც. ამ შემთხვევაში ევის უკეთესი, გაცილებით უკეთესი შემოთავაზება ჰქონდა ჩემთვის მომზადებული. მართლაც ახალი სახლი სადაც ახლა ვართ გაცილებით კომფორტული და "ოჯახური" აღმოჩნდა, ფასიც მისაღები იყო, ფართიც ნორმალური, ადგილიც კარგი. (იქვე ახლოს სადაც ძველი) კარგი კი არა შესანიშნავი. ესაა ახალი კორპუსი "ნავარინოს" ანუ ძველი რომაული სასახლის ნანგრევების პირზე. ლამაზი ხედით და მშვენიერი ბაღით გვერდზე. მოკლედ დაუფიქრებლად დავთანმხდით წინადადებას და 3 დღეში გადმოვბარგდით. სახლის პატრონთან კონტრაქტიც გავაფორმეთ. Ethimis-ი დაახლოებით 35 წლის ახალგაზრდა არქიტექტორია, რომელიც ბანკების ინტერიერის დიზაინზე მუშაობს და როგორც გავარკვიე საკმაოდ შეძლებულიც გახლავთ. სარეგისტრაციო განყოფილებაში მითხრეს შენი სახლის პატრონს კიდევ შვიდი ასეთი აქვსო ქალაქში :))) ყველაფერი 2-3 დღეში მოვაგვარეთ, ჩემი მეგობრის იანისის დახმარებით, ძველ სახლში ძველი რუმმეითი გიო დავტოვეთ და მე, ირი და ნინუცა ახალში გადმოვბარგდით.
კიდევ ერთი კარგი ნიუსი - ირინას და ნინუცას საბუთები გავუკეთეთ. დარჩენის ვადა გავახანგრძლივეთ, ასე რომ ჩემები მთელი პროგრამის მანძილზე ჩემს გვერდით იქნებიან. სიმართლე გითხრათ ეს ყველაფერი ცოტა ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდა. ისედაც მათი აქ ჩამოსვლა ძალინ დიდი სირთულეებით მოხდა. პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, მეორედ როგორც იქნა მიცეს ვიზა. გახანგრძლივება უფრო რთული აღმოჩნდა. ათასნაირი საბუთის თარგმნა, დამოწმება და სამდღიანი უსაშველო რიგში დგომა დაჭირდა. საოცარია აქ ვიზის გაგრძელებისა და საბუთების აღების მდგომარეობა. საბერძნეთში დარჩენის მსურველი ბევრია. უმრავლესობას ზანგები, პაკისტანელები და რაღათქმაუნდა ქართველები შეადგენენ. აუცილებელია დილის 6-8 საათამდე პოლიციის მთავარ შენობასთან რიგში დგომა, სადაც სიტუაცია უმართავია. ვის როდის დაუძახებენ, ვის როდის დაიბარებენ, ვის შეუშვებენ და ვის გააბრუნებენ - ხვალ მოდითო, ვერ გაიგებთ. ზანგებს ხომ მთლად ცხოველებივით ექცევიან. საწყლებიც დგანან შეფუთვნულები რიგში, ვინ იცის კვირიდან კვირამდე და ელოდებიან უფლებას -  ლეგალურად ცხოვრების. თუმცა მათ ცხოვრებას ცხოვრებაც არ ქვია. ესაა ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისათვის. მთელი დღე დგანან და რაღაცას ყიდიან ჩალის ფასად - ვინ საათებს დაატარებს, ვინ იამაიკურ სამაჯურებს ტენის ტურისტებს, ვინ ჩანთებს ყიდის და ვინ რას აღარ. ერთია, მათხოვარი ზანგი არ მინახავს, ანუ ყველა ცდილობს რაღაც გაყიდოს, ხელი არავის აქვს გამოწვდილი. აქ მარტო ბერძნები მათხოვრობენ ან ალბანელები. პაკისტანელებიც ძალიან მშრომელი ხალხია, მთელი დღე ყურებზე კაშნე შემოხვეულები დგანან "დახლებთან". მათი "ტავარი", წვრილმანი ელექტრო მოწყობილობები -სატენები, ნაოშნიკები, ელემენტები და ათასი ხარახურა, ასევე ინდური სურნელოვანი სანთლები, კაშნეები და ზოგჯერ ქოლგებია. აქ ყველა ნაციას თავისი სფერო აქვს აღებული. აი მაგალითად პაკისტანელები არ ყიდიან სამაჯურებს, ისევე როგორც ზანგები სურნელოვან სანთლებს. ქართველებს ქუჩის ვაჭრობაში თავისი კუთხე აქვთ. ესაა ტკბილი ბუბლიკები და ბულკები, რომელიც ძალიან შემოსავლიანია აქ. მე და იანისი ყოველთვის როცა მათ საყიდლად მივდივართ ქუჩაში, პირდაპირ ქართულად ვიწყებთ ლაპარაკს. გაოცებული და ყბადაღებული კაცების(ამ საქმეზე მარტო კაცები მუშაობენ) პირველი კითხვააა - ქართველები ხართ? მერე მიდის გამოძიება ვინ საიდანაა. რამოდენიმე კახელი გამყიდველი უკვე "ჩავიბრატეთ". ერთ-ერთი ასეთია შალვა მასწავლებელი, რომელიც ერთ-ერთ კახურ სოფელში 37 წელი სკოლის დირექტორი იყო, ახლა კი გაჭირვებას სალონიკშ ჩამოუყვანია. მთელ დღეს ქუჩაში ატარებს და ბულკებს ყიდის. ასეთია იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც კიდევ უფრო ახლოს გავიცანი საბუთების გაგრძელებისას. ეს 3 დღიანი პროცესი ძალიან დამღლელი აღმოჩნდა და კიდევ უკეთ დამანახა ბერძნული სამართალდამცავი სისტემების გაუმართავი მუშაობა. ვაღიარებ რომ ამ საკითხში ჩვენ საკმაოდ წინ ვართ წასულები. თუმცა უმადურივით არ მინდა გამომივიდეს, მადლობა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყველაზე დიდი მადლობა კი მაინც ჩემს მეგობარ იანისს ეკუთვნის, რომელიც ჩვენი ადვოკატი იყო მთელი ამ პროცესის მანძილზე და მართლაც შეუძლებელი შეძლო ;)
კიდევ ერთი სიახლე რაც გასულ კვირას მოხდა, არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ ორიოდ სიტყვით მაინც დავწერ. ალბად უმრავლესობა თქვენთაგანს მოეხსენება, რომ ჟურნალი "თელავური სერიები" დაიხურა. ეს იყო ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც პირადად მე მივიღე. ვთვლი რომ ამის უფლება მქონდა, რადგან ჟურნალი ჩემი დაარსებული იყო. თუმცა მესმის იმ ადამიანების გულისტკივილიც, ვინც ლამის 2 წელი ჩემთან ერთად აკეთებდა ამ ჟურნალს. ასევე ბევრი საყვედური და გულისტკივილი მივიღე მკითხველისგანაც. ყველას კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა, ეს იყო საუკეთესო გამოსავალი მოცემული მომენტისათვის. "მომენტის" არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჟურნალს ჩემი აქ წამოსვლა დაეტყო. დავკარგეთ ტემპი, ავტორები, "მუღამი". ხშირად ვეღარ ვიკრიბებოდით, უფრო სწორად ჩემი წამოსვლის შემდეგ არცერთხელ არ შემდგარა სტაფ მიტინგი. ჩემმა უახლოესმა გარემოცვის რამოდენიმე წევრმაც "გადამაგდეს". ზოგს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაახსენდა და ზოგს ალბად უბრალოდ დაეზარა. მივხვდი, რომ ამ შემთხვევაში ჟურნალის გაუფერულებას, ჩვენებურად "გაბანძებას" ისევ დახურვა აჯობებდა. ასეც მოვიქეცი და გამოვუშვი 4 გვერდიანი მე-19 გამოსამშვიდობებელი ნომერი. მე მჯერა, რომ მომავალში, როცა მე დაბრუნდები, თუ იქნება ნება ჩემი მეოგბრების მხრიდან და კიდევ მცირე ფინანსები ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ერთადერთ ელექტრონულ ჟურნალს კახეთში. ეს დღეც დადგება თუ ჩვენ ისევ შევიკვრებით ერთ გუნდად. მაშინ კი შეგვიძლია ვთქვათ - Όλα καλά.  თუმცა არც ახლაა ყველაფერი ცუდად. ის რაც გავაკეთეთ არაა პატარა საქმე. და ეს ჩემი სიტყვები არაა, ასე თვლიან მკითხველები, ასე თვლიან ავტორები, უბრალოდ ჩვენი მეგობრები და ნაცნობი ხალხის დიდი წრე. ასე რომ გილოცავთ ჩემო გუნდის წევრებო, ჩვენ ნამდვილად დიდ საქმეს ჩავუყარეთ საფუძველი და ნაწილობრივ კიდეც შევასხით ფრთები მას. ყველაფერი წინაა! ;)
ამ ამაღლებული განწყობის ფონზე მინდა დაგემშვიდობოთ, თემა მაქვს დასაწერი და გავიქეცი ახლა!
მომავალ პოსტამდე,
დროებით!

No comments:

Post a Comment