Friday, November 4, 2011

პოლიცია

"მილიცია-პოლიცია, საბუთი არ მომიცია . . ."
ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ეს ფრაზა, დანგრეული მილიციის მანქანების დანახვაზე რომ გავიძახოდით ხოლმე ბავშვები. მახსოვს, ისიც, რომ ხშირად ვთამაშობდით "ომობანას" ან "მაფიოზობანას" და ვამზადებდით ე.წ. პოლიციის ან F.B.-ს თანამშრომელთა მოწმობებს და ვაკრავდით შიგნით სხვადასხვა ჰოლივუდური ბლოკბასტერის გმირების ფოტოებს, რომლებიც მაშინდელ საღეჟ რეზინებს მოსდევდა თან. 
გავიდა დრო და მახსოვს, რომ პოლიციისადმი ზიზღი გაუჩნდა ყველას ჩემს გარშემო, არავის უნდოდა პოლიციელობა და ყველა "ქუჩურს აწვებოდა". იყო ერთი დიდი "ქურდებს სიცოცხლე, ძაღლებს სიკვდილი". ჩემი თინეიჯერობა სწორედ ამ კრიმინალურ სამყაროში ჩაძირულ საქართველოში გავატარე და დღემდე მახსოვს, ის საშინელი სახე მაშინდელი მილიციის, რომელიც ყოველი ჩვენი სოფელში ვოიაჟის დროს იჩენდა ხოლმე თავს. შანსი არ იყო გაგვევლო გზაზე და სოფელ აკურასთან მდებარე "ტეკთან" არ გავეჩერებინეთ, მუდამ ფულს ითხოვდნენ და თუ ვეტყოდით არ გვაქვსო, მათხოვრებივით ძვრებოდნენ საბარგულში, იღებდნენ ყველაფერს რაც იჭმეოდა და არა მარტო. მოკლედ "კანონიერად" გვძარცვავდნენ რა. საშინელება იყო.
მერე კი რაც მოხდა და როგორც გახსოვთ თქვენც.
ახლა რა სიტუაციაა ამ მხრივ ეგეც კარგად მოგეხსენებათ, არ ვაპირებ ახლანდელი პოლიციის ქება დიდებას.მაგრამ უნდა აღინიშნოს, რაც იყო იმას ნამდვილად ჯობია, დაწყნარდა სიტუაცია და აღარც ისეთი კრიმინალური დანაშაულის დონეა, როგორც ჩემს ბავშვობაში. "ქურდული სამყაროც" გააქრეს, თუმცა არაფერი შეცვლილა მასის აზროვნებაში. პოლუსები იცვალა ამ ხალხის მისწრაფებებმა და ერთიდან მეორე უკიდურესობაშიც მოადინა ზღართანი ახალგაზრდულმა ოცნებებმა. ადრე თუ ჩემი სამეგობრო და საახლობლო წრის ბიჭები ქურდობაზე ოცნებობდნენ და "აშავებდნენ", ახლა პირიქით, ყველა საპატრულოში მოხვედრას ლამობს თითქმის და "ათეთრებს" ;) გოგოებიც სულ კრიმინალ და ქუჩის მოჩხუბარ ბიჭებზე რომ კარგავდნენ გონს, ახლა პოლიციელებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელებზე გათხოვებას ესწრაფიან. ადრე თუ "ასეთი იყო ქურდი კაცის ბედი", ახლა "ჩვენი ძალა გამჭვირვალე შენობაშია". ასეა მასაში, რათქმა უნდა გამონაკლისებია და კიდევ კარგი. არ შეიძლება ყველა ერთნაირი იყოს, ყველა ერთ სტრუქტურაში იყოს, ძალაუფლება და კონტროლი ერთს ეჭიროს ხელში. ნებისმიერი უკიდურესობა დამღუპველია საზოგადოებისათვის. ასეთია ჩემი მოსაზრებები, შეიძლება რაღაც კარგად ვერ გადმოვეცი წერისას. მთავარი აზრი კი მგონი გასაგებია.
თუმცა პოსტი ბერძენ პოლიციელებზე უნდა დამეწერა, მაგრამ წერამ და მოგონებებმა შემითრია.
ახლა რაც შეეხებათ მათ.
შორი თუ ახლო კონტაქტიდან გამომდინარე დაახლოებით დავინახე ამათი სახე.
პოლიციას აქ ძალიან მინიმალური ძალაუფლება აქვთ. არ პატრულირებენ როგორც ჩვენთან, თუ დადიან ჯგუფურად, ასე 5-6 კაცი ფეხით, ზოგჯერ ორი მოტოციკლით, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად. ადრეც ვწერდი რა ხანია ჩამოვედი თქო და არ მინახავს პოლიცია მეთქი. პირდაპირ გეტყვით აქ ისინი არავის ადარდებთ, არ ეშინიათ საერთოდ. აი ჩვენთან რომ შიშის სინდრომია, აქ ბერძნებს რომ მოუყვე ვერც კი გაიგებენ შენს მონაყოლს. ვერ აღიქვავენ უბრალოდ. იმიტომ რომ აქ პოლიცია "დაჩმორებულია", თუმცა აქვე ვიტყვი რომ ვაჭარბებ. ვაჭარბებ იმიტომ, რომ ესენი სხვა ხალხია, საერთოდ სხვა. "დაჩმორება" მოდის იქიდან, რომ პოლიციას საქმე არ აქვს. აქ  ეს პროფესია როგორც ვხვდები ძალიან მოსაწყენი და უსაფრთხოა. ანუ ბერძენი ახალგაზრდები არასოდეს ჩხუბობენ, არ ხმარობენ დანას, არ კლავენ, არ ძარცვავენ მაღაზიებსა და სახლებს. მოკლედ აქ თვითონ ხალხია იმდენად წესიერი, რომ მე პირადად პოლიციის საქმეს ვერ ვხედავ რა. მართლა საოცრად წესიერები არიან, ღამის 5 საათზე რო გახვიდე ქუჩაში, საოცრებებს ნახავ. მანქანები დგანან შუაღამისას და შუქნიშანზე ელოდებიან მწვანეს, როცა გარშემო კაციშვილი არაა, პოლიციაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. ქართველი პირადაპირ დაადებდა თავს . .  . ასეთია ბერძენთა წესრიგი და შენ რაც გინდა ეძახე ამათ, "გაჭირვებული ევროპელები", "კრიზისში მყოფი ქვეყანა" და ა.შ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიცია მაინც სუსტია, აქ იმდენი არალეგალია, ყოველდღე მე პირადად შეიძლება 20-30 შემხვდეს, რაღაც-რუღაცეებს რომ ყიდის ჩუმად ქუჩაში და თან გასაქცევადაა გამზადებული. აქ პირადირ ქუჩაში ეწევიან პლანს, იკეთებენ და ამაზე რეაგირება არ ხდება. თუმცა საქმე იმაშია, რომ ჩვენთვის რომ ავიღოთ, თავისი თავის გარდა ეს ხალხი არავის არაფერს უშავებს. თავს იკლავენ და პოლიციაც არ იწუხებს თავს მათი დაკავებით. აქ თუ დანაშაული ხდება მაგას მარტო ჩამოსულები და მაგათგან ქართველები აკეთებენ. ერთი კია პოლიციას აქ ქართველების ეშინია. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ჯერ-ჯერობით.
ამ ცოტა ხნის წინ რომ გითხარით კომპი გამიფუჭდა თქო და გავიცანი ხელოსანი ანჯელო, რომელმაც ასეთი რამ მითხრა პოლიციაზე. მე 2003 წელს მანქანა გამიტეხეს და იქიდან პასპორტი, მართვის მოწმობა და სხვა საბუთები მომპარესო, პოლიციამ ვერ დააბრუნა ისინი. ხოდა ანჯელოც მას შემდეგ დადის თურმე "პრავის" გარეშე. გავიოცე, როგორ რვა წელია საბუთი არა გაქ მეთქი? არაო, არავის გავუჩერებივარ უკვე რვა წელიაო და ახლა მე თვითონ ვინამუსე და შევიტანე საბუთები ახალი მოწმობის ასაღებადო. ასეთია აქ მძღოლებისა და პოლიციის ურთიერთობა.
რაც შეეხება მომსახურებას. რამოდენიმე დღის წინ ვიყავი პოლიციაში, ჩემი ოჯახი მომყავს აქ და საბუთს ვამზდებდი მათთვის გასაგზავნად. მივედი და პირველი რეაქცია ჩემი გამოიწვია შენობამ, ეს იყო ყველაზე უსახური და საშინელი შენობა რაც აქ მინახავს. გავიფიქრე ერთი ვანო არ აწყენდათ თქო ამათ :) ძველისძველი კედლები, ამორტიზებული და საშინლად არაკომფორტული ინტერიერი. მეგონა მომატყუეს და პოლიციის ნაცვლად სადღაც გამაგზავნეს, მაგრამ ფორმიანები რომ დავინახე ვირწმუნე. ინგლისური ხომ არავინ იცის. ვიკითხე და მოიცა მცოდნეს მოვიყვანო ერთმა, წავიდა 5 წუთში მოიყვანა გოგო, დაველაპარაკე და ბოდიში გამომყევი სხვას ვნახავ ვინმეს ვინც დაგელაპარაკებაო, გამაგიჟეს. მერე ამ ყველაზე საშინელი შენობიდან სხვაგან გამაგზავნეს. არც იქ იყო უკეთესი მდგომარეობა, უაზრო შენობა, და საოცრად სხვანაირი პოლიციელები. უცნაური პრიჩოსკებით, არც თუ ისე ნავარჯიშებები და გაბღენძილები, როგორც ჩვენთან, საოცრად თავაზიანები და მხიარულები, წრუპავენ დღედაღამ ფრაპეს და არიან უსაქმოდ. თუმცა ძალიან დებილი ნოტარიუსი შემხვდა იქვე და ისე მომიშალა ნერვები, პოლიციაზეც ავიკრიფე. ინგლისურის აზზე არ იყო და როგორც იქნა მივახვედრე რა საბუთიც მინდოდა, მითხრა ეგ შენ უნდა დაწერო, ჩემი საქმე არააო და მომაგდო ფურცელი, კიდევ კარგი ჩემს მეუღლეს ქონდა დაწერილი ბერძნულად ტექსტი და მეც ერთი საათი გადამქონდა ლეპტოპიდან ფურცელზე. აქ ოფიციალური დოკუმენტის ფურცლები საგაზეთო ჯიხურებში იყიდება და ორმოცი ცენტი ღირს. თვითონ ნოტარიუსის მომსახურებაც ძალიან "კაპიკები" დამიჯდა, ერთი საბუთისთვის 40 ცენტი, მეორესათვის კი 50 გამომართვა მხოლოდ. თან იღიმოდა, უდარდელად წრუპავდა ფრაპეს და რაღაცას მეუბნებოდა ბერძნულად. გამაგიჟა, თავისი სიდებილით, მაგრამ მერე პოლიციელებმა გამიწიეს დახმარება, ამ მართლაც უდარდელმა და საოცრად მეგობრულმა ხალხმა.
აქვე იმასაც დავამატებ, რომ აქ პოლიციასა და სტუდენტებს შორის დიდი უფსკრულია. სტუდენტებს აქვთ საოცრად დიდი ძალაუფლება და პოლიციას რიდი მათ მიმართ.  კანონია ასეთი, რომ სტუდენტურ საცხოვრებლებსა და უნივერსიტეტებში მათი შესვლა არ შეილება. ეს ყველაფერი კი რამოდენიმე წლის წინ მომხდარ ამბავს მოყვა. როცა უნივერსიტეტში პოლიციამ სტუდენტები ჩაცხრილა შემთხვევით. გახსოვთ ალბად, დიდი გამოსვლები იყო და ამის გამო ლამის მთელი მთავრობა გადადგა. ეხ, ნეტავ როდის დადგება დრო ასეთი ძლიერი და ერთხულოვანი სტუდენტური მოძრაობები ჩვენც გვქონდეს :( სტუდენტების თემაზე ცალკე პოსტს ვგეგმავ, ამიტომაც აღარ გავაგრძელებ, ისედაც ბევრი დავწერე.
მოკლედ ასეთია აქ პოლიცია. რომელიც მე პირადად ხან მომწონს, ხან კი ძალიან სუსტად მეჩვენება.
შეფასებები თქვენთვის მომინდია.
დროებით ;)
გემშვიდობებით მომავალ პოსტამდე!


No comments:

Post a Comment