Friday, February 24, 2012

ჩემი მეგობრები:არამი

გამარჯობათ, როგორ ხართ?
მე კარგად, აქეთ კარგი ამინდებია, მთიან საბერძნეთში კი თოვს, მაგრამ სალონიკში პირიქით დათბა. მხოლოდ დღეს ამოვარდა ქარი, თუმცა სუსხი არაა. მანდ კი "ციმბირობაა" გავიგე :(
ეს პოსტი და ზოგადად ციკლი დიდი ხნის წინ მინდოდა დამეწყო. უკვე რახანია გპირდებით დავწერო იმ ხალხზე ვინც ჩემს გარშემოა აქ საბერძნეთში და ვინც ჩემს ახალ სამეგობრო წრეს შეადგენს. ყოველგვარი შესავლების გარეშე მინდა დავწერო არამზე, ჩემს სომეხ მეგობარზე. მითუმეტეს, რომ მისი სახლიდან ახლახანს დავბრუნდი, ცოტა შეზარხოშებული ვარ და თანაც პირველი სწორედ ის მყავდა გეგმაში დღიურისათვის.
არამი ერთ-ერთი სომეხი სტუდენტია ერასმუსის პროგრამით ჩამოსული.
პირველად როდის გავიგე მისი არსებობის შესახებ?
ერთხელ მე , გულადი და გიო, ჩემი ექს რუმმეითი ვიჯექით და გიო წუხდა, უცხო რო გადავა ოჯახის ჩამოსვლის შემდეგ ვისთან დავაშეარო ოთახიო და მაშინ პირველად ახსენა არამის სახელი გულადიმ. ურჩევდა რა გიოს არამი დაითანხმე და ერთად იცხოვრეთ. ეგ სინდოსშია (სოფელი სალონიკის გვერდით, როგორც თელავი და კურდღელაური) და მგონი სალონიკში აპირებს გადმოსვლასო :))
როდის გავიცანი პირველად ის?
არამი ტელეფონზე გავიცანი, გიომ მე დამალაპარაკა. გამაკვირვა არამმა, არ ველოდი ასე კარგად თუ ეცოდინებოდა ინგლისური. მერე აღარ მახსოვს და სადღაც კი შევხვდი, ალბად სტუდენტური კაფეტერია იყო. კი ასე იყო, ვიჯექით მე და გიო და უცბად გიო მეუბნება ნახე ვინ მოვიდა, მე რო გეუბნებოდი სომეხი სტუდენტია თქო, აი შენც რო დაგალაპარაკე ერთხელო :) მოვიდა არამი და სწორედ იქიდან დაიწყო ჩვენი დაახლოვება. მე და გიო ხშირად დავდიოდით კაფეტერიაში და არამმაც, რომელიც სხვათაშორის იმ დღეებში ახალგადმობარგერბული იყო სალონიკში, ჩვენი ეშხით დაიწყო სიარული. "ზა კამპანიუ" როგორც თვითონ იტყოდა :)) მერე რამოდენიმეჯერ ჩვენთანაც ამოვიდა, ისე უბრალოდ სახლის სანახავად და გასაცნობად. ძირითადად არამს მე ველაპარაკებოდი, გიო როგორც ყოველთვის თავისი ვირტუალური ურთიერთობითა და მესიჯობით იყო დაკავებული. ასე დავახლოვდით ნელ-ნელა მე და არამი.
პირველი რაც მასში მედა გიომ აღმოვაჩინეთ- ეს იყო საოცარი ტალანტი უცხოენების ადვილად ათვისების.ჩვენი ახალი მეგობარი ნამდვილი პოლიგლოტი აღმოჩნდა. ყოველთვის გვეკითხებოდა ქართული ამათუიმ სიტყვის მნიშვნელობას და ასე თან დათანობით ისწავლა ქართული ისე, რომ ახლა ჩვენი ნალაპარაკევიდან უკვე დასკვენებიც გამოაქვს. ასევე გვაოცებდა თავისი ბერძნულით, რომელიც ისე სწრაფად აითვისა, რომ ბინა ყოველგვარი გრაფიოს დახმარების გარეშე, სწორედ ახლადნასწავლი ბერძნულის დახმარებით იშოვა. სიმართლე ვთქვა მე ბერძნული ალბად რაც მისწავლია ნახევარზე მეტი სწორედ მისგან :)))
კიდევ ერთი მთავარი ასპექტი რამაც მე და არამი დაგვამეგობრა, ესაა როკ მუსიკა. მას მეტალი უყვარს, მძიმე როკი, მე არა, მაგრამ როკი და ცოცხალი მუსიკა ორივეს ძაან გვიზიდავდა, ამიტომ საათობით შეგვეძლო ამაზე საუბარი, გიო კი ყოველთვის გიჟებს გვეძახდა და გარბოდა ჩვენგან. არ დამავიწყდება ერთცხელ არამი ატყდა ძალიან მაგარი კონცერტიაო და მე და გიოც აგვიყოლია. წავედით ბარში "ბაიკერების კაფე". მართლაც შესანიშნავი კონცერტი იყო. თავიდანვე მე და არამი საუკეთესო განწყობაზე დავდექით. ერთ-ერთი სალონიკური როკ ჯგუფი ცნობილი სიმღერების ქავერებს ასრულებდა. გიოს მოწყენა მალე შეეტყო და ნახევარ საათში საერთოდ გაქრა მაგიდიდან. მოვძებნე და მისაღებში აღმოვაჩინე. ამ მუსიკას მე ვერ ვიტან და როცა მორჩება წავიდეთ, აქ დაგიცდითო :)) არ უყვარს კაცს როკი და რა უნდა ექნა, სოლიდარობის ნიშნად კი დარჩა ბოლომდე.
მოგვიანებით არამს იანისი გავაცანი. იანისიც ჩემი მეგობარია, რომელზეც ალბად ერთი პოსტი არ მეყოფა რომ დავწერო. მე და იანისი ვმღეროდით ხშირად სხვადასხვა ქავერებს და არამსაც ყოველთვის ვეპატიჟებოდით ხოლმე. მერე ჩვენ ცხოვრებაში გამოჩნდა პავლე, ეს მართლაც გზააბნეული ხელოვანი. მოკლედ პავლეზე და იანისზე პოსტებს მომავალში შემოგთავაზებთ. ხოდა ეს იყო "სასტავი", რომელიც მთელ დღეებს ერთად ატარებდა. უკრავდით,ვმღეროდით, ვსვავდით (თუმცა მე ალკოჰოლის აღქმა მქონდა და მხოლოდ წვენს შევექცეოდი). ათასი საინტერესო ისტორია გადაგვხვდენია ერთად. რა მოთვლის ან რა დაწერს ამდენს. ფაქტი ერთია არამი ძალიან ჩვენიანი გახდა. პავლე სულ სომხურად ელაპარაკებოდა, სომხურ უბანში გაზრდილ თბილისელს კარგად ესმოდა ეს ენა და არამის სიხარულსაც საზღვარი არ ქონდა. მგონი არამი სწორედ ჩემთან და პავლესთან გრძნობდა და გრძნობს ახლაც თავს ყველაზე კარგად. ვუკრავდით და ვმღეროდით. ორივე კარგი გიტარისტია, თუმცა არამს სმენასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ანუ გიტარაზე რაც იცის(დამერწმუნეთ ძალიან ბევრი იცის) ყველაფერი ზეპირად აქვს ნასწავლი და არა საკუთარი სმენის წყალობით. ეს ყოველთვის გვაოცებდა მე და პავლეს. პავლე ხშირად ეუბნებოდა შენ კარგი გიტარისტი გამოხვალო. ერთ ხანს ცდილობდა მისი სმენა დაემუშავებინა, მაგარმა არამმა ყურიც არ შეიბერტყა. იცის, რომ უსმენოდ მღერის, მაგრამ მუსიკა ისე უყვარს ვერ გააჩერებ. ახლაც წამოსვლის წინ რამოდენიმე კომპოზიცია და სიმღერა დავუკარით ელექტრო გიტარაზე და წარმომიდგენია მეზობლების სახეები ამ მომენტში. :))))
კიდევ რა უყვარს არამს?
არამს უყვარს რაც შეიძლება ბევრი საინტერესო სიტყვის ათვისება უცხო ენებიდან, რჩევების მიღება იმ საკითხებში რაშიც არ ერკვევა (ასეთი კი ცოტაა), ასევე მტკიცება იმის, რომ ბევრი რამ არის სწორედ სომხური, კიდევ როკ კონცერტზებზე სიარული კლუბში " 8BALL", თევზი, ბივშტექსი და ანეგდოტების მოყოლა.
ერთხელ ერთი ქართველი გავიცანი. არამზე ვთქვი სომეხი მეგობარი მყავს თქო და ეგ როგორო გაიკვირვა, ქართველის და სომეხის მეგობრობა ვის გაუგიაო? მოკლედ ეს სტერეოტიპები აქაც მოქმედებს და თანაც როგორ, ამაზე ცალკე პოსტს დავწერ ალბად. ახლა კი იმის თქმა მინდა, რომ არამი არც ისე"სომეხია" როგორადაც სომხებს როგორც ნაციას ჩვენთან ახსენებენ ხოლმე. კი მანაც, როგორც ყველა სომეხმა იცის, ფულთან მოპყრობა, განსაკუთრებული თანაც. მე ამას ნაკლად სულაც არ ვთვლი, ესაა ცოდნა იმის, თუ როგორ გაიტანო თავი ვალების გარეშე. მგონი სწორედ არამი და ზოგადად სომხები არიან ერთადერთი ნაცია, ვისაც აქ ვალები არ დაედო. ამ ხალხმა ნამდვილად იცის ფულის ყადრი და მისი სწორედ მოხმარება. ვიცი ამას ჩვენში ძუნწობა ქვია, მაგრამ ასე არაა. ესეც სტერეოტიპია და მეტი არაფერი. აბა სხვანაირად როგორ ავხსნა არამის სურვილი დაეხმაროს ყველას, ქართველია, უკრაინელი თუ სომეხი ფულით, თუ ეს მას ხელეწიფება? მე პირადად ბევრჯერ მასესხა თანხა. ახალაც მისი მოვალე ვარ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის არც კი მახსენებს, რომ მისი ვალი მაქვს. მოკლედ არამი გამოდგა ადამიანი, რომელიც ჭირშიც და ლხინშიც გვერდით უდგება მეგობარს და სწორედ ამიტომ ყოველთვის ჩავთვლი, რომ მითი სომხების"სომხობაზე" არის მტკნარი სიცრუე და რომ ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არასოდეს შეიძლება. ისე ამას კი არ ვამტკიცებ მე მთელი ცხოვრება? :)))
სულცოტა ხნის წინათ ჩვენი მეგობარი არამი 20 წლის შესრულდა. მცირე სუფრა გაშალა და კარგად მოვილხინეთ, ფოტოკოლაჟი კი ჩვენი მეგობარის თემო ასკურავას ფაცე გვერდზეა, გადახედეთ ფოტოებს გარწმუნებთ არამს ჩემი მინიშნების გარეშეც ამოიცნობთ :))
https://www.facebook.com/photo.php?fbid=331577126879167&set=a.331576060212607.67537.100000806475288&type=1&theater
კიდევ ბევრის დაწერა მსურდა, მაგრამ ნინუცა არ მაცდის, თავისი საყვარელი მურტფილმების ყურება უნდა კომპში. ამჯერად ამით დავამთავრებ. არამს კი ალბად ბევრ პოსტში შეხვდებით, რადგან, ის ახლა გიოსთან ერთად ცხოვრობს ჩემს ყოფილ ოთახში. დარჩენილი 5 თვე ვფიქრობ კიდევ უამრავ სიურპრიზს პირდება ჩვენს მეგობრობას და ცხადია ჩემს ბლოგსაც! ;)
მომავალ შეხვედრამდე!
დროებით . . .

Wednesday, February 22, 2012

ყველას! ყველას! ყველას!

მივესალმები ყველას!
ვწერ როგორც ფეისბუქ გვერდის "თელავური სერიების" შემქმნელი და ადმინისტრატორი. ("თელავური სერიებიდან" ეს ფეიჯი და სტატუსიღა შემომრჩა).
მინდა ამ მცირე პოსტით მივმართო ყველას, ვინც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ვისაც გული შესტკივა თელავზე და ზოგადად კახეთზე.
ეს გვერდი შევქმენი მე, ვინაიდან მსურდა ჩემი დოკუმენტური ფილმების გაპიარება. შემდეგ გვერდმა კიდევ ერთი პროდუქტი, ამჯერად უკვე ონლაინ ჟურნალიც დაიმატა და ჟურნალის გარშემო შემოკრებილი რამოდენიმე ახალგაზრდაც ჩაერთო ზოგადად გვერდის გაპიარებაში. გვერდი კი თავისთავად ორივე მათგანს, ვგულისმობ რა ჟურნალსა და ფილმებს, აპიარებდა. ასევე ვპოსტავდით სხვადასხვა საინტერესო ამბებსა თუ სიახლეებს ჩვენი გუნდისა და საქმის გარშემო განვითარებულთ. ვატარებდით გამოკითხვებსა და სხვადასხვა სახის შემეცნებით ვიქტორინებს. ახლა ეს ყველაფერი უკვე ისტორიას ჩაბარდა. როგორც მოგეხსენებათ ჟურნალი დაიხურა, ფილმების გადაღება აღარ გრძელდება ვინაიდან მე საქართველოში აღარ ვიმყოფები და დროც უკვე აღარ აქვთ ჩვენს ადმინისტრატორებს გვერდის გასახალისებლად. არადა ამჟამად გვერდს 1800 დამლაიქებელი ყავს. ნამდვილად მეცოდება გაუქმებისათვის. სხვათაშორის თელავის გარშემო შექმნილ გვერდებს შორის ყველაზე მეტი ფანი ჩვენ გვყავს თუ არ ვცდები. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ გამოიყენეთ ჩვენი გვერდი. ყველას: პოლიტიკურ პარტიებს, მნიშვნელობა არ აქვს პოზიცია იქნება ეს თუ ოპოზიცია, ბიზნეს სექტორს, მედიას,არასამთავრებოებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მოკლედ ყველას, ვინც რაღაცით მაინც დაკავშირებულია თელავთან და ზოგადად კახეთთან. გამოიყენეთ ეს სივრცე. მხოლოდ ცენზურას ნუ დაარღვევთ და შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ნურავის. ასეთი პოსტები ყოველთვის დაიბლოკება.
რას იტყვით მგონი კარგი შემოთავაზებაა. ერთდროს სწორედ ამ გვერდის მეშვეობით შევიძინეთ უამრავი მკითხველი, იმედია თქვენც გაგიმართლებთ!
ეს  ჩვენი გვერდის ლინკია - https://www.facebook.com/Telavi.Series
წარმატებები ყველას!

Friday, February 17, 2012

Tsiknopempti ანუ მწვადის დღე საბერძნეთში

გამარჯობა ყველას!
ეს მცირე პოსტი მინდა მივუძღვნა ბერძნულ კიდევ ერთ დღესასწაულს, თუმცა დღესასწაული ალბად ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ესაა დღე, როცა მთელს საბერძნეთში იწვება ხორცი. Tsikno - არის სუნი, რომელსაც მწვადი გამოყოფს წვისას. Pempti კი ხუთშაბათია. წელიწადში ერთხელ მთელ საბერძნეთში აწყობენ მწვადის ხუთშაბათს. ეს ძირითადად თებერვალში ხდება. საერთოდ თებერვალი დატვირთულია სხვადასხვა დღესასწაულებითა და დასვენების დღეებით, თუმცა ხუთშაბათს ბერძნებს არ დაუსვენიათ. ოფიციალრად ეს სამუშაო დღე იყო. თუმცა ახალგაზრდები, ძირითადად სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მთელი დღე ემზადებოდნენ კარნავალისათვის. ამ დღეს ბერძნები ყიდულობენ სხვადასხვა სახის ნიღბებს, უცნაურ და საკარნავალო ტანსაცმელს, ატრიბუტიკას და აქსესუარებს, უკვე შუადღიდან შევნიშნე გადაცმული ხალხი ქუჩაში. მთელს ქალაქში კი მწვადის სუნი დატრიალდა. ციოდა, მაგრამ საღამოსკენ მაინც უამრავი ადამიანი გამოავიდა გარეთ და ბარბიქიუ მოაწყეს სამოგობრო წრესთან, ნათეასვებთან თუ ოჯახებთან ერთად. რამოდენიმე ქუჩაზე, სადაც ყველაზე მეტად აღინიშნება კარნავალი, ბერძნული ტრადიციული მუსიკის ჰანგებსაც გაიგებდით, რომელსაც რაღათქმაუნდა ცოცხლად ასრულებდნენ ბერძნები ან სულაც ციგნები. ბარები გადაჭედილი იყო, ხოლო ყველა ახალგაზრდა უკვე გვიან კლუბებში მიიჩქაროდა, სადაც მათსავით შეღებილ-დაგრიმული ახალგაზრდები ელოდნენ. ვრცელი სიუჟეტები მიეძღვნა ამ ყველაფერს ტელევიზიებში. ზოგგან ქალაქის მერიებმა შეწვეს ხორცი და უფასოდ დაურიგეს მიუსაფარ და სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას. ყველგან იყო ცეკვა და თამაში. პური და სანახაობა ძალიან მოდაშია ბერძნებში და მიუხედვად იმის, რომ ეს ჩემს თემას არ ეხებოდა მაინც ვცდილობდი დავკვირვებოდი. ვიდეოს გადაღებასაც ვაპირებდი, მაგრამ განსაკუთრებული შოუ ვერსად ვნახე, ერთი კია მთელი ქალაქი ამ დღეს მწვადის ბურუსში იყო გახვეული. წარმოვიდგეინე ეს ტრადიცია ჩევნტან ქართველებშიც რომ იყოს. მშევენიერი სანახაობა იქნებოდა მაგალითად "ხაშლამის სამშაბათი" ან "ბოზბაშის შაბათი". წარმომიდგენია როგორ აიტაცებდნენ ამ დღესაწაულს ქართველი მოქეიფე კაცები. :) დანარჩენი ინტერპრეტაციები თქვენთვის მომინდვია, არ დაზოგოთ ფანტაზია.
მე კი ამით გემშვიდობებით,
მომავალ პოსტამდე!

Wednesday, February 15, 2012

თებერვლის პალიტრა


გამარჯობათ ყველას, როგორ ხართ ჩემო მკითხველო? 
მე კარგად, ჩემსკენ ყველაფერი ნორმალურადაა, გაცილებით უკეთ ვიდრე გასულ თვეებში. სამწუხაროა, რომ სწორედ ახლაღა გავერკვიე საბოლოოდ ყველაფერში (ნუ რაც ჩემს მუშაობას ეხება აქ) და ზოგადად ავუღე ალღო აქაურ ცხოვრებას, სამწუხარა იმიტომ, რომ თებერვლის ბოლოს უკვე უკუთვლას დავიწყებ და ნელ ნელა ჩემი პროგრამის დარჩენილი დღეები მატების ნაცვლად კლებადობაში წავა. სამწუხაროა, იმიტომ, რომ ძალიან მივეჩვიე აქაურობას. გამოგიტყდებით და ასე მგონია ზოგჯერ, თითქოს მთელი ცხოვრება აქ გავატარე, თითქოს აქ დავიბადე. საქართველო კი ჩემი ღამეული სიზმრების ნაწილია თქო. აქ არიან სტუდენტები, რომელთაც ძალიან ენატრებათ მშობლიური მიწა და თითქოს ისევ უცხო სხეულებად გრძნობენ თავს ამ საოცარ ძღვისპირა ქალაქში, მაგრამ ეს მე არ მეხება და ალბად ამის გამო, რომ საკუთარი სამშობლოსავით შევიყვარე აქაურობა წამოსვლისას ვინანებL
ამ მცირე პოსტში, მოკლედ მინდა დავწერო იმ მოვლენებზე რაც თებერვლის თვეში მოხდა. განსაკუთრებული არაფერია გარდა ერთისა- ჩავაბარე ჩემი პირველი პრეზენტაცია, რომელიც ასახავს ჩემს მუშაობას ჩემი თემის გარშემო საბერძნეთში. სიმართლე გითხრათ ძალიან ვნერვიულობდი. რაღაცნაირად გადაჩვეული ვიყავი პრეზენტაციების კეთებას, ჩემს ახალგაზრდობაში ხომ პრეზენტაციების გარეშე ვსწავლობდით უნიში, ხოდა უცხო იყო თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ბავშვურად კი მიღელავდა გული მანამ სანამ სამსჯავროს წინაშე წავრსდგებოდი. ჩემამდე კიდევ 2 დოქტორანტს ქონდა რეპორტი ჩასაბარებელი, ერთ-ერთ მათგანს დავესწარი და მივხვდი არაფერი იყო სანერვიულო.თუმცა ჩემი ზარმაცი ხასიათის გადამკიდემ წერა ბოლო დღემდე გავწელე და უკვე როცა აღმოვაჩინე, რომ პრეზენტაცია კარს მომდგომოდა ჩავუჯექი კომპიუტერს. მეგობრების მცირე დახმარების წყალობით, რისთვისაც გულწრფელი მადლობას ვუხდი მათ. დილის ათი საათისათვის ყველაფერი მზად მქონდა. გამოვიპრაჭე როგორც მე შემეფერებოდა და ჩემს ძველ სახლში ვესტუმრე გიოს.თან არამი ჩემი სომეხი მეგობარი მახლდა. იქ დაგეგმილი იყო  პრეზენტაციის გენერალური რეპეტიცია . გიოს ეძინა, ცოტახანს გამოიფხიზლა და ისევ წაუძინა მალევე. მე კი გავმართე აპარატურა და მჭევრმეტყველი სახით დავიწყე არამისთვის პრეზენტაციის ჩაბარება. 15-მა წუთმა უცებ გაირბინა. შემდეგ ყავის დალევა გადავწყვიტეთ, მაგარამ გიოს აღარ ქონდა და ამიტომ პირადპირ გავეშურეთ ჩემი ხელმძღვანელის ოფისისაკენ. გზად მომიტინგეებთან ერთად ვიარეთ. ასე 150-200 კაციანი ჯგუფი მთავრობის ქმედებებს აპროტესტებდა. ორიოდ სიტყვით მინდა ამ მტკივნეულ თემას შევეხო,რადგან უკვე შევწუხდი პანიკიორი ქართული ტელევიზიების გადამკიდე. ჩემიანები ლამის ყოველდღე წუხილითა და ვაი-ვიშით მირეკავენ - ხომ კარგად ხართო, აქ აჩვენებენ,რომ საბერძნეთი მთლიანად ცეცხლშიაო, ისვრიანო და ისეთ ნიუსებს აცხობენ თურმე, თვით ბერძნებსაც კი შეეშინდებათ რომ მოისმინონ. არადა სალონიკში, სადაც ჩვენ ქართველი სტუდენტები ვართ არაფერი ხდება მსგავსი, კი მიტინგებია, ხშირად კეტავენ ქუჩებს, პოლიციაც მობილიზებულია, მაგრამ არც ცეცხლს ხსნის ვინმე, არც შეხლა-შემოხლაა. იყვირებენ ერთ საათს და იშლებიან მშვიდად. სხვათაშორის ქართული პოლიციისა და უშიშროებისგან განსხვავებით მიტინგის შემდეგ უკან არ მისდევენ სათითაოდ და არ უკეთებენ ყველა იმ საზიზღრობას, რაც ამ ბოლო დროს ქართული სამართალდამცავების მთავარ საქმედ იქცა. აქ დაშინება, შანტაჟი, იარაღის, ნარკოტიკის ჩადებები, გატაცება და ფიზიკურად ანგარიშსწორება არ ხდება. შეიძლება დააკავონ აქციის მონაწილეები, მაგრამ ყველაფერს ნორმის ფარგლებში აკეთებენ. ეს სალონიკში. რაც შეეხება ათენს, იქ კი ნამდვილად საშინელი სიტუაციაა. ათიათასობით მომიტინგემ გადაბუგა ლამის ნახევარი ქალაქი, დაწვეს მანქანები, მაღაზიები, თქვენ წარმოიდგინეთ თავიანთი საამაყო ისტორიულ მემკვიდრეობასაც არ მოუფრთხილდნენ. ყველაფერი კი გამოიწვია მთავრობის უგუნურმა პოლიტიკამ, რომლის მეშვეობითაც ვალებში ჩაძირული საბერძნეთი ახალი ვალის აღების წინაშე დადგა. აიღეს ვალი და ხალხმა ლამის პარლამენტი აიღო. გადაუარეს ყველაფერს რაც ცენტრში მდებარეობდა და ბოლოს პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ აირიდა. ამ შემთხვევაში ყველაზე საცოდავები ისინი არიან ვის ქონებასაც ზარალი მიადგა და კიდევ პოლიციელები, რომლებიც დაიღუპნენ და დაშავდნენ „მოლოტოვის კოქტეილების“ აფეთქებებისას. L
ეს ყველაფერი კი იმას მოვაყოლე,რომ მომიტინგეები შემოგვხვდნენ პრეზენტაციაზე მიმავალთ მეთქი. სულ მალე უკვე ჩემი ხელმძღვანელის, ქალბატონ ანნას ოფისში ვიყავით, ერთხანს ვისაუბრეთ, შემდეგ კი უკან გამოვბრუნდით, რათა მეგობრებს დავხვედროდით. საერთოდ ჩვენთან წესია - პრეზენტაციაზე“კოლეგების“ ანუ სხვა დოქტორანტი სტუდენტების დაპატიჟება. მართლაც დანიშნულების ადგილას უკვე მელოდნენ სომეხი დოქტორანტი კიდევ ერთ სომეხ სტუდენტთან ერთად, ასევე უზბეკი დოქტორანტი, რომლის პრეზენტაციაზე მე გახლდით და ჩვენიანი, ბათუმელი მირანდა, ასევე დოქტორანტი. ყველა ერასმუსის წარმომადგენელია. პრეზენტაციის წინ როგორც მოგახსენეთ ვღელავდი. მაგრამ როგორც კი ოთახი შეივსო და შინაურული ატმოსფერო ვიგრძენი, ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა და ისე ავჭიკჭიკდი ინგლისურად, თითქოს ბავშვობიდან ამ ენაზე მემეტყველოს. პროფესორი ანნა შიგადაშიგ მაჩერებდა, მეკითხებოდა ან აზუსტებდა რაიმეს. ზედაპირულად განვიხილე ის ლიტერატურა რაც აქ ყოფნისას გადავიკითხე და ძირითადი პასაჟები რამაც ჩემი ინტერესი გამოიწვია. უფრო დიდი დრო დავუთმე „რაგუცარიაზე“ საუბარს. ერთგულ მკითხველებს ალბად გემახსოვრებათ 4 სერიანი პოსტი ამ საოცარი კარნავალის თაობაზე ჩემი დღიურებიდან. ბოლოს სამომავლო გეგმებიც მოკლედ მიმოვიხილე და ჩემი პირველი პრეზენტაცია ერასმუსში ამით დასრულდა. იყო კითხვები და აგრეთვე შენიშვნები, ძირითადად ხელმძღვანელისაგან. მირანდამ სურათები გადაიღო იას აპარატით, რომლებიც ჩემს ფაცეზე ავტვირთე. სულ მალე კეთილი სურვილებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ქალბატონი ანნა აღარ გააგრძელებს ჩემს ხელმძღვანელობას, რადგან ოფისთან რაღაც გაურკვევლობა მოუხდა და საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით, რამაც ჩემი დაზარალება გამოიწვია. სამწუხაროა, არადა ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ახლა კი უხელმძღვანელოდ დავრჩი და ველი ახალს როდის მომიძებნიან. თუმცა პროფესორი შემპირდა, ნებისმიერ დროს დამეხმარება ინტერნეტის მეშვეობით და აგრეთვე პროექტის დასასრულისკენ ერთ სამუშაო შეხვედრაზეც შევთანმხდით. მოკლედ ამ მეტად მნიშვნელოვანმა დღემ კარგად ჩაიარა და მეც დავწყნარდი. ახლა ძირითადად თემისგან ვისვენებ, თუმცა ინგლისურში დავიწყე საკუთარი თავის მომზადება, მე ხომ ისე ვერ დავისვენებ. ჩემი ინტერნეტი ძალიან ურევს  და უინტერნეტობამ ჩემი წიგნებისკენ მიბრუნება გამოიწვია და კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობდი, როცა არ მქონდა ფეისბუქი, ინტერნეტი და საერთოდ კომპიუტერი.J
თქვენც გაიხსენეთ არ გაწყენთ ;)
ახლა ამით დაგემშვიდობებით და შევეცდები უფრო მეტი პოსტი ვწერო და თებერვლის ისედაც უფერული პალიტრა (ვგულისხმობ ამინდის ერთფეროვნებასა და სიცივეს) ცოტა მაინც გავახალისო ნათელი ფერებით.
მომავალ პოსტამდე, დროებით. J

Sunday, January 22, 2012

Όλα καλά

გამარჯობა!
როგორ ხართ ძვირფასო მეგობრებო?
ჩემსკენ  Όλα καλά -  ყველაფერი კარგადაა.
ეს პოსტი მართლაც სულ კარგ სიახლეებს შეიცავს, რაც გასულ კვირას მოხდა ჩემსა და ჩემი ოჯახის გარშემო.
დავიწყებ იმით, რომ საცხოვრებელი გამოვიცვალეთ. ძველი სახლიდან, სადაც 3 თვე დავყავი ახალში გადავედით. ძველი არაკომფორტული აღმოჩნდა ოჯახისთვის. როცა მარტო მე და გიო ვიყავით არაფერი უშავდა რა. სტუდენტური სახლი იყო, თავისებური სყუდენტური ცხოვრებითა და ალიაქოთით. როცა ჩემები ჩამოვიდნენ, გადავწყვიტეთ მოგვეძებნა რაიმე უფრო პატარა, კომფორტული და მყუდრო. სულ მალე დავიწყეთ განცხადებების კითხვა. ჯერ გაზეთები მოვსინჯეთ, აი ისეთი მანდ რომ "სიტყვა და საქმე" ქვია. შემდეგ უშუალოდ ქუჩები დავიარეთ. აქ ერთ კორპუს ვერ ნახავ ბინა რომ არ ქირავდებოდეს. მთლიანად სალონიკი გაქირავებულია ნახევრად. აქ ბერძნებს, რომლებიც უკვე მრავალი თაობაა ცხოვრობენ და ითვლებიან "კარენოი" სალონიკელებად დაგროვილი აქვთ დიდძალი ქონება. უმრავლესობა მათგანს ქალაქში 7-8 სახლი აქვს. ერთში, რომელიც საუკეთესოა თავის ოჯახიანად არიან განთავსებულნი და დანარჩენებს აქირავებენ და ცხოვრობენ ასე უდარდელად. თუმცა ახლა ძალიან არიან შეწუხებულნი. კრიზისის გამო ბინის ფასები დაეცა, გადასახადები კი გაიზარდა. იხდიან ბინის გადასახადს, ზუსტად რა ქვია არ ვიცი. ანუ ბინას თუ ვერ გააქირავებენ მინუსში მიდიან. აქ ყველა კორპუსს აქვს თავისი გადასახადი. მაგალითად დასუფთავების, ლიფტის, შიდა და გარე განათების. თუ ცენტრში ხარ უფრო ძვირია, იმიტომ რომ განათება მეტია და გადასახადიც დიდი მოდის. სხვათაშორის გადასახადები თვიური არაა. დენი 2 თვეში ერთხელ მოდის და წყალი კი 4-ში.
ბინის ძებნისას ბევრი კაი ვარიანტი ამოვწერეთ. იქვე ახლოს ვეძებდით სადაც ძველი სახლი იყო. ამოვიწერეთ და დავრეკეთ. ზოგი ინდივიდუალურად აქირავებდა, ზოგიც გრაფიოს დახმარებით ანუ ოფისის, სადაც მაკლერები ზიან და დამატებითი საფასურის ხარჯზე კაი ბინებს აქირავებენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საკუთარი ბინების გრაფიოები ქონდათ. აი მაგალითად ერთმა თქვა 11 ბინა მაქვსო, ყველა ჩემი საკუთარიო და გრაფიოც მაქვს მხოლოდ ჩემიო :))) ვერ წარმომიდგენია საიდან აგროვებენ ასეთ ქონებას, მარტო ბინები როდია. ნორმალურ ფენას აქვს 2-3 მანქანა, ველოსიპედები, მოტოები, ყველაფერი უდგას სახლში და მაინც წუწუნებენ. ხელფასებმა იკლო და ახალ ბინებს რომ ვეღარ ყიდულობენ დარდში იხრჩობიან :(( ვაი-ვაი ნეტავ ასეთი კრიზისი ჩვენთანაც იყოს  :))) სიამოვნებით ვიცხოვრებდი ასეთ საქართველოში. ;)
ბინა ევის დახმარებით ვიპოვეთ. ჩემი ბლოგის ერთგულ მკითხველს ემახსოვრება ეს ენერგიული და "ყოვლისშემძლე" ქალბატონი. სწორედ მან გვაპოვნინა ძველი ბინაც. ამ შემთხვევაში ევის უკეთესი, გაცილებით უკეთესი შემოთავაზება ჰქონდა ჩემთვის მომზადებული. მართლაც ახალი სახლი სადაც ახლა ვართ გაცილებით კომფორტული და "ოჯახური" აღმოჩნდა, ფასიც მისაღები იყო, ფართიც ნორმალური, ადგილიც კარგი. (იქვე ახლოს სადაც ძველი) კარგი კი არა შესანიშნავი. ესაა ახალი კორპუსი "ნავარინოს" ანუ ძველი რომაული სასახლის ნანგრევების პირზე. ლამაზი ხედით და მშვენიერი ბაღით გვერდზე. მოკლედ დაუფიქრებლად დავთანმხდით წინადადებას და 3 დღეში გადმოვბარგდით. სახლის პატრონთან კონტრაქტიც გავაფორმეთ. Ethimis-ი დაახლოებით 35 წლის ახალგაზრდა არქიტექტორია, რომელიც ბანკების ინტერიერის დიზაინზე მუშაობს და როგორც გავარკვიე საკმაოდ შეძლებულიც გახლავთ. სარეგისტრაციო განყოფილებაში მითხრეს შენი სახლის პატრონს კიდევ შვიდი ასეთი აქვსო ქალაქში :))) ყველაფერი 2-3 დღეში მოვაგვარეთ, ჩემი მეგობრის იანისის დახმარებით, ძველ სახლში ძველი რუმმეითი გიო დავტოვეთ და მე, ირი და ნინუცა ახალში გადმოვბარგდით.
კიდევ ერთი კარგი ნიუსი - ირინას და ნინუცას საბუთები გავუკეთეთ. დარჩენის ვადა გავახანგრძლივეთ, ასე რომ ჩემები მთელი პროგრამის მანძილზე ჩემს გვერდით იქნებიან. სიმართლე გითხრათ ეს ყველაფერი ცოტა ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდა. ისედაც მათი აქ ჩამოსვლა ძალინ დიდი სირთულეებით მოხდა. პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, მეორედ როგორც იქნა მიცეს ვიზა. გახანგრძლივება უფრო რთული აღმოჩნდა. ათასნაირი საბუთის თარგმნა, დამოწმება და სამდღიანი უსაშველო რიგში დგომა დაჭირდა. საოცარია აქ ვიზის გაგრძელებისა და საბუთების აღების მდგომარეობა. საბერძნეთში დარჩენის მსურველი ბევრია. უმრავლესობას ზანგები, პაკისტანელები და რაღათქმაუნდა ქართველები შეადგენენ. აუცილებელია დილის 6-8 საათამდე პოლიციის მთავარ შენობასთან რიგში დგომა, სადაც სიტუაცია უმართავია. ვის როდის დაუძახებენ, ვის როდის დაიბარებენ, ვის შეუშვებენ და ვის გააბრუნებენ - ხვალ მოდითო, ვერ გაიგებთ. ზანგებს ხომ მთლად ცხოველებივით ექცევიან. საწყლებიც დგანან შეფუთვნულები რიგში, ვინ იცის კვირიდან კვირამდე და ელოდებიან უფლებას -  ლეგალურად ცხოვრების. თუმცა მათ ცხოვრებას ცხოვრებაც არ ქვია. ესაა ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისათვის. მთელი დღე დგანან და რაღაცას ყიდიან ჩალის ფასად - ვინ საათებს დაატარებს, ვინ იამაიკურ სამაჯურებს ტენის ტურისტებს, ვინ ჩანთებს ყიდის და ვინ რას აღარ. ერთია, მათხოვარი ზანგი არ მინახავს, ანუ ყველა ცდილობს რაღაც გაყიდოს, ხელი არავის აქვს გამოწვდილი. აქ მარტო ბერძნები მათხოვრობენ ან ალბანელები. პაკისტანელებიც ძალიან მშრომელი ხალხია, მთელი დღე ყურებზე კაშნე შემოხვეულები დგანან "დახლებთან". მათი "ტავარი", წვრილმანი ელექტრო მოწყობილობები -სატენები, ნაოშნიკები, ელემენტები და ათასი ხარახურა, ასევე ინდური სურნელოვანი სანთლები, კაშნეები და ზოგჯერ ქოლგებია. აქ ყველა ნაციას თავისი სფერო აქვს აღებული. აი მაგალითად პაკისტანელები არ ყიდიან სამაჯურებს, ისევე როგორც ზანგები სურნელოვან სანთლებს. ქართველებს ქუჩის ვაჭრობაში თავისი კუთხე აქვთ. ესაა ტკბილი ბუბლიკები და ბულკები, რომელიც ძალიან შემოსავლიანია აქ. მე და იანისი ყოველთვის როცა მათ საყიდლად მივდივართ ქუჩაში, პირდაპირ ქართულად ვიწყებთ ლაპარაკს. გაოცებული და ყბადაღებული კაცების(ამ საქმეზე მარტო კაცები მუშაობენ) პირველი კითხვააა - ქართველები ხართ? მერე მიდის გამოძიება ვინ საიდანაა. რამოდენიმე კახელი გამყიდველი უკვე "ჩავიბრატეთ". ერთ-ერთი ასეთია შალვა მასწავლებელი, რომელიც ერთ-ერთ კახურ სოფელში 37 წელი სკოლის დირექტორი იყო, ახლა კი გაჭირვებას სალონიკშ ჩამოუყვანია. მთელ დღეს ქუჩაში ატარებს და ბულკებს ყიდის. ასეთია იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც კიდევ უფრო ახლოს გავიცანი საბუთების გაგრძელებისას. ეს 3 დღიანი პროცესი ძალიან დამღლელი აღმოჩნდა და კიდევ უკეთ დამანახა ბერძნული სამართალდამცავი სისტემების გაუმართავი მუშაობა. ვაღიარებ რომ ამ საკითხში ჩვენ საკმაოდ წინ ვართ წასულები. თუმცა უმადურივით არ მინდა გამომივიდეს, მადლობა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყველაზე დიდი მადლობა კი მაინც ჩემს მეგობარ იანისს ეკუთვნის, რომელიც ჩვენი ადვოკატი იყო მთელი ამ პროცესის მანძილზე და მართლაც შეუძლებელი შეძლო ;)
კიდევ ერთი სიახლე რაც გასულ კვირას მოხდა, არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ ორიოდ სიტყვით მაინც დავწერ. ალბად უმრავლესობა თქვენთაგანს მოეხსენება, რომ ჟურნალი "თელავური სერიები" დაიხურა. ეს იყო ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც პირადად მე მივიღე. ვთვლი რომ ამის უფლება მქონდა, რადგან ჟურნალი ჩემი დაარსებული იყო. თუმცა მესმის იმ ადამიანების გულისტკივილიც, ვინც ლამის 2 წელი ჩემთან ერთად აკეთებდა ამ ჟურნალს. ასევე ბევრი საყვედური და გულისტკივილი მივიღე მკითხველისგანაც. ყველას კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა, ეს იყო საუკეთესო გამოსავალი მოცემული მომენტისათვის. "მომენტის" არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჟურნალს ჩემი აქ წამოსვლა დაეტყო. დავკარგეთ ტემპი, ავტორები, "მუღამი". ხშირად ვეღარ ვიკრიბებოდით, უფრო სწორად ჩემი წამოსვლის შემდეგ არცერთხელ არ შემდგარა სტაფ მიტინგი. ჩემმა უახლოესმა გარემოცვის რამოდენიმე წევრმაც "გადამაგდეს". ზოგს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაახსენდა და ზოგს ალბად უბრალოდ დაეზარა. მივხვდი, რომ ამ შემთხვევაში ჟურნალის გაუფერულებას, ჩვენებურად "გაბანძებას" ისევ დახურვა აჯობებდა. ასეც მოვიქეცი და გამოვუშვი 4 გვერდიანი მე-19 გამოსამშვიდობებელი ნომერი. მე მჯერა, რომ მომავალში, როცა მე დაბრუნდები, თუ იქნება ნება ჩემი მეოგბრების მხრიდან და კიდევ მცირე ფინანსები ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ერთადერთ ელექტრონულ ჟურნალს კახეთში. ეს დღეც დადგება თუ ჩვენ ისევ შევიკვრებით ერთ გუნდად. მაშინ კი შეგვიძლია ვთქვათ - Όλα καλά.  თუმცა არც ახლაა ყველაფერი ცუდად. ის რაც გავაკეთეთ არაა პატარა საქმე. და ეს ჩემი სიტყვები არაა, ასე თვლიან მკითხველები, ასე თვლიან ავტორები, უბრალოდ ჩვენი მეგობრები და ნაცნობი ხალხის დიდი წრე. ასე რომ გილოცავთ ჩემო გუნდის წევრებო, ჩვენ ნამდვილად დიდ საქმეს ჩავუყარეთ საფუძველი და ნაწილობრივ კიდეც შევასხით ფრთები მას. ყველაფერი წინაა! ;)
ამ ამაღლებული განწყობის ფონზე მინდა დაგემშვიდობოთ, თემა მაქვს დასაწერი და გავიქეცი ახლა!
მომავალ პოსტამდე,
დროებით!

Sunday, January 15, 2012

რაგუცარია ანუ კარნავალი ბერძნულად (ნაწილი 4)

"რაგუცარია" ერთი შეხედვით უბრალო კარნავალის სახეს ტოვებდა. ზოგიერთ მომენტში მეჩვენებოდა, რომ არ იყო ორგანიზებული და ყველაფერი ქაოტურად ხდებოდა. მეტიც, ექსპრომტით და არა რაიმე გაწერილი პროგრამის მიხედვით. თუმცა ცოტა მოგვიანებით გავარკვიე, რომ კარნავალს ყავდა ჟიური. ჟიურიზე დაწვრილებით უფრო გვიან ალბად ჩემს თემაში დავწერ. რაც შეეხება კატეგორიებს, რომლებშიც გუნდები გამოდიოდნენ შემდეგნაირად გამოიყურებოდა: საშუალო სკოლები (სადაც თავისთავად მხოლოდ სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ), გიმნაზია-ლიცეუმები (ასევე მოსწავლეებისათვის), ინდივიდუალური (სადაც მხოლოდ ერთი მონაწილე გამოვიდა), ტრადიციული (ამ კატეგორიაში ძველებურ ტრადიციულ კოსტუმებში გამოწყობილი 2 გუნდი იღებდა მონაწილებას) და ბოლოს სატირა (სადაც 14 გუნდი პაექრობდა). ასევე იყო კატეგორია სტუმრები, რომელიც ჟიურის შეფასებაში არ შევიდა. კომოტინის კულტურულმა ასოციაციამ Trelacademy.com წარმოადგინა ჩვენება - "ლედი გაგა ძველ ეგვიპტეში". როგორც მოგახსენეთ, მრავალი  თანამედროვე და ცოცხალი ვარსკვლავების პროტოტიპებით იყო დახუნძლული კარნავალი. ლედი გაგა კი რაღათქმაუნდა ქალის ტანსაცმელში გადაცმული მამრი გახლდათ (მისი ფოტო ერთ-ერთ წინა პოსტში დავდე). როგორც ზემოთ ავღნიშნავდი კარნაველებში ხშირია მონაწილეთა მხრიდან საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ტანისამოსში პოზირება.მეც რამდენჯერ მინახავს ბავშვობაში იანვარსა და თებერვლის თვეებში თელავში გამოსული ბერიკები, რომელთაც სათავეში ნეფე-პატარძალი მოუძღვოდნენ, მანქანებს წინ უდგებოდნენ და ფულს სთხოვდნენ.(საერთოდ ეს ტრადიცია უძველესია და ყეენის მხრიდან ვასალურად დამოკიდებულ ქვეყნებში ხარკის აღებას განასახიერებს.) ყოველთვის მეგონა ხოლმე, რომ პატარძალი მართლა ქალი იყო. ისე ოსტატურად ინიღბებიან კახეთში, ერთი შეხედვით ვერ შეამჩნევთ "ქალის" კაცურ მხარეს. :) ამ თემაზე ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი სოფელ ალმატში (ესაა ერთადერთი სოფელი სადაც ბერიკაობაა შემორჩენილი). ამ ინტერვიუს უკვე ვრცლად ჩემს თემაში გავშლი. სტუმრად იყვნენ ჩამოსული ასევე სალონიკელებიც.
სტუმრების შემდეგ ინდივიდუალურ კატეგორიაში კასტორიელი დილიტრიოს პანაიოტისი გამოვიდა თემით - "ემიგრაცია".
 ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე დილიტრიოსი ჩემოდანით ხელში ავსტრალიაში წასვლას და იქ ფაბრიკაში მუშაობას გეგმავდა. კითხვაზე, რატომ ავსტრალია და არა გერმანია, გვიპასუხა, რომ გერმანიაშიც ისეთივე მძიმე სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციაა, როგორც საბერძნეთში. დემოკრატიას მონატრებული და საბერძნეთის ამჟამინდელ მთავრობაზე განაწყენებული ხშირად აკეთებდა თამამ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც გარშემომყოფთა დიდ მოწონებასა და ოვაციებს იმსახურებდა. უჩიოდა ყველაფერს და თან იმუქრებოდა, მომავალ არჩევნებზე რომ წავიდოდა, არავის მიცემდა ხმას. შიგადაშიგ ემოციურ ფონზე "ტიროდა" და თავისი თეთრი ცხვირსახოცით იმშრალებდა "ცრემლებს". იმედს იტოვებდა, რომ ემიგრაციიდან გამდიდერებული დაბრუნდებოდა და თავის ახლობლებსა და ნათესავებს დაეხმარებოდა, რაზეც ენაწყლიანმა ჟურნალისტმა მიუგო, - რო გამდიდრდები ჩვენც ნუ დაგვივიწყებო. "ემიგრანტის" შემდეგ ასპარეზი, ტრადიციულ თეატრალურ მასკებში გამოწყობილ ჯგუფებსა და სატირის კატეგორიის მონაწილეებს დაეთმოთ. კულტურული განვითარების ჯგუფი "Myisis" წარმოდგენა ძალიან შთამბეჭდავი იყო კოსტუმებიდან გამომდინარე. ყველას საოცარი ნიღბები და თეატრალური ტანისამოსი ეცვათ, ტანზე კი სხვადსხვა მცენარე თუ ბოსტნეული ჩამოეკიდათ. ეს ჯგუფი ყველაზე ახლოს იდგა ჩემს წარმოსახვაში არსებულ ძველ ბერძნულ კარნავალებთან, მათი ვიდეო გადაღებული მაქვს და სულ ცოტახანში ვრცლად გავშიფრავ, კონკრეტულად რა იყო მათი მესიჯი, რას ნიშნავდა ლოზუნგი "კარნავალი თქვენია, რაგუცარია ჩვენი". შემდეგი ჯგუფების წარმოდგენები ძალიან წააგავდა ერთმანეთს. მთვრალი მსახიობები. რომლებიც  რაიმე მაღაზიის, ბანკის, საზოგადოებრივი გაერთიანების ან ასოციაციების წარმოადგენლებით იყო დაკომპლექტებული გაუთავებლად როკავდნენ ბალკანურ ჰანგებზე. ფულს უტენიდნენ ჯიბეში მთავარ მესაყვირეებს და მუსიკას უკვეთდნენ, სვავდნენ და მიწაზე ფორთხავდნენ. განსხვავებული იყო მხოლოდ კოსტუმები, ვის აღარ ნახავდით აქ - პირველყოფილ ადამიანებს, გორილებს, პანდებს, კულინარებს, მუშკეტერებს, გერმანელებს მეორე მსოფლიოომიდან, Smurfs და Flintstones საბავშვო ანიმაციური ფილმებიდან. მე მათგან პანდების ორი წევრის ქმედება დამამახსოვრდა, როცა ერთი "პანდა" მეორე "პანდას", რომელიც მიწაზე იყო ჩაჩოქილი ზედ ეჯდა და პირში ალკოჰოლური სასმელით სავსე ბოთლს ტენიდა. მსგავსი სცენა ერთ-ერთ წიგნშიც მინახავს, ესეც აქაური ტრადიციაა და სახალხო სანახაობებისათვის დამახასიათებელი მომენტია. ასევე შევნიშნე მიწაზე დაჩოქილი მონაწილე, რომელსაც ყური საყვირზე ედო, მესაყვირე კი მთელი ძალით აკვნესებდა ზურნას. ეს როგორც გავარკვიე დომინანტობის გამომხატველია, ამ დროს მონაწილე ხაზს უსვამს, რომ მუსიკა მან შეუკვეთა, ფული გადაიხადა და ახლა მას, როგორც თავის საკუთრებას თვითონ ყველაზე გაფაციცებით უგდებს ყურს. ალბად იყო დეტალები, რომლებიც ასე ერთი შეხედვით ვერ დავიჭირე, ან ენის ბარიერის გამო გამომრჩა, მაგრამ ვრცელი მასალა (ორი კამერით გადაღებული, პლიუს ინტერნეტში განთავსებული ტელევიზიის გადაღებული ფრაგმენტები) უკეთ დამეხმარება მათ აღმოჩენაში.
თითქმის 17:00 საათი სრულდებოდა. ანგელოს ვკითხე მალე დასრულდებოდა თუ არა კარნავალი. მიპასუხა, ჯერ კიდევ 8 გუნდია გზაშიო. გადავწყვიტე რამოდენიმე გუნდის გამოსვლა გამომეტოვა და სანამ დაბინდდებოდა ქალაქის დასათვარიელებლად გავემართე. ვიწრო ქუჩებს ჩავუყევი ქვემოთ და სულ მალე თავი სანაპიროზე ამოვყავი. საოცრად ლამაზი ხედი გადამეშალა წინ. უდიდესი თვალუწვდენელი ტბა, მომცრო 2 კაციანი ნავები ნაპირთან, წყალში მოჭყუმპალავე გედები და იხვები, ერთ მხარეს სალი კლდეები, მეორე მხარეს გორები საიდანაც მზე ძლივსღა იჭყიტებოდა. საოცრად მშვიდი იყო იქაურობა.  მწვანე ფერში ჩაფლული სანაპირო ზოლი საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა. ბოლომდე აღარ გავყევი, გზადაგზა კადრებს ვიღებდი, მერე კი მზემ რომ იწყო ბოლომდე ჩასვლა, ისევ ვიწრო ქუჩებს ავუყევი. ვშიშობდი დასკვნითი ნაწილი არ გამომჩენოდა. დაახლოებით 10 წუთი მოვანდომე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ასვლას და გზაში არავინ შემხვედრია. სახლები დაკეტილი იყო. სინათლეებიც კი არ გამოდიოდა არსაიდან. მაშინ გავაანალიზე თუ რამხელა დატვირთვა აქვს ამ დღესასწაულების ციკლს კასტორიისათვის, საბერძნეთის წალკოტისათვის.
მალე საკმაოდ დიდ მოედანზე გავედი. აქ უკვე მოეყარათ თავი ყველა იმ მონაწილეს, რომლებიც ზემოთ, მთავარ არენაზე პოზირებდნენ კამერების წინ. უფრო სწორად მთავარი არენა აღმოჩნდა სწორედ ეს ადგილი, რადგან რაგუცარიის დასასრული აქ შედგა. ერთ სივრცეში თავმოყრილი ამდენი განსხვავებული კოსტუმისა თუ ნიღბის მქონე ბერძნები მართლაც გამორჩეული სანახავი იყო. ყველას თავისი წრე შეეკრა, თან ახლდნენ მუსიკოსებიც და ყოველ კუთხე-კუნჭულში ცეკვა -თამაში გაემართათ. შუაში იდგა მუსიკალური ინსტრუმენტები, გიტარები, ბარაბანი, თუმცა მე როცა მივედი იქ მხოლოდ ბავშვები თამაშობდნენ და აჩხარუნებდნენ დასარტყამ ინსტურმენტებს. გადავწყვიტე მომეძებნა ქალბატონი ირინი, რათა დაღამებამდე მომესწრო ინტერვიუს ჩაწერა. ავუყევი აღმართს და მალევე შემხვდა გზაში, ქალაქის მერთან ერთად მიემართებოდა თავშეყრის ადგილისაკენ. ჩემი თავი წარუდგინა მერს. ვიფიქრე, თუ შესაძლებელი იქნებოდა ისიც ჩამეწერა. თუმცა მათი დატვირთული გრაფიკის გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ირინიმ დამამშვიდა და დამპირდა, რომ ყველა კითხვას, რაც მასთან მაქვს და ასევე ზოგადად კარნავალთან დაკავშირებით, წერილობით, მეილის საშუალებით უპასუხებდა. კითხვები მეორე დღესვე გადავუგზავნე და ახლა სწორედ მის პასუხებს ველოდები. დარწმუნებული ვარ ისინი ამომწურავი იქნება და ჩემი თემის გავრცობაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს.
მალე დაბინდდა, ვჩქარობდი სალონიკში დაბრუნებას, ვიცოდი ბოლო ავტობუსი 19:00 საათამდე გამოდიოდა. ჩემს ძველ ადგილს დავუბრუნდი, სადაც ვანგელო კვლავინდებურად აგრძელებდა კარნავალის ბოლო მონაწილე ჯგუფების წარდგენას. საკონტაქტო ინფორმაციები გავცვალეთ და შევთანხმდით, რომ ფინჯანი ყავის თანხლებით ინტერვიუს ჩავწერდი. აპარატურა ჩავალაგე და ის ის იყო უკვე გამოვცდი მთავარ თავშეყრის ადგილს, რომ აყალმაყალის ხმა შემომესმა. მივყევი მას და თავი ჰიტლერის გერმანიაში ამოვყავი :) კარნავალის ბოლო გუნდი თემით "გერმანელები ბრუნდებიან" თითქმის მისულიყო დანიშნულების ადგილთან, როცა გუნდის "ოფიცრებს" შორის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ჩხუბი დაიწყო. სასწრაფოდ ამოვიღე კამერა ჩანთიდან და ჩუმად რამოდენიმე კადრიც გადავიღე. ამასობაში ერთ-ერთი ფოტოგრაფიც გავიცანი, რომელმაც ამიხსნა, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ ზოგჯერ მაინც ხდება კარნავალის დროს. ყველაფერის მიზეზი კი რაღათქმაუნდა მონაწილეთა გადაჭარბებული ზომით მიღებული ალკოჰოლია. მოჩხუბრები მათი მეგობრებისა და პოლიციის ჩარევით მალე დააშოშმინეს. მე იმ ქუჩებს, რომლებითაც დილით ამოვიარე ქალაქი, ქვევით დავუყევი. გზაში რამოდენიმე ჩამორჩენილი მონაწილე შევნიშნე. ძალიან დამთვრალიყვნენ. ზოგი მიწაზე იჯდა და დამხმარეებს ელოდა. ზოგიც კი მანქანებს აყუდებული ითქვამდა სულს :) 15 წუთში უკვე სალონიკის ავტობუსში ვიჯექი და უკან ვბრუნდებოდი. ვფიქრობდი გზაშივე მენახა მასალა, მაგრამ კასტორიიდან გამოსვლის თანავე ჩამეძინა.
ასეთი იყო ჩემი პირველი მოგზაურობა ქალაქგარეთ და ასევე ჩემი პირველი ბერძნული ფესტივალი ან სულაც კარნავალი. რაც მთავრია ბედნიერი ვარ, რომ კასტორია დავათვალიერე და უფრო მოხარული იმის გამო, რომ თემაზე უკვე სერიოზულად დავიწყე მუშაობა. იმედს ვიტოვებ რომ მომავალი კარნავალები, რომლებიც უკვე თებერვალშია უფრო საინტერესო და სანახაობრივი იქნება! ;)


p.s. რაგუცარიის ყველა პოსტში გამოყენებულია საიტის http://oladeka.blogspot.com მასალები. დიდი მადლობა ყველას ვინც დამეხმარა პოსტის მომზადებაში! ;)



Saturday, January 14, 2012

რაგუცარია ანუ კარნავალი ბერძნულად (ნაწილი 3)

ვიწრო ქუჩა სადაც "რაგუცარიის" პროცესია მიდიოდა სავსე იყო მაყურებლებით, რომლებიც ისედაც პატარა გზას სულ მთლად ავიწროვებდნენ. ხალხი სახლის აივნებს იყო მომდგარი და მომღიმარი სახეებით უქნევდნენ ხელს ერთმანეთს, ცდილობდნენ მასაში თავიანთი ახლობლები, ნათესავები და ნაცნობებია ამოეცნოთ, რაც საკმაოდ ძნელი იყო ზოგიერთის შემთხვევაში, ყველაფრის მიზეზი კი ნიღბები და გრიმები იყო. მაყურებელთა შორის იყვნენ ბავშვები, რომელთა უმეტესობაც ასევე ნიღბებსა და სხვადასხვა კომიქსის გმირებისა თუ ცხოველების ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი. გზადაგზა მხვდებოდა ტროტუარზე აღმართული დინამიკები, რომლებიც სხვადასხვა სახის მუსიკას უკრავდა, ძირითადად ბალკანურ რითმებს. ანუ მთელი ეს პროცესია მუდმივი მუსიკის თანხლებით მიემართებოდა. ქალბატონ ირინის ვკითხე საით მივდივართ თქო და მიპასუხა მთავარი მოედნისაკენ მივემართებით, სადაც ასე 16:00-ზე დასრულდება ყველაფერიო. უკვე ლამის 14:00 ხდებოდა. ვიფიქრე გადავიღებ უშუალოდ ფესტივალს, ჩავწერ ინტერვიუებს და იქნებ ქალაქის დათვალიერებაც მოვასწრო მეთქი. იქვე ირინის დახმარებით სანტა კლაუსიც შევიპირე ინტერვიუზე, როცა გინდა ჩამწერეო ღიმილით მომიგო, თუმცა მალე იქ ისე აირია ყველაფერი სანტა კლაუსს კი არა, ბავშვები საკუთარ დედიკოებს ვერ პოულობდნენ.სამწუხაროდ ინტერვიუც არ შედგა .
მალე უფრო ფართო ქუჩაზე გავედით, რომელიც ერთი მხრიდან მომცრო ტაძრითა და კორპუსებით, მეორე მხრიდან კი ტერასებით იყო შემოსაზღვრული. ყოველი კუთხე-კუნჭული გადაჭედილი იყო მაყურებლებით. ხალხი ასულიყო ქვის გალავნებზე, რომელითაც ტძრის ეზო იყო ქუჩისგან გამოყოფილი და თვალებზე ხელით მოჩრდილული აკვირდებოდა პროცესებს. ერთ კუთხეში იყო ქვის კიბე, რომელიც ადიოდა კორპუსის პირველ სართულთან, სადაც ძველი კაფე იყო, გარეთ კი მაგიდები გამოეტანათ. ნაწილი მაყურებლების სწორედ აქ ჩამომსხდარიყვნენ და მოელოდნენ კარნავალის მონაწილეებს. გავედი თუ არა ამ ქუჩაზე, მაშინვე ავირჩიე შემაღლებული ადგილი და დავიწყე გადაღება. უამრავი ფოტოგრაფი და კამერა მუშაობდა. აქვე ქუჩის ბოლო ნაწილში იყო დადგმული ორი ვიდეო კამერა, ერთი სტატიკურ მდგომარეობაში იყო, მეორე კი ამწეზე დაეკიდათ. მოშორებით შევამჩნიე კარნავალის წამყვანი. ლურჯ არისტოკრატულ შარვალ კოსტუმში გამოწყობილი, თავზე თეთრი ხუჭუჭა პარიკითა და გაპარსული სახით თითქოს პირდაპირ შუა საუკუნეების ევროპიდან გადმოაუპატიჟიათო. ეს ენაწყლიანი შოუმენი ვანგელო - თავისუფალი ჟურნალისტი გამოდგა, რომელიც კასტორიის გუბერნიაში მუშაობდა. მიუხედავად მისი მცირედი ინგლისურის მარაგისა, მაინც ვახერხებდი დროდადრო გასაუბრებას და ვცდილობდი კონკრეტულ დეტალებზე ინფორმაციის მოპოვებას.


სიტუაცია მალე "მოიქოქა". ჩაიარეს ჩემთვის ნაცნობმა სანტებმა, "ბავშვებმა", "მოგვებმა", თავზე დისკებიანმა ზარმაცმა მოსწავლეებმა. მეგონა ამით კარნავალი დასრულდებოდა. მე ხომ დასაწყისში მხოლოდ ისინი ვიხილე. ვანგელოს მივაკითხე და მითხრა ჯერ რა დროს დასასრულია, ახლა იწყება კარნავალიო . . .
სულ რაგუცარიის დასკვნით შოუზე 32 გუნდი გამოვიდა. თითოეულ გუნდში საშუალოდ 15-დან 50-მდე (ზოგჯერ უფრო მეტიც) მონაწილე ირიცხებოდა. ყველა მათგანს ქონდა სახელი და თემა. ყავდათ ლიდერი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში გამოკვეთილი იყო და თავში მოუძღვებოდა მათ. ზოგჯერ  ლიდერის ფუნქცია საერთოდ არ მუშაობდა და გუნდის ყველა წევრი თანაბრად იყო მთლიან სანახაობაში ჩართული. პროგრამის სათავეში იყვნენ კასტორიის საშუალო სკოლები, რიგითი თანმიმდევრობისა და ასაკის ზრდადობის მიხედვით. როგორც ზემოთ ავღნიშნე რაგუცარია ყველაზე პატარებმა სანტასთან ერთად გახსნეს. პირველიდან  მეხუთე კლასამდე ბავშვებისგან და მათი მშობლებისგან შემდგარი გუნდები თემატურად იყვნენ გამოწყობილნი, ჰქონდათ დიდი პლაკატები და ბილბორდები, სადაც მათი სკოლის, გუნდის სახელი, ასევე თემა და სხვადასხვა მოწოდებები ეწერა. რისი ჩაწერა და თარგმნაც მოვახერხე ასეთია : "სანტა კლაუსის სოფელი", "კიდევ ერთხელ გავხდეთ ბავშვები", "წიგნები მოვიდნენ", "ფონდი ცარიელია" (ალბად სკოლის ფონდს თუ გულისხმობდნენ :) ), "ფული არ გვაქვს და გვაცვია რაც გვაქვს". საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ  ამ კარნავალისათვის ძალიან დამახასიათებელია პოლიტიკური სატირა, ისევე როგორც ჩვენთან "ბერიკაობის" და "ყეენობის" სიუჟეტებშია შემორჩენილი პოლიტიკური თუ რელიგიური მოტივების სატირა. ყველაზე სახასიათო პერსონაჟებიც ჩვენ, ქართულ წარმოდგენებში სწორედ მეფეები, ყეენები, სამღვდელო პირები არიან. რაგუცარიასაც ხშირად დაჰკრავდა პოლიტიკური ელფერი, პირველად ეს ნომერ მეხუთე საშუალო სკოლის გამოსვლაზე აღმოვაჩინე სადაც შემდეგ ლოზუნგს "რაც გვქონდა და არ გვქონდა ყველაფერი წაიღეს" ნიკოლა სარკოზისა და ანგელა მერკელის პროტოტიპები მოჰყვებოდნენ ვალსის და ტანგოს ცეკვით. ბავშვების მშობლები ამ შემთხვევაში როგორც მივხვდი გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების ქმედებებს აპროტესტებდნენ. არც გამკვირვებია. არ გამკვირვებია ზოგადად პროტესტი. პროტესტი ხომ დამახასიათებელი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია ქუჩის სახალხო სანახაობებში. უბრალოდ ბერძნებს ამ შემთვევაში თანამედროვე გმირები შეუქმნიათ. 21-საუკუნის ვარსკვლავებს ხშირად შეხვდებოდით "რაგუცარიაზე". კოსტუმებზე ბევრს არ დავწერ, ეს მოგვიანებით უკვე ჩემს თემაში იქნება დაწვრილებით განხილული, ამჯერად უბრალოდ გთავაზობთ ფოტოების კოლაჟს, რომელიც ერთ-ერთი ადგილობრივი ფოტოგრაფის გადაღებულია.


შედარებით პატარებს თავში მოყვებოდათ მცირე ზომის პიკაპები ან ჯიპები, სადაც მათთვის მუსიკა იყო ჩართული, მთავარ გასასვლელში მოწყობილი აპარატურაც ეხმარებოდა მონაწილეებს განწყობის ამაღლებაში. ის ძირითადად ტრადიციულ ბერძნულ მუსიკებს უკრავდა, ეს ხდებოდა გუნდების გამოსვლების შუალედში. შუალედი ზოგჯერ ძალიან იწელებოდა, ამის მიზეზი კი მონაწილეთა რაოდენობა (ზოგჯერ ძალიან ბევრნი იყვნენ და გზადაგზა იფანტებოდნენ), ზოგჯერ კი უბრალოდ გაჩერებები იყო. ზოგიერთი საკარნავალო მანქანა და ჯგუფი დიდხანს ჩერდებოდა მაყურებლებთან და დანიშნულების ადგილზე მოსვლას აგვიანებდა. სწორედ ამ დროს მოუწოდებდა ვანგელო "დიჯეის"  მუსიკის ჩართვას, რომ ტემპი არ დავარდნილიყო. მალე შედარებით უფროსკლასელები გამოჩნდნენ, იქნებოდნენ ასე მეათე - მეთერთმეტე კლასელები. ყველას ალკოჰოლური სასმელი ეჭირა ხელში, სვავდნენ და მღეროდნენ. ინტერვიუებს აძევდნენ ტელევიზიებს და ყველას ახალ წელსა და "რაგუცარიას" ულოცავდნენ. გიმნაზიის და ლიცეუმის ბავშვები ყველაზე მოწადინებულები იყვნენ. ასეთი სულ 4 გუნდი იყო. ყველა მთგანს დაქირავებული ყავდა დამკვრელების გუნდი, მხოლოდ მესამე ლიცეუმის ბავშვები უკრავდნენ თვითონ.

საერთოდ მთლიანად პროცესიაზე როგორც მოგახსენეთ ბალკანური მუსიკა ჭარბობდა, განსაკუთრებით ყველა გუნდს, ისევე როგორც ზემოთ ნახსენებ ლიცეუმს ქონდა ერთი ძალიან ცნობილი სიმღერა გორან ბრეგოვიჩის რეპერტუარიდან, რომელიც ჟღერდა კონკრეტულ მომენტში. მინორული ხასიათის მუსიკა  იწყებოდა მაშინ, როცა მონაწილეები წვებოდნენ მიწაზე(ზოგჯერ უბრალოდ ჯდებოდნენ), ერთმანეთის გვერდიგვერდ და აკეთებდნენ წრეს, რომლის შუაგულშიც იდგნენ მუსიკოსები. ზოგჯერ ქმნიდნენ ნახევარ მთვარეს, რომელიც სახით დამკვრელების დასტისკენ იყო მიქცეული. სევდიანი ჰანგები დაახლოებით 1 ან 2 წუთს ჟღერდა, მონაწილეებიც სვავდნენ და დამწუხრებულ სახეებს იჭერდნენ. მაგალითად ერთ-ერთ გუნდს ამ რიტუალის დროს  შემდეგი სახის წარმოდგენა ჰქონდა. მსახიობი ქალი, რომელიც მერკელს განასახიერებდა(ისევ ეს მერკელი :) ), თავის დამხმარე "გერმანელ ოფიცერთან" ერთად ძირს დაყრილ მონაწილეებს როზგავდა. თავისთავად მათრახი ნამდვილი არ გახლდათ, თუმცა ნამდვილი იყო ჯაჭვი, რომლითაც ერთმანეთზე იყვნენ გადაბმულნი აგურისფერ კომბინიზონში გამოწყობილი მსახიობები.
გრძელვადიანი "ცემა-ტყეპის" შემდეგ კი მინორული მუსიკა მაჟორული ნოტებით იცვლებოდა და ძირს დაყრილი "რაგუცარიელებიც" მხიარულებასა და სმას ეძლეოდნენ. ამ მომენტის არსში  ჯერ ვერ გავერკვიე, ვანგელომ ამიხსნა ეს უბრალოდ ტრადიციაა და რადგან ყველა ნასვამია ძირს წვებიან, არ ადარდებთ არაფერიო. თუმცა ზუსტად რატომ აკეთებენ ან საიდან მოდის ეს ტრადიცია და რა სიმბოლოებია მასში ჩამალული ამას მალე გავარკვევ, იმიტომ, რომ როგორც წავიკითხე მსგავსი ტრადიცია არსებობს ბერძნულ ქორწილებშიც. ჩემი გამორჩეული ყურადღება მიიპყრო კასტორიის მეორე ლიცეუმის გუნდმაც, რომლის თემა "მინი და მიკი" იყო. გემახსოვრებათ ალბად პატარა თაგუნიები ვოლტ დისნეის  მულტ სერიალიდან "მიკი მაუსი". უფროსკლასელები თაგუნიების ფორმებში გადაცმულიყვნენ და მორცხვად პოზირებდნენ კამერების წინ.