Sunday, January 22, 2012

Όλα καλά

გამარჯობა!
როგორ ხართ ძვირფასო მეგობრებო?
ჩემსკენ  Όλα καλά -  ყველაფერი კარგადაა.
ეს პოსტი მართლაც სულ კარგ სიახლეებს შეიცავს, რაც გასულ კვირას მოხდა ჩემსა და ჩემი ოჯახის გარშემო.
დავიწყებ იმით, რომ საცხოვრებელი გამოვიცვალეთ. ძველი სახლიდან, სადაც 3 თვე დავყავი ახალში გადავედით. ძველი არაკომფორტული აღმოჩნდა ოჯახისთვის. როცა მარტო მე და გიო ვიყავით არაფერი უშავდა რა. სტუდენტური სახლი იყო, თავისებური სყუდენტური ცხოვრებითა და ალიაქოთით. როცა ჩემები ჩამოვიდნენ, გადავწყვიტეთ მოგვეძებნა რაიმე უფრო პატარა, კომფორტული და მყუდრო. სულ მალე დავიწყეთ განცხადებების კითხვა. ჯერ გაზეთები მოვსინჯეთ, აი ისეთი მანდ რომ "სიტყვა და საქმე" ქვია. შემდეგ უშუალოდ ქუჩები დავიარეთ. აქ ერთ კორპუს ვერ ნახავ ბინა რომ არ ქირავდებოდეს. მთლიანად სალონიკი გაქირავებულია ნახევრად. აქ ბერძნებს, რომლებიც უკვე მრავალი თაობაა ცხოვრობენ და ითვლებიან "კარენოი" სალონიკელებად დაგროვილი აქვთ დიდძალი ქონება. უმრავლესობა მათგანს ქალაქში 7-8 სახლი აქვს. ერთში, რომელიც საუკეთესოა თავის ოჯახიანად არიან განთავსებულნი და დანარჩენებს აქირავებენ და ცხოვრობენ ასე უდარდელად. თუმცა ახლა ძალიან არიან შეწუხებულნი. კრიზისის გამო ბინის ფასები დაეცა, გადასახადები კი გაიზარდა. იხდიან ბინის გადასახადს, ზუსტად რა ქვია არ ვიცი. ანუ ბინას თუ ვერ გააქირავებენ მინუსში მიდიან. აქ ყველა კორპუსს აქვს თავისი გადასახადი. მაგალითად დასუფთავების, ლიფტის, შიდა და გარე განათების. თუ ცენტრში ხარ უფრო ძვირია, იმიტომ რომ განათება მეტია და გადასახადიც დიდი მოდის. სხვათაშორის გადასახადები თვიური არაა. დენი 2 თვეში ერთხელ მოდის და წყალი კი 4-ში.
ბინის ძებნისას ბევრი კაი ვარიანტი ამოვწერეთ. იქვე ახლოს ვეძებდით სადაც ძველი სახლი იყო. ამოვიწერეთ და დავრეკეთ. ზოგი ინდივიდუალურად აქირავებდა, ზოგიც გრაფიოს დახმარებით ანუ ოფისის, სადაც მაკლერები ზიან და დამატებითი საფასურის ხარჯზე კაი ბინებს აქირავებენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საკუთარი ბინების გრაფიოები ქონდათ. აი მაგალითად ერთმა თქვა 11 ბინა მაქვსო, ყველა ჩემი საკუთარიო და გრაფიოც მაქვს მხოლოდ ჩემიო :))) ვერ წარმომიდგენია საიდან აგროვებენ ასეთ ქონებას, მარტო ბინები როდია. ნორმალურ ფენას აქვს 2-3 მანქანა, ველოსიპედები, მოტოები, ყველაფერი უდგას სახლში და მაინც წუწუნებენ. ხელფასებმა იკლო და ახალ ბინებს რომ ვეღარ ყიდულობენ დარდში იხრჩობიან :(( ვაი-ვაი ნეტავ ასეთი კრიზისი ჩვენთანაც იყოს  :))) სიამოვნებით ვიცხოვრებდი ასეთ საქართველოში. ;)
ბინა ევის დახმარებით ვიპოვეთ. ჩემი ბლოგის ერთგულ მკითხველს ემახსოვრება ეს ენერგიული და "ყოვლისშემძლე" ქალბატონი. სწორედ მან გვაპოვნინა ძველი ბინაც. ამ შემთხვევაში ევის უკეთესი, გაცილებით უკეთესი შემოთავაზება ჰქონდა ჩემთვის მომზადებული. მართლაც ახალი სახლი სადაც ახლა ვართ გაცილებით კომფორტული და "ოჯახური" აღმოჩნდა, ფასიც მისაღები იყო, ფართიც ნორმალური, ადგილიც კარგი. (იქვე ახლოს სადაც ძველი) კარგი კი არა შესანიშნავი. ესაა ახალი კორპუსი "ნავარინოს" ანუ ძველი რომაული სასახლის ნანგრევების პირზე. ლამაზი ხედით და მშვენიერი ბაღით გვერდზე. მოკლედ დაუფიქრებლად დავთანმხდით წინადადებას და 3 დღეში გადმოვბარგდით. სახლის პატრონთან კონტრაქტიც გავაფორმეთ. Ethimis-ი დაახლოებით 35 წლის ახალგაზრდა არქიტექტორია, რომელიც ბანკების ინტერიერის დიზაინზე მუშაობს და როგორც გავარკვიე საკმაოდ შეძლებულიც გახლავთ. სარეგისტრაციო განყოფილებაში მითხრეს შენი სახლის პატრონს კიდევ შვიდი ასეთი აქვსო ქალაქში :))) ყველაფერი 2-3 დღეში მოვაგვარეთ, ჩემი მეგობრის იანისის დახმარებით, ძველ სახლში ძველი რუმმეითი გიო დავტოვეთ და მე, ირი და ნინუცა ახალში გადმოვბარგდით.
კიდევ ერთი კარგი ნიუსი - ირინას და ნინუცას საბუთები გავუკეთეთ. დარჩენის ვადა გავახანგრძლივეთ, ასე რომ ჩემები მთელი პროგრამის მანძილზე ჩემს გვერდით იქნებიან. სიმართლე გითხრათ ეს ყველაფერი ცოტა ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდა. ისედაც მათი აქ ჩამოსვლა ძალინ დიდი სირთულეებით მოხდა. პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, მეორედ როგორც იქნა მიცეს ვიზა. გახანგრძლივება უფრო რთული აღმოჩნდა. ათასნაირი საბუთის თარგმნა, დამოწმება და სამდღიანი უსაშველო რიგში დგომა დაჭირდა. საოცარია აქ ვიზის გაგრძელებისა და საბუთების აღების მდგომარეობა. საბერძნეთში დარჩენის მსურველი ბევრია. უმრავლესობას ზანგები, პაკისტანელები და რაღათქმაუნდა ქართველები შეადგენენ. აუცილებელია დილის 6-8 საათამდე პოლიციის მთავარ შენობასთან რიგში დგომა, სადაც სიტუაცია უმართავია. ვის როდის დაუძახებენ, ვის როდის დაიბარებენ, ვის შეუშვებენ და ვის გააბრუნებენ - ხვალ მოდითო, ვერ გაიგებთ. ზანგებს ხომ მთლად ცხოველებივით ექცევიან. საწყლებიც დგანან შეფუთვნულები რიგში, ვინ იცის კვირიდან კვირამდე და ელოდებიან უფლებას -  ლეგალურად ცხოვრების. თუმცა მათ ცხოვრებას ცხოვრებაც არ ქვია. ესაა ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისათვის. მთელი დღე დგანან და რაღაცას ყიდიან ჩალის ფასად - ვინ საათებს დაატარებს, ვინ იამაიკურ სამაჯურებს ტენის ტურისტებს, ვინ ჩანთებს ყიდის და ვინ რას აღარ. ერთია, მათხოვარი ზანგი არ მინახავს, ანუ ყველა ცდილობს რაღაც გაყიდოს, ხელი არავის აქვს გამოწვდილი. აქ მარტო ბერძნები მათხოვრობენ ან ალბანელები. პაკისტანელებიც ძალიან მშრომელი ხალხია, მთელი დღე ყურებზე კაშნე შემოხვეულები დგანან "დახლებთან". მათი "ტავარი", წვრილმანი ელექტრო მოწყობილობები -სატენები, ნაოშნიკები, ელემენტები და ათასი ხარახურა, ასევე ინდური სურნელოვანი სანთლები, კაშნეები და ზოგჯერ ქოლგებია. აქ ყველა ნაციას თავისი სფერო აქვს აღებული. აი მაგალითად პაკისტანელები არ ყიდიან სამაჯურებს, ისევე როგორც ზანგები სურნელოვან სანთლებს. ქართველებს ქუჩის ვაჭრობაში თავისი კუთხე აქვთ. ესაა ტკბილი ბუბლიკები და ბულკები, რომელიც ძალიან შემოსავლიანია აქ. მე და იანისი ყოველთვის როცა მათ საყიდლად მივდივართ ქუჩაში, პირდაპირ ქართულად ვიწყებთ ლაპარაკს. გაოცებული და ყბადაღებული კაცების(ამ საქმეზე მარტო კაცები მუშაობენ) პირველი კითხვააა - ქართველები ხართ? მერე მიდის გამოძიება ვინ საიდანაა. რამოდენიმე კახელი გამყიდველი უკვე "ჩავიბრატეთ". ერთ-ერთი ასეთია შალვა მასწავლებელი, რომელიც ერთ-ერთ კახურ სოფელში 37 წელი სკოლის დირექტორი იყო, ახლა კი გაჭირვებას სალონიკშ ჩამოუყვანია. მთელ დღეს ქუჩაში ატარებს და ბულკებს ყიდის. ასეთია იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც კიდევ უფრო ახლოს გავიცანი საბუთების გაგრძელებისას. ეს 3 დღიანი პროცესი ძალიან დამღლელი აღმოჩნდა და კიდევ უკეთ დამანახა ბერძნული სამართალდამცავი სისტემების გაუმართავი მუშაობა. ვაღიარებ რომ ამ საკითხში ჩვენ საკმაოდ წინ ვართ წასულები. თუმცა უმადურივით არ მინდა გამომივიდეს, მადლობა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყველაზე დიდი მადლობა კი მაინც ჩემს მეგობარ იანისს ეკუთვნის, რომელიც ჩვენი ადვოკატი იყო მთელი ამ პროცესის მანძილზე და მართლაც შეუძლებელი შეძლო ;)
კიდევ ერთი სიახლე რაც გასულ კვირას მოხდა, არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ ორიოდ სიტყვით მაინც დავწერ. ალბად უმრავლესობა თქვენთაგანს მოეხსენება, რომ ჟურნალი "თელავური სერიები" დაიხურა. ეს იყო ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც პირადად მე მივიღე. ვთვლი რომ ამის უფლება მქონდა, რადგან ჟურნალი ჩემი დაარსებული იყო. თუმცა მესმის იმ ადამიანების გულისტკივილიც, ვინც ლამის 2 წელი ჩემთან ერთად აკეთებდა ამ ჟურნალს. ასევე ბევრი საყვედური და გულისტკივილი მივიღე მკითხველისგანაც. ყველას კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა, ეს იყო საუკეთესო გამოსავალი მოცემული მომენტისათვის. "მომენტის" არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჟურნალს ჩემი აქ წამოსვლა დაეტყო. დავკარგეთ ტემპი, ავტორები, "მუღამი". ხშირად ვეღარ ვიკრიბებოდით, უფრო სწორად ჩემი წამოსვლის შემდეგ არცერთხელ არ შემდგარა სტაფ მიტინგი. ჩემმა უახლოესმა გარემოცვის რამოდენიმე წევრმაც "გადამაგდეს". ზოგს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაახსენდა და ზოგს ალბად უბრალოდ დაეზარა. მივხვდი, რომ ამ შემთხვევაში ჟურნალის გაუფერულებას, ჩვენებურად "გაბანძებას" ისევ დახურვა აჯობებდა. ასეც მოვიქეცი და გამოვუშვი 4 გვერდიანი მე-19 გამოსამშვიდობებელი ნომერი. მე მჯერა, რომ მომავალში, როცა მე დაბრუნდები, თუ იქნება ნება ჩემი მეოგბრების მხრიდან და კიდევ მცირე ფინანსები ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ერთადერთ ელექტრონულ ჟურნალს კახეთში. ეს დღეც დადგება თუ ჩვენ ისევ შევიკვრებით ერთ გუნდად. მაშინ კი შეგვიძლია ვთქვათ - Όλα καλά.  თუმცა არც ახლაა ყველაფერი ცუდად. ის რაც გავაკეთეთ არაა პატარა საქმე. და ეს ჩემი სიტყვები არაა, ასე თვლიან მკითხველები, ასე თვლიან ავტორები, უბრალოდ ჩვენი მეგობრები და ნაცნობი ხალხის დიდი წრე. ასე რომ გილოცავთ ჩემო გუნდის წევრებო, ჩვენ ნამდვილად დიდ საქმეს ჩავუყარეთ საფუძველი და ნაწილობრივ კიდეც შევასხით ფრთები მას. ყველაფერი წინაა! ;)
ამ ამაღლებული განწყობის ფონზე მინდა დაგემშვიდობოთ, თემა მაქვს დასაწერი და გავიქეცი ახლა!
მომავალ პოსტამდე,
დროებით!

Sunday, January 15, 2012

რაგუცარია ანუ კარნავალი ბერძნულად (ნაწილი 4)

"რაგუცარია" ერთი შეხედვით უბრალო კარნავალის სახეს ტოვებდა. ზოგიერთ მომენტში მეჩვენებოდა, რომ არ იყო ორგანიზებული და ყველაფერი ქაოტურად ხდებოდა. მეტიც, ექსპრომტით და არა რაიმე გაწერილი პროგრამის მიხედვით. თუმცა ცოტა მოგვიანებით გავარკვიე, რომ კარნავალს ყავდა ჟიური. ჟიურიზე დაწვრილებით უფრო გვიან ალბად ჩემს თემაში დავწერ. რაც შეეხება კატეგორიებს, რომლებშიც გუნდები გამოდიოდნენ შემდეგნაირად გამოიყურებოდა: საშუალო სკოლები (სადაც თავისთავად მხოლოდ სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ), გიმნაზია-ლიცეუმები (ასევე მოსწავლეებისათვის), ინდივიდუალური (სადაც მხოლოდ ერთი მონაწილე გამოვიდა), ტრადიციული (ამ კატეგორიაში ძველებურ ტრადიციულ კოსტუმებში გამოწყობილი 2 გუნდი იღებდა მონაწილებას) და ბოლოს სატირა (სადაც 14 გუნდი პაექრობდა). ასევე იყო კატეგორია სტუმრები, რომელიც ჟიურის შეფასებაში არ შევიდა. კომოტინის კულტურულმა ასოციაციამ Trelacademy.com წარმოადგინა ჩვენება - "ლედი გაგა ძველ ეგვიპტეში". როგორც მოგახსენეთ, მრავალი  თანამედროვე და ცოცხალი ვარსკვლავების პროტოტიპებით იყო დახუნძლული კარნავალი. ლედი გაგა კი რაღათქმაუნდა ქალის ტანსაცმელში გადაცმული მამრი გახლდათ (მისი ფოტო ერთ-ერთ წინა პოსტში დავდე). როგორც ზემოთ ავღნიშნავდი კარნაველებში ხშირია მონაწილეთა მხრიდან საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ტანისამოსში პოზირება.მეც რამდენჯერ მინახავს ბავშვობაში იანვარსა და თებერვლის თვეებში თელავში გამოსული ბერიკები, რომელთაც სათავეში ნეფე-პატარძალი მოუძღვოდნენ, მანქანებს წინ უდგებოდნენ და ფულს სთხოვდნენ.(საერთოდ ეს ტრადიცია უძველესია და ყეენის მხრიდან ვასალურად დამოკიდებულ ქვეყნებში ხარკის აღებას განასახიერებს.) ყოველთვის მეგონა ხოლმე, რომ პატარძალი მართლა ქალი იყო. ისე ოსტატურად ინიღბებიან კახეთში, ერთი შეხედვით ვერ შეამჩნევთ "ქალის" კაცურ მხარეს. :) ამ თემაზე ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი სოფელ ალმატში (ესაა ერთადერთი სოფელი სადაც ბერიკაობაა შემორჩენილი). ამ ინტერვიუს უკვე ვრცლად ჩემს თემაში გავშლი. სტუმრად იყვნენ ჩამოსული ასევე სალონიკელებიც.
სტუმრების შემდეგ ინდივიდუალურ კატეგორიაში კასტორიელი დილიტრიოს პანაიოტისი გამოვიდა თემით - "ემიგრაცია".
 ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე დილიტრიოსი ჩემოდანით ხელში ავსტრალიაში წასვლას და იქ ფაბრიკაში მუშაობას გეგმავდა. კითხვაზე, რატომ ავსტრალია და არა გერმანია, გვიპასუხა, რომ გერმანიაშიც ისეთივე მძიმე სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციაა, როგორც საბერძნეთში. დემოკრატიას მონატრებული და საბერძნეთის ამჟამინდელ მთავრობაზე განაწყენებული ხშირად აკეთებდა თამამ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც გარშემომყოფთა დიდ მოწონებასა და ოვაციებს იმსახურებდა. უჩიოდა ყველაფერს და თან იმუქრებოდა, მომავალ არჩევნებზე რომ წავიდოდა, არავის მიცემდა ხმას. შიგადაშიგ ემოციურ ფონზე "ტიროდა" და თავისი თეთრი ცხვირსახოცით იმშრალებდა "ცრემლებს". იმედს იტოვებდა, რომ ემიგრაციიდან გამდიდერებული დაბრუნდებოდა და თავის ახლობლებსა და ნათესავებს დაეხმარებოდა, რაზეც ენაწყლიანმა ჟურნალისტმა მიუგო, - რო გამდიდრდები ჩვენც ნუ დაგვივიწყებო. "ემიგრანტის" შემდეგ ასპარეზი, ტრადიციულ თეატრალურ მასკებში გამოწყობილ ჯგუფებსა და სატირის კატეგორიის მონაწილეებს დაეთმოთ. კულტურული განვითარების ჯგუფი "Myisis" წარმოდგენა ძალიან შთამბეჭდავი იყო კოსტუმებიდან გამომდინარე. ყველას საოცარი ნიღბები და თეატრალური ტანისამოსი ეცვათ, ტანზე კი სხვადსხვა მცენარე თუ ბოსტნეული ჩამოეკიდათ. ეს ჯგუფი ყველაზე ახლოს იდგა ჩემს წარმოსახვაში არსებულ ძველ ბერძნულ კარნავალებთან, მათი ვიდეო გადაღებული მაქვს და სულ ცოტახანში ვრცლად გავშიფრავ, კონკრეტულად რა იყო მათი მესიჯი, რას ნიშნავდა ლოზუნგი "კარნავალი თქვენია, რაგუცარია ჩვენი". შემდეგი ჯგუფების წარმოდგენები ძალიან წააგავდა ერთმანეთს. მთვრალი მსახიობები. რომლებიც  რაიმე მაღაზიის, ბანკის, საზოგადოებრივი გაერთიანების ან ასოციაციების წარმოადგენლებით იყო დაკომპლექტებული გაუთავებლად როკავდნენ ბალკანურ ჰანგებზე. ფულს უტენიდნენ ჯიბეში მთავარ მესაყვირეებს და მუსიკას უკვეთდნენ, სვავდნენ და მიწაზე ფორთხავდნენ. განსხვავებული იყო მხოლოდ კოსტუმები, ვის აღარ ნახავდით აქ - პირველყოფილ ადამიანებს, გორილებს, პანდებს, კულინარებს, მუშკეტერებს, გერმანელებს მეორე მსოფლიოომიდან, Smurfs და Flintstones საბავშვო ანიმაციური ფილმებიდან. მე მათგან პანდების ორი წევრის ქმედება დამამახსოვრდა, როცა ერთი "პანდა" მეორე "პანდას", რომელიც მიწაზე იყო ჩაჩოქილი ზედ ეჯდა და პირში ალკოჰოლური სასმელით სავსე ბოთლს ტენიდა. მსგავსი სცენა ერთ-ერთ წიგნშიც მინახავს, ესეც აქაური ტრადიციაა და სახალხო სანახაობებისათვის დამახასიათებელი მომენტია. ასევე შევნიშნე მიწაზე დაჩოქილი მონაწილე, რომელსაც ყური საყვირზე ედო, მესაყვირე კი მთელი ძალით აკვნესებდა ზურნას. ეს როგორც გავარკვიე დომინანტობის გამომხატველია, ამ დროს მონაწილე ხაზს უსვამს, რომ მუსიკა მან შეუკვეთა, ფული გადაიხადა და ახლა მას, როგორც თავის საკუთრებას თვითონ ყველაზე გაფაციცებით უგდებს ყურს. ალბად იყო დეტალები, რომლებიც ასე ერთი შეხედვით ვერ დავიჭირე, ან ენის ბარიერის გამო გამომრჩა, მაგრამ ვრცელი მასალა (ორი კამერით გადაღებული, პლიუს ინტერნეტში განთავსებული ტელევიზიის გადაღებული ფრაგმენტები) უკეთ დამეხმარება მათ აღმოჩენაში.
თითქმის 17:00 საათი სრულდებოდა. ანგელოს ვკითხე მალე დასრულდებოდა თუ არა კარნავალი. მიპასუხა, ჯერ კიდევ 8 გუნდია გზაშიო. გადავწყვიტე რამოდენიმე გუნდის გამოსვლა გამომეტოვა და სანამ დაბინდდებოდა ქალაქის დასათვარიელებლად გავემართე. ვიწრო ქუჩებს ჩავუყევი ქვემოთ და სულ მალე თავი სანაპიროზე ამოვყავი. საოცრად ლამაზი ხედი გადამეშალა წინ. უდიდესი თვალუწვდენელი ტბა, მომცრო 2 კაციანი ნავები ნაპირთან, წყალში მოჭყუმპალავე გედები და იხვები, ერთ მხარეს სალი კლდეები, მეორე მხარეს გორები საიდანაც მზე ძლივსღა იჭყიტებოდა. საოცრად მშვიდი იყო იქაურობა.  მწვანე ფერში ჩაფლული სანაპირო ზოლი საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა. ბოლომდე აღარ გავყევი, გზადაგზა კადრებს ვიღებდი, მერე კი მზემ რომ იწყო ბოლომდე ჩასვლა, ისევ ვიწრო ქუჩებს ავუყევი. ვშიშობდი დასკვნითი ნაწილი არ გამომჩენოდა. დაახლოებით 10 წუთი მოვანდომე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ასვლას და გზაში არავინ შემხვედრია. სახლები დაკეტილი იყო. სინათლეებიც კი არ გამოდიოდა არსაიდან. მაშინ გავაანალიზე თუ რამხელა დატვირთვა აქვს ამ დღესასწაულების ციკლს კასტორიისათვის, საბერძნეთის წალკოტისათვის.
მალე საკმაოდ დიდ მოედანზე გავედი. აქ უკვე მოეყარათ თავი ყველა იმ მონაწილეს, რომლებიც ზემოთ, მთავარ არენაზე პოზირებდნენ კამერების წინ. უფრო სწორად მთავარი არენა აღმოჩნდა სწორედ ეს ადგილი, რადგან რაგუცარიის დასასრული აქ შედგა. ერთ სივრცეში თავმოყრილი ამდენი განსხვავებული კოსტუმისა თუ ნიღბის მქონე ბერძნები მართლაც გამორჩეული სანახავი იყო. ყველას თავისი წრე შეეკრა, თან ახლდნენ მუსიკოსებიც და ყოველ კუთხე-კუნჭულში ცეკვა -თამაში გაემართათ. შუაში იდგა მუსიკალური ინსტრუმენტები, გიტარები, ბარაბანი, თუმცა მე როცა მივედი იქ მხოლოდ ბავშვები თამაშობდნენ და აჩხარუნებდნენ დასარტყამ ინსტურმენტებს. გადავწყვიტე მომეძებნა ქალბატონი ირინი, რათა დაღამებამდე მომესწრო ინტერვიუს ჩაწერა. ავუყევი აღმართს და მალევე შემხვდა გზაში, ქალაქის მერთან ერთად მიემართებოდა თავშეყრის ადგილისაკენ. ჩემი თავი წარუდგინა მერს. ვიფიქრე, თუ შესაძლებელი იქნებოდა ისიც ჩამეწერა. თუმცა მათი დატვირთული გრაფიკის გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ირინიმ დამამშვიდა და დამპირდა, რომ ყველა კითხვას, რაც მასთან მაქვს და ასევე ზოგადად კარნავალთან დაკავშირებით, წერილობით, მეილის საშუალებით უპასუხებდა. კითხვები მეორე დღესვე გადავუგზავნე და ახლა სწორედ მის პასუხებს ველოდები. დარწმუნებული ვარ ისინი ამომწურავი იქნება და ჩემი თემის გავრცობაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს.
მალე დაბინდდა, ვჩქარობდი სალონიკში დაბრუნებას, ვიცოდი ბოლო ავტობუსი 19:00 საათამდე გამოდიოდა. ჩემს ძველ ადგილს დავუბრუნდი, სადაც ვანგელო კვლავინდებურად აგრძელებდა კარნავალის ბოლო მონაწილე ჯგუფების წარდგენას. საკონტაქტო ინფორმაციები გავცვალეთ და შევთანხმდით, რომ ფინჯანი ყავის თანხლებით ინტერვიუს ჩავწერდი. აპარატურა ჩავალაგე და ის ის იყო უკვე გამოვცდი მთავარ თავშეყრის ადგილს, რომ აყალმაყალის ხმა შემომესმა. მივყევი მას და თავი ჰიტლერის გერმანიაში ამოვყავი :) კარნავალის ბოლო გუნდი თემით "გერმანელები ბრუნდებიან" თითქმის მისულიყო დანიშნულების ადგილთან, როცა გუნდის "ოფიცრებს" შორის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ჩხუბი დაიწყო. სასწრაფოდ ამოვიღე კამერა ჩანთიდან და ჩუმად რამოდენიმე კადრიც გადავიღე. ამასობაში ერთ-ერთი ფოტოგრაფიც გავიცანი, რომელმაც ამიხსნა, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ ზოგჯერ მაინც ხდება კარნავალის დროს. ყველაფერის მიზეზი კი რაღათქმაუნდა მონაწილეთა გადაჭარბებული ზომით მიღებული ალკოჰოლია. მოჩხუბრები მათი მეგობრებისა და პოლიციის ჩარევით მალე დააშოშმინეს. მე იმ ქუჩებს, რომლებითაც დილით ამოვიარე ქალაქი, ქვევით დავუყევი. გზაში რამოდენიმე ჩამორჩენილი მონაწილე შევნიშნე. ძალიან დამთვრალიყვნენ. ზოგი მიწაზე იჯდა და დამხმარეებს ელოდა. ზოგიც კი მანქანებს აყუდებული ითქვამდა სულს :) 15 წუთში უკვე სალონიკის ავტობუსში ვიჯექი და უკან ვბრუნდებოდი. ვფიქრობდი გზაშივე მენახა მასალა, მაგრამ კასტორიიდან გამოსვლის თანავე ჩამეძინა.
ასეთი იყო ჩემი პირველი მოგზაურობა ქალაქგარეთ და ასევე ჩემი პირველი ბერძნული ფესტივალი ან სულაც კარნავალი. რაც მთავრია ბედნიერი ვარ, რომ კასტორია დავათვალიერე და უფრო მოხარული იმის გამო, რომ თემაზე უკვე სერიოზულად დავიწყე მუშაობა. იმედს ვიტოვებ რომ მომავალი კარნავალები, რომლებიც უკვე თებერვალშია უფრო საინტერესო და სანახაობრივი იქნება! ;)


p.s. რაგუცარიის ყველა პოსტში გამოყენებულია საიტის http://oladeka.blogspot.com მასალები. დიდი მადლობა ყველას ვინც დამეხმარა პოსტის მომზადებაში! ;)



Saturday, January 14, 2012

რაგუცარია ანუ კარნავალი ბერძნულად (ნაწილი 3)

ვიწრო ქუჩა სადაც "რაგუცარიის" პროცესია მიდიოდა სავსე იყო მაყურებლებით, რომლებიც ისედაც პატარა გზას სულ მთლად ავიწროვებდნენ. ხალხი სახლის აივნებს იყო მომდგარი და მომღიმარი სახეებით უქნევდნენ ხელს ერთმანეთს, ცდილობდნენ მასაში თავიანთი ახლობლები, ნათესავები და ნაცნობებია ამოეცნოთ, რაც საკმაოდ ძნელი იყო ზოგიერთის შემთხვევაში, ყველაფრის მიზეზი კი ნიღბები და გრიმები იყო. მაყურებელთა შორის იყვნენ ბავშვები, რომელთა უმეტესობაც ასევე ნიღბებსა და სხვადასხვა კომიქსის გმირებისა თუ ცხოველების ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი. გზადაგზა მხვდებოდა ტროტუარზე აღმართული დინამიკები, რომლებიც სხვადასხვა სახის მუსიკას უკრავდა, ძირითადად ბალკანურ რითმებს. ანუ მთელი ეს პროცესია მუდმივი მუსიკის თანხლებით მიემართებოდა. ქალბატონ ირინის ვკითხე საით მივდივართ თქო და მიპასუხა მთავარი მოედნისაკენ მივემართებით, სადაც ასე 16:00-ზე დასრულდება ყველაფერიო. უკვე ლამის 14:00 ხდებოდა. ვიფიქრე გადავიღებ უშუალოდ ფესტივალს, ჩავწერ ინტერვიუებს და იქნებ ქალაქის დათვალიერებაც მოვასწრო მეთქი. იქვე ირინის დახმარებით სანტა კლაუსიც შევიპირე ინტერვიუზე, როცა გინდა ჩამწერეო ღიმილით მომიგო, თუმცა მალე იქ ისე აირია ყველაფერი სანტა კლაუსს კი არა, ბავშვები საკუთარ დედიკოებს ვერ პოულობდნენ.სამწუხაროდ ინტერვიუც არ შედგა .
მალე უფრო ფართო ქუჩაზე გავედით, რომელიც ერთი მხრიდან მომცრო ტაძრითა და კორპუსებით, მეორე მხრიდან კი ტერასებით იყო შემოსაზღვრული. ყოველი კუთხე-კუნჭული გადაჭედილი იყო მაყურებლებით. ხალხი ასულიყო ქვის გალავნებზე, რომელითაც ტძრის ეზო იყო ქუჩისგან გამოყოფილი და თვალებზე ხელით მოჩრდილული აკვირდებოდა პროცესებს. ერთ კუთხეში იყო ქვის კიბე, რომელიც ადიოდა კორპუსის პირველ სართულთან, სადაც ძველი კაფე იყო, გარეთ კი მაგიდები გამოეტანათ. ნაწილი მაყურებლების სწორედ აქ ჩამომსხდარიყვნენ და მოელოდნენ კარნავალის მონაწილეებს. გავედი თუ არა ამ ქუჩაზე, მაშინვე ავირჩიე შემაღლებული ადგილი და დავიწყე გადაღება. უამრავი ფოტოგრაფი და კამერა მუშაობდა. აქვე ქუჩის ბოლო ნაწილში იყო დადგმული ორი ვიდეო კამერა, ერთი სტატიკურ მდგომარეობაში იყო, მეორე კი ამწეზე დაეკიდათ. მოშორებით შევამჩნიე კარნავალის წამყვანი. ლურჯ არისტოკრატულ შარვალ კოსტუმში გამოწყობილი, თავზე თეთრი ხუჭუჭა პარიკითა და გაპარსული სახით თითქოს პირდაპირ შუა საუკუნეების ევროპიდან გადმოაუპატიჟიათო. ეს ენაწყლიანი შოუმენი ვანგელო - თავისუფალი ჟურნალისტი გამოდგა, რომელიც კასტორიის გუბერნიაში მუშაობდა. მიუხედავად მისი მცირედი ინგლისურის მარაგისა, მაინც ვახერხებდი დროდადრო გასაუბრებას და ვცდილობდი კონკრეტულ დეტალებზე ინფორმაციის მოპოვებას.


სიტუაცია მალე "მოიქოქა". ჩაიარეს ჩემთვის ნაცნობმა სანტებმა, "ბავშვებმა", "მოგვებმა", თავზე დისკებიანმა ზარმაცმა მოსწავლეებმა. მეგონა ამით კარნავალი დასრულდებოდა. მე ხომ დასაწყისში მხოლოდ ისინი ვიხილე. ვანგელოს მივაკითხე და მითხრა ჯერ რა დროს დასასრულია, ახლა იწყება კარნავალიო . . .
სულ რაგუცარიის დასკვნით შოუზე 32 გუნდი გამოვიდა. თითოეულ გუნდში საშუალოდ 15-დან 50-მდე (ზოგჯერ უფრო მეტიც) მონაწილე ირიცხებოდა. ყველა მათგანს ქონდა სახელი და თემა. ყავდათ ლიდერი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში გამოკვეთილი იყო და თავში მოუძღვებოდა მათ. ზოგჯერ  ლიდერის ფუნქცია საერთოდ არ მუშაობდა და გუნდის ყველა წევრი თანაბრად იყო მთლიან სანახაობაში ჩართული. პროგრამის სათავეში იყვნენ კასტორიის საშუალო სკოლები, რიგითი თანმიმდევრობისა და ასაკის ზრდადობის მიხედვით. როგორც ზემოთ ავღნიშნე რაგუცარია ყველაზე პატარებმა სანტასთან ერთად გახსნეს. პირველიდან  მეხუთე კლასამდე ბავშვებისგან და მათი მშობლებისგან შემდგარი გუნდები თემატურად იყვნენ გამოწყობილნი, ჰქონდათ დიდი პლაკატები და ბილბორდები, სადაც მათი სკოლის, გუნდის სახელი, ასევე თემა და სხვადასხვა მოწოდებები ეწერა. რისი ჩაწერა და თარგმნაც მოვახერხე ასეთია : "სანტა კლაუსის სოფელი", "კიდევ ერთხელ გავხდეთ ბავშვები", "წიგნები მოვიდნენ", "ფონდი ცარიელია" (ალბად სკოლის ფონდს თუ გულისხმობდნენ :) ), "ფული არ გვაქვს და გვაცვია რაც გვაქვს". საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ  ამ კარნავალისათვის ძალიან დამახასიათებელია პოლიტიკური სატირა, ისევე როგორც ჩვენთან "ბერიკაობის" და "ყეენობის" სიუჟეტებშია შემორჩენილი პოლიტიკური თუ რელიგიური მოტივების სატირა. ყველაზე სახასიათო პერსონაჟებიც ჩვენ, ქართულ წარმოდგენებში სწორედ მეფეები, ყეენები, სამღვდელო პირები არიან. რაგუცარიასაც ხშირად დაჰკრავდა პოლიტიკური ელფერი, პირველად ეს ნომერ მეხუთე საშუალო სკოლის გამოსვლაზე აღმოვაჩინე სადაც შემდეგ ლოზუნგს "რაც გვქონდა და არ გვქონდა ყველაფერი წაიღეს" ნიკოლა სარკოზისა და ანგელა მერკელის პროტოტიპები მოჰყვებოდნენ ვალსის და ტანგოს ცეკვით. ბავშვების მშობლები ამ შემთხვევაში როგორც მივხვდი გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების ქმედებებს აპროტესტებდნენ. არც გამკვირვებია. არ გამკვირვებია ზოგადად პროტესტი. პროტესტი ხომ დამახასიათებელი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია ქუჩის სახალხო სანახაობებში. უბრალოდ ბერძნებს ამ შემთვევაში თანამედროვე გმირები შეუქმნიათ. 21-საუკუნის ვარსკვლავებს ხშირად შეხვდებოდით "რაგუცარიაზე". კოსტუმებზე ბევრს არ დავწერ, ეს მოგვიანებით უკვე ჩემს თემაში იქნება დაწვრილებით განხილული, ამჯერად უბრალოდ გთავაზობთ ფოტოების კოლაჟს, რომელიც ერთ-ერთი ადგილობრივი ფოტოგრაფის გადაღებულია.


შედარებით პატარებს თავში მოყვებოდათ მცირე ზომის პიკაპები ან ჯიპები, სადაც მათთვის მუსიკა იყო ჩართული, მთავარ გასასვლელში მოწყობილი აპარატურაც ეხმარებოდა მონაწილეებს განწყობის ამაღლებაში. ის ძირითადად ტრადიციულ ბერძნულ მუსიკებს უკრავდა, ეს ხდებოდა გუნდების გამოსვლების შუალედში. შუალედი ზოგჯერ ძალიან იწელებოდა, ამის მიზეზი კი მონაწილეთა რაოდენობა (ზოგჯერ ძალიან ბევრნი იყვნენ და გზადაგზა იფანტებოდნენ), ზოგჯერ კი უბრალოდ გაჩერებები იყო. ზოგიერთი საკარნავალო მანქანა და ჯგუფი დიდხანს ჩერდებოდა მაყურებლებთან და დანიშნულების ადგილზე მოსვლას აგვიანებდა. სწორედ ამ დროს მოუწოდებდა ვანგელო "დიჯეის"  მუსიკის ჩართვას, რომ ტემპი არ დავარდნილიყო. მალე შედარებით უფროსკლასელები გამოჩნდნენ, იქნებოდნენ ასე მეათე - მეთერთმეტე კლასელები. ყველას ალკოჰოლური სასმელი ეჭირა ხელში, სვავდნენ და მღეროდნენ. ინტერვიუებს აძევდნენ ტელევიზიებს და ყველას ახალ წელსა და "რაგუცარიას" ულოცავდნენ. გიმნაზიის და ლიცეუმის ბავშვები ყველაზე მოწადინებულები იყვნენ. ასეთი სულ 4 გუნდი იყო. ყველა მთგანს დაქირავებული ყავდა დამკვრელების გუნდი, მხოლოდ მესამე ლიცეუმის ბავშვები უკრავდნენ თვითონ.

საერთოდ მთლიანად პროცესიაზე როგორც მოგახსენეთ ბალკანური მუსიკა ჭარბობდა, განსაკუთრებით ყველა გუნდს, ისევე როგორც ზემოთ ნახსენებ ლიცეუმს ქონდა ერთი ძალიან ცნობილი სიმღერა გორან ბრეგოვიჩის რეპერტუარიდან, რომელიც ჟღერდა კონკრეტულ მომენტში. მინორული ხასიათის მუსიკა  იწყებოდა მაშინ, როცა მონაწილეები წვებოდნენ მიწაზე(ზოგჯერ უბრალოდ ჯდებოდნენ), ერთმანეთის გვერდიგვერდ და აკეთებდნენ წრეს, რომლის შუაგულშიც იდგნენ მუსიკოსები. ზოგჯერ ქმნიდნენ ნახევარ მთვარეს, რომელიც სახით დამკვრელების დასტისკენ იყო მიქცეული. სევდიანი ჰანგები დაახლოებით 1 ან 2 წუთს ჟღერდა, მონაწილეებიც სვავდნენ და დამწუხრებულ სახეებს იჭერდნენ. მაგალითად ერთ-ერთ გუნდს ამ რიტუალის დროს  შემდეგი სახის წარმოდგენა ჰქონდა. მსახიობი ქალი, რომელიც მერკელს განასახიერებდა(ისევ ეს მერკელი :) ), თავის დამხმარე "გერმანელ ოფიცერთან" ერთად ძირს დაყრილ მონაწილეებს როზგავდა. თავისთავად მათრახი ნამდვილი არ გახლდათ, თუმცა ნამდვილი იყო ჯაჭვი, რომლითაც ერთმანეთზე იყვნენ გადაბმულნი აგურისფერ კომბინიზონში გამოწყობილი მსახიობები.
გრძელვადიანი "ცემა-ტყეპის" შემდეგ კი მინორული მუსიკა მაჟორული ნოტებით იცვლებოდა და ძირს დაყრილი "რაგუცარიელებიც" მხიარულებასა და სმას ეძლეოდნენ. ამ მომენტის არსში  ჯერ ვერ გავერკვიე, ვანგელომ ამიხსნა ეს უბრალოდ ტრადიციაა და რადგან ყველა ნასვამია ძირს წვებიან, არ ადარდებთ არაფერიო. თუმცა ზუსტად რატომ აკეთებენ ან საიდან მოდის ეს ტრადიცია და რა სიმბოლოებია მასში ჩამალული ამას მალე გავარკვევ, იმიტომ, რომ როგორც წავიკითხე მსგავსი ტრადიცია არსებობს ბერძნულ ქორწილებშიც. ჩემი გამორჩეული ყურადღება მიიპყრო კასტორიის მეორე ლიცეუმის გუნდმაც, რომლის თემა "მინი და მიკი" იყო. გემახსოვრებათ ალბად პატარა თაგუნიები ვოლტ დისნეის  მულტ სერიალიდან "მიკი მაუსი". უფროსკლასელები თაგუნიების ფორმებში გადაცმულიყვნენ და მორცხვად პოზირებდნენ კამერების წინ.




Thursday, January 12, 2012

რაგუცარია ანუ კარნავალი ბერძნულად (ნაწილი 2)

რაგუცარიის მონაწილეებთან ერთად ოფიციალური პირებიც შევნიშნე. რაღა თქმა უნდა მათმა ჩაცმულბამ და ქცევებმა მიკარნახა,რომ ისინი ქალაქის მერიას ან სულაც გუბერნიას წარმოადგენდნენ. არ შევმცდარვარ, მალე ტელევიზიის უცნაურად ჩაცმული წამყვანები გარს შემოეხვივნენ ამ სოლიდურ ხალხს და კითხვები დააყარეს.

                                              

წამყვანები მართლაც გამორჩეულები იყვნენ. 2 დამხმარე გოგონა და ერთიც მთავარი პუტკუნა მამაკაცი, რომელიც მთლიანად ჯამბაზის ფორმაში იყო გამოწყობილი უძღვებოდნენ პირდაპირ ეთერს. არც გოგონები ჩამოუვარდებოდნენ და თავიანთი წაწვეტებული ფორმის ქუდებითა და მხიარული კისკისით საზეიმო განწყობას უქმნიდნენ თავიანთ რესპოდენტებს. სამთავრებო პირთა მიმართვებიც მალე დასრულდა და როგორც იქნა პროცესია დაიძრა. პირველები სანტა კლაუსის გუნდი მოდიოდა, რომელსაც სათავეში ძალიან მხიარული, მაგრამ ცხოვრების არა ჯანსაღი წესის მიმდევარი სანტა ედგა. მთელი გზა ეწეოდა და "კოკა-კოლას" სვავდა. ბოთლში სავარაუდოდ ადგილობრივი ღვინო ესხა. წარმოუდგენელია საერთოდ დათვლა,რამდენი ლიტრი ღვინო დაილეოდა მხოლოდ ამ ერთ დღეს. მე თითქმის არცერთი მონაწილე არ მინახავ ს ბოთლის გარეშე,რომელიც სავსე იყო "სანატრელი" სითხით. მონაწილეები ძირითადად ციპუროს ანუ აქაურ არაყს, უზოს - ასევე არყის სახეობაა და ღვინოს სვავდნენ. აქვე დავძენ, რომ ბერძნული ღვინო დიდი ვერაფერია, ქართულს თუ შევადარებთ. თუმცა ვერც იმას ვიტყვით უგემურიაო, მე მაგალითად დასავლეთში დაყენებულ ღვინოს მირჩევია ბერძნული, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კახურ ღვინოს ვერაფერი შეედრება და ეს არამარტო ჩემი აზრია! ასეა თუ ისე მათი სასმელები მაინც ალკოჰოლურია და თანაც საკმაოდ ძლიერი, რაც თავისთავად მალე აისახა მონაწილეთა რეაქციაებსა და ქცევებზე. თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით :)

პროცესიის მსვლელობას დათვის ფორმაში ჩაცმული ქალბატონი აკვირდებოდა. ფორმა მართლაც გამორჩეული იყო, მასიური ყავისფერი ბექვი თავიდან ფეხებამდე ფარავდა მას, ზურგზე პატარა კუზი გაეკეთებინა, თავზე ყურები, თუმცა სახე არ ქონია შეღებილი. საერთოდ მსგავს კარნავალებზე და ქუჩის წარმოდგენებზე სახის შეღებვა ძალიან ხშირია. ადრე ძველ დროში მსახიობები მურს ან ნახშირს იყენებდნენ. მაგალითად ბერიკაობისა და ყეენობის მონაწილეები ხშირად გაიმურებოდნენ და ასე ჩაშავებულები ცდილობდნენ დამსგავსებოდნენ მურა დათვს, ან მგელს. ძველ ლინურ სამყაროში ბუნების აღორძინებასთან დაკავშირებულ დემეტრასა და დიონისეს დღესასწაულებში დემეტრა გამურული იყოხოლო დიონისე შავი თხის ტყავს ატარებდა, რაც ჩვენებურ "ყეენობასა" თუ "ბერიკაობაში" მეტად გამორჩეული კოსტუმია. ეს უცნაური ფორმიანი ქალნატონი მალე გავიცანი, ძალიან კარგად ფლობდა ინგლისურს და როგორც აღმოჩნდა ისკასტორიის ვიცე მერი გახლდათ. ამ შემთხვევაში კი უშუალოდ ხელმძღვანელობდა პროცესიას და ზოგადად ფესტივალს. ცდილობდა მონაწილეების გამხნევებას. მაყურებლებს ულოცავდა რაგუცარიასა და ახალ წელს (აქ ახალ წელს ლამის ნახევარი თვე ულოცავენ ბერძნები ერთმანეთს). ყურადღებას აქცევდა კარნავალის წამყვანს, ჟურნალისტებს, მოკლედ ეს ქალბატონი, სახელად ირინი აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გამოცდილი მონაწილე კარნავალის. მეც მეტი რა მინდოდა, ვცდლობდი სათითაო დეტალის მიმართ ყურადღების გამახვილებას და მისგან პასუხების მიღებას. მართლაც მრავალი საინტერესო ინფორმაცია მივიღე მისგან ზოგადად კარნავალის ისტორიისა და აწმყოს შესახებ. მე კი ამჯერად მოკლედ მოგახსენებთ, რომ  ეს არის 3 დღიანი საკარნავალო დღესასწაული. იწყება 6 იანვარს,  სანტა კლაუსთან ერთად, რომელიც  ბავშვებს საჩუქრებს აძლევს და სრულდება  8 იანვარს. მისი ფესვები არის უძველესი, სათავეს იღებს დიონისეს სადღესასწაულო რიტუალებიდან.  ჩვენამდე მოაღწია რომისა და ბიზანტიის მეშვეობით. სახელი კი უკავშირდება ბოშებს, მისი საწყისია ლათინური სიტყვა Rogatores, რომლის ზუსტ განმარტებას ჯერ კიდევ დავეძებ :))

რაგუცარიის მთავარი დანიშნულება ხალხის გამხიარულებაა. მონაწილეები გადაცმულნი არიან კოსტუმირებულ ტანსაცმელში და აწყობენ მსვლელობას ცენტრალურ ქუჩებში. კარნავალს  თან ახლავს მუსიკა და ღვინო, ითხოვენ საჩუქრებს ოჯახებისაგან. ვინაიდან მიაჩნიათ, რომ მათი ხმაურისა და დაფა-ზურნის წყალობით ოჯახებიდან და ზოგადად ქალაქიდან ბოროტი სულები შორს განიდევნებიან. იმოსებიან, როგორც ცხოველები (ძროხა, ირემი, თხა, აქლემები) და ზოგიც იცვლის სქესს, ქალები იცმევენ ბიჭურად, ხოლო მამაკაცები ქალის კაბებით იწონებენ თავს. ბოლო დღე ყველაზე გამორჩეულია, რომელიც ცნობილია როგორც "Pateritsa" ან "Pataritsa". ზეიმის დასრულებიდან მომავალ წლამდე კოსტიუმებიინახება სხვენში (Patari ბერძნულად სხვენს ნიშნავს).


Wednesday, January 11, 2012

რაგუცარია ანუ კარნავალი ბერძნულად (ნაწილი 1)

დილით მაღვიძარა რეკავს . . . არ მინდა გაღვიძება და ვფიქრობ საერთოდ გავთიშო ტელეფონი, მაგრამ უცბად მახსენდება, რომ 8 იანვარი გათენდა და ელდანაცემივით ვდგები ლოგინიდან. დღეს რაგუცარიაა, ბერძნული კარნავალი, რომელსაც აგერ უკვე 2 თვეა მოველი და რომელზე დასასწრებადაც საგანგებოდ ვარ აღჭურვილ-მომზადებული (ან პირიქით). სწრაფად ვემზადები, ნინუცას და ირინას ვემშვიდობები და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ. ლიფტში მახსენდება, რომ დამრჩა უამრავი ნივთი, მაგრამ რაც მთავარია კამერები და დოკუმენტები თან მაქვს, საფულეც ჯიბეშია. გავრბივარ . . . ვიცდი . . . ავტობუსში დროს ვითვლი და უკვე ცხრის 20 წუთზე KTEL-ში, ანუ ბერძნულ ავტოსადგურში ვარ. სალაროსთან მისულს კი დაკეტილი მხვდება, ვკითხულობ და ჩემდა საოცრად ვარკვევ, რომ პირველი რეისი, რომელიც ინტერნეტ ინფორმაციაზე დაყრდნობით 08:30 ზე უნდა გასულიყო, გავა მხოლოდ 10:30-ზე. მიზეზი კი კვირა დღეა. ცოატა ხანს კაფეში ვიცდი, კოლას ვწრუპავ და თელავის ავტოსადგურს ვიხსენებ :))))  KTEL -ის და თელავის სადგურის შედარება უბრალოდ იმდენად უხერხულია, საერთოდ ვივიწყებ ამ უკანასკნელის არსებობის შესახებ და უბრალოდ ზოგადსაკაცობრიო ფიქრებს ვეძლევი :))) 20 წუთში სალარო იღება და მეც "ტუდააბრატნი" ბილეთით ხელდამშვენებული ვიწყებ ფიქრს როგორ მოვკლა ეს დარჩენილი დრო (დაახლოვებით საათნახევარი). გადავწყვიტე ისევ ქალაქში დავბრუნდე, "კტელი" ხომ ქალაქგარეთაა და თუ ქალაქში დავბრუნდები დროსაც გავიყვან და თან უაზროდ ერთ ადგილსაც არ დავტკეპნი, რაც დიდი შვებაა ჩემთვის.
აქეთ-იქით წანწალში ერთი საათი გამივიდა, შემდეგ საქართველოში ვურეკავ დედას და ბოლოს როგორც იქნა დგება ნანატრი დრო. ვჯდები კასტორიისკენ მიმავალ საკმაოდ კომფორტულ ავტობუსში და გავდივართ.
მთელი გზა მძინავს, ვცდილობ გამოვიღვიძო და ჩემი ბებერი "SONY"-ს კამერით ხედები გადავიღო, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება, მალე ისევ ვყვინთავ. ბოლო გამოღვიძებისას ვიწყებ კითხვების გადამეორებას, რომლებიც გუშინ ირინას ვათარგმნინე ქართულიდან ბერძნულად. ვკითხულობ ჩემს დამტვრეულ ბერძნულს და თან ვცდილობ გარშემომყოფებმა არ გამიგონ. შემდეგ გადამყავს ინგლისურად და ასე გადის ნახევარი საათიც. სალონიკიდან კასტორიამდე გზას 02:30 უნდა. თითქმის მთელი გზა დათოვლილია. პირველად ვნახე თოვლი საბერძნეთში. ერთხელ კი მოთოვა სალონიკშიც, მაგარამ სანამ სახლიდან ცხვირი გავყავი უკვე აღებული დამხვდა. გზაში ძალიან ვინანე და ახლაც ვნანობ, რომ მთელი სამთვიანი ჩემი საბერძნეთში ყოფნის მანძილზე პირველად გავედი სალონიკიდან. აქამდეც შემეძლო ახლომდებარე ქალაქებში გამგზავრება. რა ჯობია დილით ადრე ადგომას,ნაუცბადევად გამზადებას და სადმე გამგზავრებას, აი მაგალითად იქ სადაც პირველივე ავტობუსი მიდის . . .
კასტორიაში შესვლისას აღტაცებული ბავშვივით ვაცეცებ თვალებს. საოცრად ლამაზია ყველაფერი. უზარმაზარ ტბაში შეჭრილი ხმელეთი, ულამაზესი ქათქათა ქალაქი, სასწაულებრივი სანაპიროთი, თეთრი სახლებითა და ვიწრო, მოკირწლული ქუჩებით. ამ ყველაფერს კი თავზე მთები გადმოჰყურებს. გოროზი და ჯმუხი, მაგრამ მაინც ლამაზი.
ავტობუსი ცენტრში აჩერებს. კარგი ამინდია, თითქოს კასტორიელებს ამინდიც შეუკვეთიათო ღმერთებისათვის. არც ქარია. მზეა და ბრწყინავს იქაურობა. ჩამოვდივარ და იქვე ჩამომსხდარ 4 ახალგაზრდას, რომლებმაც ჩემთან ერთად იმგზავრეს ვეკითხები გზას, თუ როგორ მოვხვდე რაგუცარიაზე. მირჩევენ გავყვე მუსიკის ხმას და უცნაურად ჩაცმულ ხალხს, რომლებიც უკვე ირევიან სადგურთან ახლოს. მოვდივარ და უკნიდან ერთ-ერთი მაწევს რჩევას, რამე ალკოჰოლური დალიე, ფხიზელი რაგუცარიაზე ყოფნა არ შეიძლებაო, მეცინება, ოკ-მეთქი. მივყვები ვიწრო ქუჩას, ავდივარ აღმართზე და უკვე გულში მწვდება დამფა-ზურნის ხმა.
2 წუთში თავი მცირე გზაგასაყარზე ამოვყავი, სადაც 2 ქუჩა ერთდება (ან სამი), აქ მოუყრიათ თავი მონაწილეებს, უფრო სწორად მე მეგონა ასე, რომ მხოლოდ ამ ვიწრო ქუჩების შესაყარზე იყვნენ მოწყობილნი მონაწილეები. გზა მთლიანად ეკავათ რამოდენიმე ჯგუფს, როგორცშემდეგში გავარკვიე, გუნდებს რომლებიც ცარნავალის თავში იყვნენ მოქცეულნი. იქ სადაც მე დავდექი, რათა ფოტოები და ვიდეო გადამეღო შეკრებილები იყვნენ სანტა კლაუსის
გუნდი, სანტას ხელმძღვანელობით და ასე 20-მდე პატარა სანტა კლაუსი ბავშვებით ასევე მათ უკან იყვნენ მათი მშობლები, რომლებიც ასევე სანტების ფორმაში იყვნენ. მათ უკან კი ჩვილი ბავშვების და თოჯინების ტანსაცმელში გამოწყობილი "ბავშვების" ჯგუფი იდგა. "პატარებს" თავზე კომპაკტ დისკებიანი ადამიანების გუნდი მოსდევდა. მათი მთავარი ლოზუნგი კი ასეთი იყო "როცა წასაკითხი მაქვს მეზარება", სიმბოლოდ კი წითელი ბუ აერჩიათ, რომელსაც კარგად რომ

დავაკვირდი თვალებში ცრემლები ქონდა ჩამდგარი. როგორც მივხვდი "ინტელექტუალ" ბერძნებს (ბუ ხომ ინტელექტუალობის ნიშანია) ძალიან ეზარებათ კითხვა. არც გამკვირვებია. ქუჩაში რომ გააჩერო ბერძენი სტუდენტი და მითოლოგიაზე ან ისტორიაზე დაელაპარაკო, ყბა ჩამოგივარდება კაცს. მგონი ამათ ზევსისა და პოსეიდონის არსებობაც კი დაივიწყეს საბოლოოდ :)))
მცირე გორაკზე და ასევე ქუჩის ნაპირებთან მაყურებლებს მოუყრიათ თავი, ძირითადად, უფროსი ასაკის წარმომადგენლებს, ფოტოგრაფებს და ტურისტებს. თუმცა სიმართლე გითხრათ მაინც და მაინც ბევრ ტურისტს ვერ ვხედავ, ვგულისხმობ უცხოელებს. მაყურებლები და მონაწილეები ძალიან ხშირად ეხვევიან და კოცნიან ერთმანეთს, რაც იმის მანიშნებელია, რომ იცნობენ ერთმანეთს, ანუ ფესტივალზე ქალაქის ერთი ნაწილი მაყურებლის, მეორე კი მსახიობების როლშია. ტურისტების ნაკლებობაზე ისიც მოწმობს, რომ სულ მალე დაინტერესდნენ ჩემით ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, რომლებიც რაგუცარიას აშუქებდნენ. მათი ყურადღება ჩემმა ჩაცმულობამ და შლაპამ მიიპყრო, რომელიც ბერძნებისგან ხშირად გამომარჩევს ხოლმე. როცა იგებდნენ რომ საქართველოდან ვიყავი, ხომ მთლად გაოცებულები მიტრიალებდნენ კითხვას. ამერიკაში რომ ჯორჯიაა იქიდან თუ ღეორღიადანო. მესმის მათი, აქ ქართველებს ერთნაირი სტილი აქვს, არ მოვყვები ახლა მათზე. ერთსაც გავიხსენებ, მთვრალი სტუდენტების გუნდი მაჩერებს, შეღებილი სახეებით და მთხოვენ მათ მეგობარს დავუძახო "ცუცო", მისი ბავშვობის დროინდელი სახელი, რომელზეც ის ძალიან ღიზიანდება. მეკითხებიან საიდან ვარ და ვისთან ერთად ვარ. როცა იგებენ, რომ ქართველი, მარტო ჩამოვიდა "რაგუცარიაზე" დასასწრებად კითხულობენ ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას (ანუ გიჟი ხომ არ ხარო?) :))) ყველას უკვირს ჩემი იქ ყოფნა, ვინც ახლოს გავიცანი. მე კი მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა შევუდექი საქმეს, გავედი საველე სამუშაოზე და უშუალოდ ჩავერთე პროცესში, რომელზეც მოკლე ხანში სადოქტორო ნაშრომი უნდა დავწერო. არა, მხოლოდ რაგუცარიაზე როდი ვწერ. მოგეხსენებათ, ჩემი თემა "უძველესი ქართული და ბერძნული სახალხო თეატრალური სანახაობებია". რადგან ეს პირველი სანახაობაა, რასაც საბერძნეთში ვესწარებ ძალიან შემართული და აღტაცებული ვიყავი. მოკლედ როგორც კი მივედი დავიწყე ორი კამერით მუშაობა. მიუხედავად იმის, რომ არც ჩემი "ქვის ხანის დროინდელი" SONY-ა პროფესიონალი და არც იას ნათხოვარი დედისერთა 8 მეგაფიქსელიანი PENTAX, იხტიბარს არ ვიტეხდი და გამოცდილი ჟურნალისტივით (და არა ვარ თუ რა?!) დავხტებოდი აქეთ-იქით. ადგილობრივი ტელევიზია აშუქებდა თურმე მთლიან მსვლელობას, არც კი შემიმჩნევია რომ LIVE იყო. ვცდილობდი მეც მათ მხარდამხარ "დამეჭირა" ყველაფერი. მთელი ეს ვიდეოები ფრაგმენტულადაა თავმოყრილი ამ ლინკზე - http://www.alphafm.gr/archives/37059


Friday, January 6, 2012

საშობაო პოსტი

ქრისტეს შობას გილოცავთ ყველას!
როგორ გიკითხოთ ჩემო მკითხველო?
მე კარგად ვარ, ჩემსკენ ყველაფერი ნორმალურადაა, იმაზე უკეთ, ვიდრე გასულ თვეს იყო და ამის მთავარი მიზეზი კი  ჩემი ოჯახის ჩამოსვლაა.
ეს მცირე პოსტი მინდა საახალწლო თემატიკას მივუძღვნა.
ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ ჩვენ როგორ შევხვდით ახალ წელს.
ქართველი სტუდენტების უმეტესობა 30-31 ში რომსა და პარიზში გაიკრიფა, აქ შემორჩენილებმა კი მცირე სუფრა გაშალეს. 23:00-ზე უკვე იას, მირანდასა და სოფოს მომზადებულ კერძებს შევექცეოდი და ბიძაჩემის გამოხდილი არყით სულს ვხდიდი სამ უცხოელ სტუმარს. ისე სომხებს უცხოელი რამდენად შეიძლება ვუწოდოთ არ ვიცი. არამს, ჯულიას და ირინას თავი კარგად ეჭირათ, არამი რომ კარგად სვავს ვიცი, ჩვენი მეგობარია(სულ მალე დავწერ ერთ პოსტს სამ ყველაზე ახლო მეგობარზე ვინც აქ გავიცანი, მათ შორის არამზეც). ნინუცა თავისთვის თამაშობდა, თუმცა მალევე აურია და ირინას არ აცდიდა არც დალევას და არც ზოგად მხიარულებაში ჩართვას. ზუსტად 24:00-ზე ტელევიზორი ჩავრთეთ, ამათმა პრეზიდენტმა უკუთვლა დაიწყო და ჩვენც დიდი ოვაციებით მივულოცეთ ერთმანეთს ახალი წელი. დიდი მადლობა გოგოებს არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის!
სახლში მალე დავბრუნდით, ბავშვს ეძინებოდა და წუხდა . . .
დანარჩენი დღეები საქართველოსაგან განსხვავებით დალევებისა და "პახმელიების" გარეშე გაგრძელდა. სტუმრიანი ოჯახი კი გვაქვს, მაგრამ სულ 2-3 კაცი მოდის ხოლმე, შიანაურები და მაინც და მაინც ბევრს არც ვსვავთ.
პირველ, ორში დავინტერესდი რა ხდებოდა ახალ წელს მანდ, ზოგი ინფო ნეტიდან ამოვიკითხე, ზოგიც უფრო ლოკალური(ანუ თელავური) სკაიპის მეშვეობით გავარკვიე. თელავში როგორც ყოველთვის არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ვფიქრობ ზეპირად შემიძლია კიდეც ჩამოვთვალო ყველა ის ადგილობრივი შემსრულებელი, რომელიც საახალწლო კონცერტზე გამოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ არავის უთქვამს ვინ იყვნენ იმ საღამოს ცენტრალურ მოედანზე შეკრებილნი. ეს ერთმანეთის მსგავსი ახალი წლები აღარ დამთავრდა და ასე მგონია საუკუნოდ ასე გაგრძელდება. ერთი მოწვეული სტუმარი ცენტრიდან (ამჯერად ჯგუფი "რეგიონი") და დანარჩენი ადგილობრივი შემსრულებლები, რომლებსაც რაღა თქმაუნდა არაფერს უხდიან. ჰონორარი - "ფოჩიანი კამფეტი" და ძმობისა და ჩახუტების სადღეგრძელო კულისებში - აი ასე იყო და რაღაც არ მგონია  წელს რამე შეცვლილიყო. ეეეეხ . . . რაც შეეხება სტუმრებს, მე ეს ჯგუფი მომწონს, თუმცა ვშიშობ თელაველებისათვის ცოტა არ იყოს უცხონი იქნებოდნენ, რადგან არც თუ ბევრს ვიცნობ მანდ ვინც რეგის და ამ ჯგუფს უსმენს. :( ჰონორარის თემაზე კი მართლაც გულდასაწყვეტია, რომ არასოდეს არ ხდება თანხების გადანახვა თუ გამონახვა ადგილობრივი შემსრულებლებისათვის. მახსოვს რამოდენიმეჯერ იყო მსგავსი შემთხვევა, როცა მეც ვმღეროდი. ყოველთვის როცა კონცერტისა თუ ახალი წლის დრო ახლოვდებოდა იწყებოდა შემოთავაზებები -  გამოდით და იმღერეთ, ქალაქს უყვარს თქვენი სიმღერებიო(გულისხმობდნენ ჩემსა და ჩემი მეგობრების, "სექტორი 03"-ის სიმღერებს, რომლებსაც იმ დროს რადიო "ჰერეთსა" და "ჩვენ რადიოში" მართლა მაღალი რეიტინგები ქონდა.) ჩემი მხრიდან კი ყოველთვის იღებდნენ კითხვას, ჰონორარი რა იქნება თქო? ეს იყო კითხვა, რომელზეც ეწყებოდათ "ელეთ-მელეთი". რასაც შემდეგ მოსდევდა ნერვებ აშლილი და უკვე დაძაბულ ტონში ჩასმული საუბარი იმის თაობაზე, რომ ეს კონცერტი კეთდება ქალაქისათვის, რომ ჩვენ ვართ თელაველები და რომ სწორედ ჩვენ უნდა შეგვტკიოდეს გული, რომ ეს კონცერტი გაიმართოს და ყველა ბედნიერად შევხვდეთ ახალ წელს . . . ეხ ასე ყოფილა - "შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო". რამოდენიმეჯერ მოხდა - უამრავი ვარსკვლავი ჩამოიყვანეს და ზოგს 1500 ლარები, ზოგს კი უფრო მეტიც გადაუხადეს. ადგილობრივი მომღერლები კი, რომლებსაც მათზე მეტად ჭირდებათ ჰონორარი, რომ განვითარდნენ, ყოველთვის "ნოლზე" ეჯდათ. არ ვიცი რამდენად მართებულად ვმსჯელობ, ბევრ თქვენთაგანს შეიძლება გაუკვირდეს ჩემი ასეთი მიდგომა. არა, არც იმას ვამბობ ყოველთვის ფულს ვითხოვდით თქო მე და ჩემი მეგობრები. ათასჯერ გვიმღერია უფასოდაც, მაგრამ ბოლოს მივხვდით, რომ ამ "უფასო" კონცერტებზე ყოველთვის ტრიალებდა ფული, მაგრამ სხვა მიმართულებებით. ხოდა, ჩვენც ავდექით და მოვითხოვეთ.
 სამწუხაროა თუ კვლავ იგივე ტენდენციაა, იმედს ვიტოვებ ვცდები და წლევანდელი ადგილობრივი გამომსვლელები ჩვენგან განსხვავებით ჰონორარებით დაასაჩუქრეს (რომელსაც ისევ და ისევ თავიანთი კარიერის განვითარების მიზნით გამოიყებნებენ -ჩაწერენ სიმღერებს, გადაიღებენ კლიპებს, დაატრიალებენ რადიოებში ან სულაც სიდის გამოუშვებენ, ჩვენც ხომ ამ მიზნისათვის გვინდოდა ჰონორარები). იმედია ეს დროც მალე დადგება და ხელოვანი პერიფერიიდან ისეთივე დაფასებული იქნება როგორც "სვეცკი" და "გატელევიზორებული" ვარსკვლავები ცენტრიდან!
ახლა რა ხდებოდა აქ, ზოგადად სალონიკში. . .
კონცერტი სადმე ცენტრალურ მოედანზე, როგორც ეს საქართველოში ხდება აქ არ გამართულა.  ბერძნებს სულ არ აინტერესებთ ახალი წლის ღამეს გარეთ შეხვედრა. ან ხვდებიან სახლში და მერე მიდიან კლუბებში, რომლებიც კენჭებივითაა მიმობნეული მთელ ქალაქში ან რესტორნებსა და ტავერნებში აღნიშნავენ და დილამდე მიდის ჭამა-სმა-ცეკვა-თამაში. თუმცა გავიგე ათენში ყოფილა კონცერტი, მაგრამ მეეჭვება ისეთი გრანდიოზული ყოფილიყო როგორც ბათუმში, სადაც ხულიო იგლესიასი ჩამოუყვანიათ. სიმართლე გითხრათ მე ამ კაცის არაფერი მომისმენია და ალბად მანდ რომ ვყოფილიყავი არც წავიდოდი. ისე ამ ბოლო ხანებში ვატყობ ძალიან ნოსტალგიური ევენთები გვაქვს. ტრადიციად იქცა ჩვენი მშობლების თაობის საყვარელი ჯგუფებისა თუ მომღერლების ჩამოყვანა და "პრაზდნიკებზე" მათი ამღერება - ტოტო კუტუნიო, ხულიო, კრის დე ბურგი და ვინ იქნება შემდეგი? თუმცა კონცერტებზე მოზღვავებულ მასას თუ შევხედავთ და მათ ბედნიერ სახეებს დავაკვირდებით ადვილად მისახვედრია, რომ ახალგაზრდებსაც უყვართ ან უყვარდებათ (სხვა გზა არც აქვთ) ეს წარსულის "აჩრდილები". თბილისის კონცერტიც გამორჩეულად "ძველი" გამოსულა. სადღაც ნეტში წავიკითხე ნაფტალინიდან ამოღებული მომღერლებისა და მათი საუკუნის წინანდელი სიმღერების რემიქსებით გადაგორებული საახალწლო შოუს შესახებ. კიდევ ერთი ახალი ამბავი რააა . . . სხვას არც მოველოდი. ის რაც დაინერგა და შემოვიდა 20 წლის წინ დარჩა და რჩება დღემდე შეუცვლელად . . . თუ მოგწონდა 10 წლის წინ, ესეიგი დღესაც მოგეწონებაოოო . . . არ მოგეწონება და დაგიხრჩვია სასმელში თავი . . . ტელევეზიებიცა და მთელი ეს "შოუ-ბიზნესიც" სწორედ ამ მიდგომით მიდის და სადამდე გაგრძელდება ასე ღმერთმაც  არ უწყის . . .
მოკლედ დადგა არაფრით გამორჩეული 2012 წელიც და ამ ყველაფრის შემდეგ როგორ უნდა დაიჯერო კაცმა, რომ ეს წელი იქნება სწორედ ის წელი შენსა და ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში რომ იქნება ათასი "გემრიელი" ცვლილების მომტანი. ამ ყველაფერს თუ მაიას ტომის ბელადების ბოდვებსაც დავუმატებთ, მთლად იმედ გადაწურულ სიტუაციაში აღმოვჩენილვართ და ეგაა, მაგრამ მე მაინც  (არ ვიცი რატო, მაგრამ მაინც) მეიმედება, რომ თუ მოვინდომებთ ყველაფერი კარგად იქნება. ამისათვის კი მე უკვე დავიწყე ზრუნვა, რომ ასე იყოს! იმედია ის იმედდები და სურვილებიც რაც ჩემს პატარა ოჯახს აქვს ამ წელს, ახდება. თქვენც იგივეს გისურვებთ! ოღონთ მთლად უფალს არ მიაჩერდეთ და ხელის გატოკებაც ნუ დაგავიწყდებათ!
საუკეთესო სურვილებით,
გემშვიდობებით მომავალ პოსტამდე!