Thursday, January 12, 2012

რაგუცარია ანუ კარნავალი ბერძნულად (ნაწილი 2)

რაგუცარიის მონაწილეებთან ერთად ოფიციალური პირებიც შევნიშნე. რაღა თქმა უნდა მათმა ჩაცმულბამ და ქცევებმა მიკარნახა,რომ ისინი ქალაქის მერიას ან სულაც გუბერნიას წარმოადგენდნენ. არ შევმცდარვარ, მალე ტელევიზიის უცნაურად ჩაცმული წამყვანები გარს შემოეხვივნენ ამ სოლიდურ ხალხს და კითხვები დააყარეს.

                                              

წამყვანები მართლაც გამორჩეულები იყვნენ. 2 დამხმარე გოგონა და ერთიც მთავარი პუტკუნა მამაკაცი, რომელიც მთლიანად ჯამბაზის ფორმაში იყო გამოწყობილი უძღვებოდნენ პირდაპირ ეთერს. არც გოგონები ჩამოუვარდებოდნენ და თავიანთი წაწვეტებული ფორმის ქუდებითა და მხიარული კისკისით საზეიმო განწყობას უქმნიდნენ თავიანთ რესპოდენტებს. სამთავრებო პირთა მიმართვებიც მალე დასრულდა და როგორც იქნა პროცესია დაიძრა. პირველები სანტა კლაუსის გუნდი მოდიოდა, რომელსაც სათავეში ძალიან მხიარული, მაგრამ ცხოვრების არა ჯანსაღი წესის მიმდევარი სანტა ედგა. მთელი გზა ეწეოდა და "კოკა-კოლას" სვავდა. ბოთლში სავარაუდოდ ადგილობრივი ღვინო ესხა. წარმოუდგენელია საერთოდ დათვლა,რამდენი ლიტრი ღვინო დაილეოდა მხოლოდ ამ ერთ დღეს. მე თითქმის არცერთი მონაწილე არ მინახავ ს ბოთლის გარეშე,რომელიც სავსე იყო "სანატრელი" სითხით. მონაწილეები ძირითადად ციპუროს ანუ აქაურ არაყს, უზოს - ასევე არყის სახეობაა და ღვინოს სვავდნენ. აქვე დავძენ, რომ ბერძნული ღვინო დიდი ვერაფერია, ქართულს თუ შევადარებთ. თუმცა ვერც იმას ვიტყვით უგემურიაო, მე მაგალითად დასავლეთში დაყენებულ ღვინოს მირჩევია ბერძნული, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კახურ ღვინოს ვერაფერი შეედრება და ეს არამარტო ჩემი აზრია! ასეა თუ ისე მათი სასმელები მაინც ალკოჰოლურია და თანაც საკმაოდ ძლიერი, რაც თავისთავად მალე აისახა მონაწილეთა რეაქციაებსა და ქცევებზე. თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით :)

პროცესიის მსვლელობას დათვის ფორმაში ჩაცმული ქალბატონი აკვირდებოდა. ფორმა მართლაც გამორჩეული იყო, მასიური ყავისფერი ბექვი თავიდან ფეხებამდე ფარავდა მას, ზურგზე პატარა კუზი გაეკეთებინა, თავზე ყურები, თუმცა სახე არ ქონია შეღებილი. საერთოდ მსგავს კარნავალებზე და ქუჩის წარმოდგენებზე სახის შეღებვა ძალიან ხშირია. ადრე ძველ დროში მსახიობები მურს ან ნახშირს იყენებდნენ. მაგალითად ბერიკაობისა და ყეენობის მონაწილეები ხშირად გაიმურებოდნენ და ასე ჩაშავებულები ცდილობდნენ დამსგავსებოდნენ მურა დათვს, ან მგელს. ძველ ლინურ სამყაროში ბუნების აღორძინებასთან დაკავშირებულ დემეტრასა და დიონისეს დღესასწაულებში დემეტრა გამურული იყოხოლო დიონისე შავი თხის ტყავს ატარებდა, რაც ჩვენებურ "ყეენობასა" თუ "ბერიკაობაში" მეტად გამორჩეული კოსტუმია. ეს უცნაური ფორმიანი ქალნატონი მალე გავიცანი, ძალიან კარგად ფლობდა ინგლისურს და როგორც აღმოჩნდა ისკასტორიის ვიცე მერი გახლდათ. ამ შემთხვევაში კი უშუალოდ ხელმძღვანელობდა პროცესიას და ზოგადად ფესტივალს. ცდილობდა მონაწილეების გამხნევებას. მაყურებლებს ულოცავდა რაგუცარიასა და ახალ წელს (აქ ახალ წელს ლამის ნახევარი თვე ულოცავენ ბერძნები ერთმანეთს). ყურადღებას აქცევდა კარნავალის წამყვანს, ჟურნალისტებს, მოკლედ ეს ქალბატონი, სახელად ირინი აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გამოცდილი მონაწილე კარნავალის. მეც მეტი რა მინდოდა, ვცდლობდი სათითაო დეტალის მიმართ ყურადღების გამახვილებას და მისგან პასუხების მიღებას. მართლაც მრავალი საინტერესო ინფორმაცია მივიღე მისგან ზოგადად კარნავალის ისტორიისა და აწმყოს შესახებ. მე კი ამჯერად მოკლედ მოგახსენებთ, რომ  ეს არის 3 დღიანი საკარნავალო დღესასწაული. იწყება 6 იანვარს,  სანტა კლაუსთან ერთად, რომელიც  ბავშვებს საჩუქრებს აძლევს და სრულდება  8 იანვარს. მისი ფესვები არის უძველესი, სათავეს იღებს დიონისეს სადღესასწაულო რიტუალებიდან.  ჩვენამდე მოაღწია რომისა და ბიზანტიის მეშვეობით. სახელი კი უკავშირდება ბოშებს, მისი საწყისია ლათინური სიტყვა Rogatores, რომლის ზუსტ განმარტებას ჯერ კიდევ დავეძებ :))

რაგუცარიის მთავარი დანიშნულება ხალხის გამხიარულებაა. მონაწილეები გადაცმულნი არიან კოსტუმირებულ ტანსაცმელში და აწყობენ მსვლელობას ცენტრალურ ქუჩებში. კარნავალს  თან ახლავს მუსიკა და ღვინო, ითხოვენ საჩუქრებს ოჯახებისაგან. ვინაიდან მიაჩნიათ, რომ მათი ხმაურისა და დაფა-ზურნის წყალობით ოჯახებიდან და ზოგადად ქალაქიდან ბოროტი სულები შორს განიდევნებიან. იმოსებიან, როგორც ცხოველები (ძროხა, ირემი, თხა, აქლემები) და ზოგიც იცვლის სქესს, ქალები იცმევენ ბიჭურად, ხოლო მამაკაცები ქალის კაბებით იწონებენ თავს. ბოლო დღე ყველაზე გამორჩეულია, რომელიც ცნობილია როგორც "Pateritsa" ან "Pataritsa". ზეიმის დასრულებიდან მომავალ წლამდე კოსტიუმებიინახება სხვენში (Patari ბერძნულად სხვენს ნიშნავს).


No comments:

Post a Comment