Saturday, January 14, 2012

რაგუცარია ანუ კარნავალი ბერძნულად (ნაწილი 3)

ვიწრო ქუჩა სადაც "რაგუცარიის" პროცესია მიდიოდა სავსე იყო მაყურებლებით, რომლებიც ისედაც პატარა გზას სულ მთლად ავიწროვებდნენ. ხალხი სახლის აივნებს იყო მომდგარი და მომღიმარი სახეებით უქნევდნენ ხელს ერთმანეთს, ცდილობდნენ მასაში თავიანთი ახლობლები, ნათესავები და ნაცნობებია ამოეცნოთ, რაც საკმაოდ ძნელი იყო ზოგიერთის შემთხვევაში, ყველაფრის მიზეზი კი ნიღბები და გრიმები იყო. მაყურებელთა შორის იყვნენ ბავშვები, რომელთა უმეტესობაც ასევე ნიღბებსა და სხვადასხვა კომიქსის გმირებისა თუ ცხოველების ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი. გზადაგზა მხვდებოდა ტროტუარზე აღმართული დინამიკები, რომლებიც სხვადასხვა სახის მუსიკას უკრავდა, ძირითადად ბალკანურ რითმებს. ანუ მთელი ეს პროცესია მუდმივი მუსიკის თანხლებით მიემართებოდა. ქალბატონ ირინის ვკითხე საით მივდივართ თქო და მიპასუხა მთავარი მოედნისაკენ მივემართებით, სადაც ასე 16:00-ზე დასრულდება ყველაფერიო. უკვე ლამის 14:00 ხდებოდა. ვიფიქრე გადავიღებ უშუალოდ ფესტივალს, ჩავწერ ინტერვიუებს და იქნებ ქალაქის დათვალიერებაც მოვასწრო მეთქი. იქვე ირინის დახმარებით სანტა კლაუსიც შევიპირე ინტერვიუზე, როცა გინდა ჩამწერეო ღიმილით მომიგო, თუმცა მალე იქ ისე აირია ყველაფერი სანტა კლაუსს კი არა, ბავშვები საკუთარ დედიკოებს ვერ პოულობდნენ.სამწუხაროდ ინტერვიუც არ შედგა .
მალე უფრო ფართო ქუჩაზე გავედით, რომელიც ერთი მხრიდან მომცრო ტაძრითა და კორპუსებით, მეორე მხრიდან კი ტერასებით იყო შემოსაზღვრული. ყოველი კუთხე-კუნჭული გადაჭედილი იყო მაყურებლებით. ხალხი ასულიყო ქვის გალავნებზე, რომელითაც ტძრის ეზო იყო ქუჩისგან გამოყოფილი და თვალებზე ხელით მოჩრდილული აკვირდებოდა პროცესებს. ერთ კუთხეში იყო ქვის კიბე, რომელიც ადიოდა კორპუსის პირველ სართულთან, სადაც ძველი კაფე იყო, გარეთ კი მაგიდები გამოეტანათ. ნაწილი მაყურებლების სწორედ აქ ჩამომსხდარიყვნენ და მოელოდნენ კარნავალის მონაწილეებს. გავედი თუ არა ამ ქუჩაზე, მაშინვე ავირჩიე შემაღლებული ადგილი და დავიწყე გადაღება. უამრავი ფოტოგრაფი და კამერა მუშაობდა. აქვე ქუჩის ბოლო ნაწილში იყო დადგმული ორი ვიდეო კამერა, ერთი სტატიკურ მდგომარეობაში იყო, მეორე კი ამწეზე დაეკიდათ. მოშორებით შევამჩნიე კარნავალის წამყვანი. ლურჯ არისტოკრატულ შარვალ კოსტუმში გამოწყობილი, თავზე თეთრი ხუჭუჭა პარიკითა და გაპარსული სახით თითქოს პირდაპირ შუა საუკუნეების ევროპიდან გადმოაუპატიჟიათო. ეს ენაწყლიანი შოუმენი ვანგელო - თავისუფალი ჟურნალისტი გამოდგა, რომელიც კასტორიის გუბერნიაში მუშაობდა. მიუხედავად მისი მცირედი ინგლისურის მარაგისა, მაინც ვახერხებდი დროდადრო გასაუბრებას და ვცდილობდი კონკრეტულ დეტალებზე ინფორმაციის მოპოვებას.


სიტუაცია მალე "მოიქოქა". ჩაიარეს ჩემთვის ნაცნობმა სანტებმა, "ბავშვებმა", "მოგვებმა", თავზე დისკებიანმა ზარმაცმა მოსწავლეებმა. მეგონა ამით კარნავალი დასრულდებოდა. მე ხომ დასაწყისში მხოლოდ ისინი ვიხილე. ვანგელოს მივაკითხე და მითხრა ჯერ რა დროს დასასრულია, ახლა იწყება კარნავალიო . . .
სულ რაგუცარიის დასკვნით შოუზე 32 გუნდი გამოვიდა. თითოეულ გუნდში საშუალოდ 15-დან 50-მდე (ზოგჯერ უფრო მეტიც) მონაწილე ირიცხებოდა. ყველა მათგანს ქონდა სახელი და თემა. ყავდათ ლიდერი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში გამოკვეთილი იყო და თავში მოუძღვებოდა მათ. ზოგჯერ  ლიდერის ფუნქცია საერთოდ არ მუშაობდა და გუნდის ყველა წევრი თანაბრად იყო მთლიან სანახაობაში ჩართული. პროგრამის სათავეში იყვნენ კასტორიის საშუალო სკოლები, რიგითი თანმიმდევრობისა და ასაკის ზრდადობის მიხედვით. როგორც ზემოთ ავღნიშნე რაგუცარია ყველაზე პატარებმა სანტასთან ერთად გახსნეს. პირველიდან  მეხუთე კლასამდე ბავშვებისგან და მათი მშობლებისგან შემდგარი გუნდები თემატურად იყვნენ გამოწყობილნი, ჰქონდათ დიდი პლაკატები და ბილბორდები, სადაც მათი სკოლის, გუნდის სახელი, ასევე თემა და სხვადასხვა მოწოდებები ეწერა. რისი ჩაწერა და თარგმნაც მოვახერხე ასეთია : "სანტა კლაუსის სოფელი", "კიდევ ერთხელ გავხდეთ ბავშვები", "წიგნები მოვიდნენ", "ფონდი ცარიელია" (ალბად სკოლის ფონდს თუ გულისხმობდნენ :) ), "ფული არ გვაქვს და გვაცვია რაც გვაქვს". საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ  ამ კარნავალისათვის ძალიან დამახასიათებელია პოლიტიკური სატირა, ისევე როგორც ჩვენთან "ბერიკაობის" და "ყეენობის" სიუჟეტებშია შემორჩენილი პოლიტიკური თუ რელიგიური მოტივების სატირა. ყველაზე სახასიათო პერსონაჟებიც ჩვენ, ქართულ წარმოდგენებში სწორედ მეფეები, ყეენები, სამღვდელო პირები არიან. რაგუცარიასაც ხშირად დაჰკრავდა პოლიტიკური ელფერი, პირველად ეს ნომერ მეხუთე საშუალო სკოლის გამოსვლაზე აღმოვაჩინე სადაც შემდეგ ლოზუნგს "რაც გვქონდა და არ გვქონდა ყველაფერი წაიღეს" ნიკოლა სარკოზისა და ანგელა მერკელის პროტოტიპები მოჰყვებოდნენ ვალსის და ტანგოს ცეკვით. ბავშვების მშობლები ამ შემთხვევაში როგორც მივხვდი გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების ქმედებებს აპროტესტებდნენ. არც გამკვირვებია. არ გამკვირვებია ზოგადად პროტესტი. პროტესტი ხომ დამახასიათებელი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია ქუჩის სახალხო სანახაობებში. უბრალოდ ბერძნებს ამ შემთვევაში თანამედროვე გმირები შეუქმნიათ. 21-საუკუნის ვარსკვლავებს ხშირად შეხვდებოდით "რაგუცარიაზე". კოსტუმებზე ბევრს არ დავწერ, ეს მოგვიანებით უკვე ჩემს თემაში იქნება დაწვრილებით განხილული, ამჯერად უბრალოდ გთავაზობთ ფოტოების კოლაჟს, რომელიც ერთ-ერთი ადგილობრივი ფოტოგრაფის გადაღებულია.


შედარებით პატარებს თავში მოყვებოდათ მცირე ზომის პიკაპები ან ჯიპები, სადაც მათთვის მუსიკა იყო ჩართული, მთავარ გასასვლელში მოწყობილი აპარატურაც ეხმარებოდა მონაწილეებს განწყობის ამაღლებაში. ის ძირითადად ტრადიციულ ბერძნულ მუსიკებს უკრავდა, ეს ხდებოდა გუნდების გამოსვლების შუალედში. შუალედი ზოგჯერ ძალიან იწელებოდა, ამის მიზეზი კი მონაწილეთა რაოდენობა (ზოგჯერ ძალიან ბევრნი იყვნენ და გზადაგზა იფანტებოდნენ), ზოგჯერ კი უბრალოდ გაჩერებები იყო. ზოგიერთი საკარნავალო მანქანა და ჯგუფი დიდხანს ჩერდებოდა მაყურებლებთან და დანიშნულების ადგილზე მოსვლას აგვიანებდა. სწორედ ამ დროს მოუწოდებდა ვანგელო "დიჯეის"  მუსიკის ჩართვას, რომ ტემპი არ დავარდნილიყო. მალე შედარებით უფროსკლასელები გამოჩნდნენ, იქნებოდნენ ასე მეათე - მეთერთმეტე კლასელები. ყველას ალკოჰოლური სასმელი ეჭირა ხელში, სვავდნენ და მღეროდნენ. ინტერვიუებს აძევდნენ ტელევიზიებს და ყველას ახალ წელსა და "რაგუცარიას" ულოცავდნენ. გიმნაზიის და ლიცეუმის ბავშვები ყველაზე მოწადინებულები იყვნენ. ასეთი სულ 4 გუნდი იყო. ყველა მთგანს დაქირავებული ყავდა დამკვრელების გუნდი, მხოლოდ მესამე ლიცეუმის ბავშვები უკრავდნენ თვითონ.

საერთოდ მთლიანად პროცესიაზე როგორც მოგახსენეთ ბალკანური მუსიკა ჭარბობდა, განსაკუთრებით ყველა გუნდს, ისევე როგორც ზემოთ ნახსენებ ლიცეუმს ქონდა ერთი ძალიან ცნობილი სიმღერა გორან ბრეგოვიჩის რეპერტუარიდან, რომელიც ჟღერდა კონკრეტულ მომენტში. მინორული ხასიათის მუსიკა  იწყებოდა მაშინ, როცა მონაწილეები წვებოდნენ მიწაზე(ზოგჯერ უბრალოდ ჯდებოდნენ), ერთმანეთის გვერდიგვერდ და აკეთებდნენ წრეს, რომლის შუაგულშიც იდგნენ მუსიკოსები. ზოგჯერ ქმნიდნენ ნახევარ მთვარეს, რომელიც სახით დამკვრელების დასტისკენ იყო მიქცეული. სევდიანი ჰანგები დაახლოებით 1 ან 2 წუთს ჟღერდა, მონაწილეებიც სვავდნენ და დამწუხრებულ სახეებს იჭერდნენ. მაგალითად ერთ-ერთ გუნდს ამ რიტუალის დროს  შემდეგი სახის წარმოდგენა ჰქონდა. მსახიობი ქალი, რომელიც მერკელს განასახიერებდა(ისევ ეს მერკელი :) ), თავის დამხმარე "გერმანელ ოფიცერთან" ერთად ძირს დაყრილ მონაწილეებს როზგავდა. თავისთავად მათრახი ნამდვილი არ გახლდათ, თუმცა ნამდვილი იყო ჯაჭვი, რომლითაც ერთმანეთზე იყვნენ გადაბმულნი აგურისფერ კომბინიზონში გამოწყობილი მსახიობები.
გრძელვადიანი "ცემა-ტყეპის" შემდეგ კი მინორული მუსიკა მაჟორული ნოტებით იცვლებოდა და ძირს დაყრილი "რაგუცარიელებიც" მხიარულებასა და სმას ეძლეოდნენ. ამ მომენტის არსში  ჯერ ვერ გავერკვიე, ვანგელომ ამიხსნა ეს უბრალოდ ტრადიციაა და რადგან ყველა ნასვამია ძირს წვებიან, არ ადარდებთ არაფერიო. თუმცა ზუსტად რატომ აკეთებენ ან საიდან მოდის ეს ტრადიცია და რა სიმბოლოებია მასში ჩამალული ამას მალე გავარკვევ, იმიტომ, რომ როგორც წავიკითხე მსგავსი ტრადიცია არსებობს ბერძნულ ქორწილებშიც. ჩემი გამორჩეული ყურადღება მიიპყრო კასტორიის მეორე ლიცეუმის გუნდმაც, რომლის თემა "მინი და მიკი" იყო. გემახსოვრებათ ალბად პატარა თაგუნიები ვოლტ დისნეის  მულტ სერიალიდან "მიკი მაუსი". უფროსკლასელები თაგუნიების ფორმებში გადაცმულიყვნენ და მორცხვად პოზირებდნენ კამერების წინ.




No comments:

Post a Comment