Wednesday, November 30, 2011

შემაჯამაებელი პოსტი: ნოემბერი

გამარჯობა!
როგორ ხარ?
როგორც მოგეხსენებათ ყოველი თვის ბოლოს შემაჯამებელ პოსტს ვწერ ხოლმე.
ამჯერად კი თუ გულწრფელად მივუდგები საქმეს, შესაჯამებელიც არაფერია.
პირველი თვე ასე თუ ისე საინტერესო იყო: ახალი გარემო,ახალი სახეები, უამრავი საბუთის შეგროვება, მოკლედ სიახლეებით იყო დატვირთული ოქტომბერი.
ნოემბერი კი რატომღაც ძალიან ერთფეროვანი გამოდგა. ახლა პოსტებს გადავხედე და სულ რაღაც 7 პოსტი დამიწერია (ამ პოსტის ჩათვლით 8), თანაც მათგან უმრავლესი არც ეხება საბერძნეთსა და ჩემს აქაურ ცხოვრებას. თითქოს უინტერესო გახდა აქაურობა.
ალბად თქვეთვის, ვისაც ბავშვობაში საოცარ ბერძნებზე გიყვებოდნენ და სკოლაში მითოლოგიით იყავით გატაცებული, ნამდვილად გაუგებარია ჩემი სიტყვები, მაგრამ რაღაცნაირად გამდორდა საბერძნეთული ცხოვრება . . .
რომ ჩამოვედი ასეთ მდგომარეობაში დამხვდნენ ბიჭებიც, გარეთ ცხვირის გაყოფა ეზარებოდათ ზოგჯერ, ხშირად იძინებდნენ დღისით, უნივერსიტეტში საქმე არ ქონდათ და სახლში ჩამჯდრები ადევნებდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს. მე კი ეს ყველაფერი შოკში მაგდებდა, ახალი ჩამოსული ვიყავი და სულ წანწალის ხასიათზე დამდგარი გარეთ მიმიწევდა გული უნახავი ბავშვივით . . . აკი მეუბნებოდნენ ბიჭები, გაგივლისო მალე. . .  გამიარა უკვე მეგობრებო. მართლაც ყოველი დღე ერთმანეთს დაემსგავსა და თქვენ წარმოიდგინეთ თელავში ჩემი ცხოვრების სტილი და დღიური რიტმი მომენატრა, რომელიც ზოგჯერ ისეთი ქაოტური იყო, სამუშაოდან მუსულს სახლში 5-6 საათზე ლოგინი მაგნიტივით მიზიდავდა. არა რა ლოგინი, სადაც თავს დავდებდი იქ მეყვინთებოდა :))))
მთელი ოქტომბერი სახლი, სტუდენტური კაფეტერია, სახლი, კაფეტერია. ხელმძღვანელს არ შევხვედრივარ, მხოლოდ დღესღა შევხვდი (ამაზე ქვემოთ). უნიში საქმე არაფერი მქონდა, მარტო ერთი ორჯერ გავშპი ფართებზე და ჩემი მოქალაქეობის საბუთებზე გავედი. სულ ეს იყო და ეს. რამდენჯერაც უნის ექსკურსიაზე დავაპირე წასვლა, იმდენჯერ მივიღე უარი, ადგილი არაა დოქტორანტებისთვისო და მოკლედ 30 დღის ნაცვლა თითქოს ერთი დღე გასულიყოს ისე ვარ ახლა. უი მართლა ინგლისური გამომრჩა კვირაში ორჯერ, რომელიც სიმართლე რომ ვთქვა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ეს არაა პრივატ გაკვეთილები და ძალიან დიდ ჯგუფთან მუშაობს მასწავლებელი, თან მაინც და მაინც ახალი არაფერია. ;))
მოკლედ ასე თუ ისე ჩაიარა ამ თვემაც და უკვე ორი თვის "ბერძენი" ვარ. ცოტა გაბერძენებული, ვგულისხმობ რა ჩაცმის სტილს და ისევ ქართველი ვგულისხმობ რა დამოკიდებულებებს და მსოფლმხედველობას! ;)
დანაპირები სირბილი, წინა თვის შემაჯამებელი პოსტიდან არ შედგა და რაღაცნაირად ვფიქრობ ზამთარში არ ვირბინო. ალბად მეზარება, თორემ აქ კაი ხანია წვიმები არცაა, სულ კაი ამინდებია. ინგლისურზე ვაგრძელებ და ასევე ვაგრძელებ ვარჯიშს სახლში. რაც მთავარია და მიხარია ვასრულებ დადებულ ფიცს ალკოჰოლის თაობაზე და კვლავ სუფთა ვარ! :)
ახლა ორიოდ სიტყვით ხელმძღვანელზე.
დღეს შევხვდი ქალბატონ ანას. შეხვედრა ჩემდა გასაკვირად ძალიან შინაურული გამოდგა და ძირითადად ჩემი ცხოვრების დეტალებზე საუბარსა და ურთიერთგაცნობას დაეთმო. გაუხარდა ყველაფერს რომ მოვუყევი, ასე ჯობია უნდა გიცნობდე კარგად, რომ ადვილად მუშაობა შევძლოთო. ასევე მომიბოდიშა, მეილებით ძალიან გაწვები და გაწუხებ, მაგრამ მე ოფისი მაწუხებს თავისმხრივ და სხვა გზა არც მაქვსო. გავენდე, ზარმაცი ვარ ცოტა და ასეც მომიხდება მეთქი. :)) ესიამოვნა გულწრფელობა. მერე ჩემი სამუშაო გეგმა ნახა და აღფრთოვანდა, ვხედავ კითხვები სერიოზულად დაგიმუშავებიაო ;) ანუ მიხვდა რომ პატარა ბავშვი არა ვარ და ვიცი რასაც ვაკეთებ რა. მთავარი ეს იყო! მოკლედ დამოკიდებულება შეიცვალა და უფრო ჯიგარი გახდა, მე მომანდო მომავალი შეხვედრის თარიღის არჩევა და უამრავი წიგნი ჩამომიწერა, რაც ამ მოკლე ხანში უნდა წავიკითხო ბიბლიოთეკაში, ასე რომ იმედს ვიტოვებ დეკემბერი საინტერესო იქნება და ნამდვილად დამავიწყებს იმ ერთფეროვნებას რითაც ასე იყო გაჯერებული  ეს თვე.
სხვა რაღა დავწერო არ ვიცი, ამ ეტაპზე სულ ეს იყო.
იმედია კითხულობთ ამ პოსტებს, სულ მგონია მარტო ჩემთვის ვწერ მეთქი. (ვინმემ თუ იცით გამარკვიეთ სად ვნახო რამდენმა კაცმა მოინახულა ესა თუ ის პოსტი?)
გემშვიდობებით მომავალ ვირტუალურ პოსტამდე,
დროებით.
პ.ს. ხვალ გაფიცვაა და აქციები, მოკლედ ოღონდ ამათ დასვენების საბაბი მიეცეთ და რას აღარ გააკეთებენ. აფსუს, ერთი ვანო რას დახატავდათ ახლა! :))))


Monday, November 28, 2011

მე ის უცხო აღარა ვაარ . . .

საღამო მშვიდობის.
აქ ახლა საღამოა მანდ კი უკვე ღამე, გითხარით რომ საბერძნეთი ორი საათით ჩამორჩება საქართველოს? ჰეჰ, ეს რომ მიშამ გაიგოს აუცილებლად გააფორმებდა თავისებურად, სადმე საჯარო გამოსვლაში  :)))
ალბად გეუცხოვათ სათაური . . .
არ ვაპირებ გრძელი პოსტის წერას. . .
ჩემს ცხოვრებაში ცვლილებაა,უფრო სწორად კი გარეგნობაში. მე ის უცხო აღარა ვაარ. (მე ის თამრო აღარა ვარ - გახსოვთ ალბადძველი ქართული კინოფილმიდან.)
მოკლედ ის რასაც ასე ვუვლიდი, რასაც ასე ვუფრთხილდებოდი და ცივ ნიავს არ ვაკარებდი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით აღარ მაქვს. ჩემი სიამაყე კიკინა მოვიჭერი ხალხნოოოოო . . . და მარტო კიკინას ვინ ჩივის თმა, რომელსაც 2007 წლიდან ანუ უკვე მეხუთე წელია ვიზრდი მთლიანად გადავიპარსე!
მორჩა, გრძელთმიანი უცხო უკვე წარსულს ჩაბარდა.
გუშინ დილით, ძალიან ცუდ განწყობაზე გავიღვიძე. პრობლემები შემექმნა საკუთარ ოჯახთან (თუ ბლოგია და დღიური ცოტა პირადულიც გაგანდოთ შეიძლება). თავი პრობლემებისა გამოიწვია ჩემმა ტყუილებმა, რომელსაც არავისთვის ზიანი არ მოუტანია, თუმცა მაინც ტყუილები იყო და თანაც ჩემებს,ყველაზე ახლობელ ადამიანებს ვაწყენინე. დაწვრილებად არც ღირს . . . უბრალოდ პირობა დავდე და ნაწილობრივ არ შევასრულე. ეს კი 25 წლის (14-ში უკვე 26-ის გავხვდები, საჩუქრებზე არ შეწუხდეთ . . .) დაოჯახებულ კაცს არ ეკადრება. ადამიანი მაშინ ფასობს, როცა სიტყავს ასრულებს, თავს არ კარგავს და ფიქრობს თავის საყვარელ ადამიანებზე.მე კი ერთი ორჯერ "ერორი" მომივიდა . . . პროგრამამ აურია და ამიტომაც, მისი "რეინსტალი" გახდა საჭირო. მარტო რეინსტალისა რა ვთქვა. ზოგადად მიყვარს ხოლმე საკუთარი თავის დასჯა, გაბედნიერება, მუშაობა მასზე. ამ შემთხვევაში თავს ჩემთვის ძვირფასი თმის (მართლაც რამოდენიმე ასეული ლარი მაინც ღირდა) მოკვეთა მივუსაჯე! და განაჩენი "Three Days Grace"-ს აკომპანიმენტით, ნახევარ საათში მოვიყვანე სისრულეში!
ავიღე ხელში ჩემი კიკინა და გიოს დავადექი თავ და წვერ მოპარსული თავზე. ეძინა. დილა იყო, ალბად 9 საათი, გაიღვიძე ბიჭო მეთქი დავუღრიალე და რო გადმობრუნდა. ერთი უაზროდ ამოილუღლუღა რაღაც და კინაღამ ლოგინიდან ისკუპა შეშინებულმა. :)))
ასე დასრულდა ჩემი გრძელთმიანობის ეპოპეა და დაიწყო ახალი იმიჯის ხანა. "გადატვირთვა" მარტო პოლიტიკის ნაწილი კი არაა, ხშირად უბრალო ადამიანებსაც სჭირდება ის. ფიზიკურის გარდა, ცხოვრების წესსაც მოუწევს გადატვირთვა . . . უფრო მეტს ვიჯდები სახლში და მივხედავ თემას, თორემ ხელმძღვანელი მემდურება რაღაცეებს. თემასთან დაკავშირებული პოსტების მოხშირება თუ იგრძნოთ ესეიგი სათქვენოსკენ ვარ და არ ვფლანგავ დროს უაზრობებში. . . 
ასე რომ დაელოდეთ მომავალ პოსტებს!
მე კი დროებით,
მომავალ პოსტამდე გემშვიდობებით!
პ.ს. ისე ბლოგს "უთმო'ს ბერძნული დღიურები" ხომ არ დავარქვა?


Wednesday, November 23, 2011

გილოცავთ!

გამარჯობა,
როგორ ხარ?
კაი ხანია პოსტი აღარ დამიწერია, არ ვიცი რას დავაბრალო და თავი როგორ ვიმართლო.შეიძლება სიზარმაცის ბრალია, შეიძლება იმის, რომ რატომღაც მგონია ბევრი არ კითხულობს ამ ბლოგს და მესამეც არც ისეთი საინტერესო გადამხდენია არაფერი.
მოკლედ მაინც მოგახსენებთ:
როგორც იქნა ავიღე დროებითი მოქალაქეობის მოწმობა და ამით ვიმედოვნებ ჩემი საბუთომანია ამ ეტაპზე დამთავრებულია. :) ხელმძღვანელთან შეხვედრა გადამედო და ველოდები თვის ბოლოს, ვნახოთ რა იქნება. კიდევ, ვიყავი ერთ ძალიან საინტერესო გამოფენაზე. ეს იყო გამოფენა ტურისტული კომპანიებისა და მათი კლიენტებისათვის. უამრავი პოსტერი თუ ბროშურა წამოვიღე, რომლითაც ავიხდინე ჩემი პატარა ოცნება და ჩემს ოთახში არსებული დიიიიდი შუშაბანდი მთლიანად შევფუთე და გავალამაზე. მგონი ჩემგან ახალი დიზაინერი იბადება.
ახლა კი მთავარზე გადავალ.
დღეს ხომ გიორგობაა. გილოცავთ და გფარავდეთ წმინდა გიორგის მადლი.
სიმართლე გითხრათ ამ დღეს არასოდეს ავღნიშნავდი. თუმცა რადგან გიორგი ვარ (ყავა დამეღვარა, ახალს მოვიდუღებ და მოვალ ახლავე) . . .
5 წუთის შემდეგ . . .
რადგან გიორგი ვარ ყოველთვის ვიღებდი საჩუქრებს. ეს ძალიან მახარებდა. მერე როცა უკვე წამოვიზარდე აღარ ვაქცევდი დიდ ყურადღებას დღესასწაულებს და გიორგობაც მათ შორის დიდად აღარ მხიბლავდა. თუმცა ეს დღე ყოველთვის მახსენებდა თავს, რადგან ჩემი მეგობრის პაატას დაბადების დღეა. პაატა ყოველთვის იხდის დაბადების დღეს 23-ში ან 24-ში და მეც სულ დაპატიჟებული ვარ. ასე ვატარებდი გიორგობას საქართველოში. ახლაც ალბად ფეხზე წამომდგარი იღებს ტკბილი სიტყვების ულუფებს, შევუერთდები მილოცვებს და მეც მივულოცავ პაატას: ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ძმობილო!
სიმართლე გითხრათ აქ საბერძნეთში საერთოდ არ მაქვს არანაირი დღესასწაულების შეგრძნება. ისედაც ყველა დღე ერთმანეთს გავს, მაინც და მაინც აქტიური ცხოვრების წესით არ ვცხოვრობ(მინდა მაგრამ სად არის?) და აიმიტომაც გუშინ სულაც არ მახსოვდა რომ გიორგობა თენდებოდა. რაღაცნაირად მივეჩვიე, რომ აქ მე ჩემთვის ვარ, არავის ვუნდივარ და ვახსოვარ. ამიტომაც ხშირად მავიწყდება ხოლმე ტელეფონი. ასე მოხდა დღესაც, სახლში დამჩა, გავედი, მერე მოვედი და ვერ ვიპოვე, დავივიწყე. მაინც არავინ რეკავს თქო. მოგვიანებით აღმოვაჩინე გამოტოვებული ზარები და მესიჯი. ძირითადად ზარები ჩემი ოჯახიდან და აქაური ახლობლებიდან იყო. კერძოდ დედაჩემის მეგობარმა ნანა დეიდამ და ჯაბიკოს მამამ, ნოდარი ძიამ მომილოცეს. ოჯახიდან კი საყვედურები მივიღე :( მთელი დღე ცდილობდნენ დაკავშირებას და მოლოცვას, მე კი სულ აღარ მახსოვდა გიორგობა. თავს ნამდვილად არ ვიმართლებ. უბრალოდ მინდა მოვუბოდიშო დედაჩემს და ჩემს მეუღლეს. იმედია მალე მაპატიებენ, გიორგობის დღესასწაულზე რომ ვანერვიულე. ბოდიში კიდევ ერთხელ :(
თქვენ კი ყველას დიდი მადლობა ვინც მომილოცეთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ! წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს თქვენს ოჯახებს!
გემშვიდობებით მომავალ პოსტამდე,
დროებით!
;)
პ.ს. პოსტის წერისას ყავა გამიცივდა, წავალ კიდევ ერთხელ მოვიდუღებ :)))

Friday, November 18, 2011

ნინუნა (ნაწილი 2 - ვიდეოები)

გამარჯობა!
როგორ ხარ?
ვაგრძელებ პოსტის წერას ჩემს პატარა სასწაულზე. საშინელი ინტერნეტის ხელში ვერ ვახერხებ დიდი პოსტის წერას, რომელიც ყველაფრით იქნებოდა გაჯერებული, ამიტომ ნაწილებად დავყავი. გთავაზობთ ძველი არქივიდან 4 ვიდეოს, რომელიც სხვადასხვა დროსაა გადაღებული. მინდოდა ახალი ვიდეოებიც შემომეთავაზებინა,მაგრამ ინტერნეტი ურევს და ვერ ვახერხებ დიდი ფორმატების ატვირთვას.


ბანაობისას ყოველთვის ასეთი საყვარელი იყო.
http://www.facebook.com/video/video.php?v=104479562904613 - ეს ლინკი კი გადაგიყვანთ ვიდეოზე, რომელიც 2010 წლის დადგომისასაა გადაღებული,მაშინ ნინუცა პირველად იყო ჩვენი მეკვლე და აშკარად გაამართლა, მართლაც კაი ფეხი ქონდა გასულ წელსაც და ამ წელშიც!



ტელეფონომანია - ყველა ბავშვის დაავადებაა მგონი.



ეს კი ერთი წლის რომ გახდა მაშინაა გადაღებული. მომავალ პოსტში ვაპირებ მხოლოდ ფოტოები შემოგთავაზოთ, სადაც ის უკვე გაზრდილია. იმედია შემიწყობს ნეტი ხელს.
მე კი დროებით გემშვიდობებით.
მომავალ პოსტამდე! 
;)




Sunday, November 13, 2011

ნინუნა (ნაწილი 1)

გამარჯობათ!
დღეს კვირაა, ძალიან გვიან გავიღვიძე, სახლი გამოვგავე, გიომ ჭურჭელი დარეცხა, მე კარტოფილი შევწვი...  ვისადილეთ . . .
პოსტის წერის ხასიათზე დავდექი, თავში ბევრი თემა მიტრიალებს (სტუდენტური ცხოვრება საბერძნეთში, ვიდეო ლექსი, კიდევ სხვები). თუმცა გადავწყვიტე დღევანდელი ბლოგი ერთ პატარა სასწაულს-სახელად ნინუნას მივუძღვნა.
გუშინ ჩემს მეუღლესთან საუბარში განვიხილავდი მომენტებს, რომლებმაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე, ანუ შემცვალა. აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი ასეთ მომენტთაგანი სწორედ ჩემი პატარა ქალბატონის დაბადება გახლავთ. სიმართლე გითხრათ, რამოდენიმე წლის წინ რომ გეკითხათ, დაოჯახებას კაი ხანი არ ვაპირებდი. შვილზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. უამრავი მიზანი მქონდა, უფრო სწორად ათასი სისულელეთი ვიჭედავდი თავს. სისულელეებს იმიტომ ვუწოდებ, რომ არაფრის მომცემი იყო ისინი ჩემთვის. პროექტები, რომლებიც წაგების და გულისტკივილის მეტს არაფერს მაძლევდა. მერე დავოჯახდი და შვილზე ფიქრებიც თავისთავად, ძალიან სწრაფად მოვიდა. როგორც მოგეხსენებათ მაინც და მაინც აზიატი არ გახლავართ და ვაღიარებ, რომ პირველი შვილი "ოქროს მანცარიანი" ბიჭი სულაც არ მინდოდა. საქართველოში ეს ხომ ძალიან პოპულარული სახუმარო და საშაყირო თემაა. ყველა კაცს პირველი შვილი ბიჭი უნდა. შემთხვევით თუ "პროექტი" ჩაუვარდა და გოგო დაიბადა, მტრისას... საძმაკაცოს ყბიდან მინიმუმ ნათლობამდე ვერ ამოვა. პანჩურებსაც უნდა კაცურად გაუძლოს. ტრადიციაა ასეთი თუ არ გსმენიათ - პანჩურს ურტყამენ ახალ მამიკოს, თუ გოგო შეეძინა. სისულელეეე :)))
აღარ მახსოვს პანჩური მეც მითავაზეს თუ არა, მაგრამ ძალიან ბედნიერი რომ ვიყავი ეს დღემდე მახსოვს, თან მაგრად ვნერვიულობდი, როგორ გავუგებდით მე და ეს პატარა სასწაული ერთმანეთს, რომელსაც სხვათაშორის პირველად მისი დაბადებიდან ასე 10 წუთში შევხვდი სამშობიაროს ტალანში. რაღაც-რუღაცეებში გახვეული, მთლად თეთრი იყო  და ბოლო ხმაზე გაჰკიოდა თვალებ დახუჭული. თავისნათქვამა რომ იქნებოდა თავიდანვე მივხვდით. ჩვენ 8-ში გვქონდა მისი ამ ქვეყანაზე ვიზიტი დაგეგმილი, მაგრამ თვითონ აირჩია ქალბატონმა და აგვისტოს ხუთის გამთენისას დაგვაფეთიანა. მოკლედ მოვიდა და თავდაყირა დააყენა ჩვენი ცხოვრება. მეც, რომ ვიხსენებ ძალიან შემცვალა, ძირფესვიანად თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ კაი გვარიანად. თავიდანვე შეგვაყვარა თავი ყველას.
საერთოდ ძალიან არ მიყვარს ჩემი პირადულის გამომზეურება. ინტერნეტში დადება ყველაფრის რაც შენ გეხება ჩემთვის მიუღებელია, ერთი წელი საერთოდ ფოტოებსაც არ ვდებდი ფეისბუქზე. მაგრამ ამ ბოლო დროს ცოტა დავიწყე შეარი. არ ვიცი ეს ცვლილება რამ გამოიწვია, არც მინდა ფიქრი, უბრალოდ ვწონი რა შეიძლება დავდო და რა არა. არ გეგონოთ თავს ვუფრთხილდებოდე ან იმიჯს, ძალიან რომ მკიდია სხვები რას ფიქრობენ ჩემზე მოგეხსენებათ ყველას. უბრალოდ ზოგი რამ მე თვითონ არ მსიამოვნებს და ჩემთვის რაც მიუღებელია, ვერც გავაკეთებ. ეს ყველაფერი კი იმას მოვაყოლე, რომ აქამდე არასოდეს დამიდია ოჯახის ფოტოები ჩემთან, ვიდეო ხომ მითუმეტეს. საჭიროებაც არ იყო. ნინუცას თავისი ფეისბუქ ექაუნთი აქვს (http://www.facebook.com/profile.php?id=100002271242867)  და მის ფოტოებს იქ ვდებთ ხოლმე. თუმცა ამ პოსტს აშკარად ჭირდება მცირე ვიდეო მასალები არქივიდან,ხოდა ცოტას დავდებ-თქო გადავწყვიტე. ეს ხომ ისტორიაა და ეს პოსტიც ისტორიის ნაწილად იქცევა მოგვიანებით, ამიტომ მინდა ვიდეო მასალებით შევაზავო.


 დღემდე არ მესმის ეს უაზრო ჩვრებში გახვევა რათ უნდათ ბავშვებს, ახლა რომ ვუყურებ რა მჭიდროდ იყო ბავშვი შეკრული გული მისკდება. საშინელებაა . . .
გადიოდა თვეები, ნინუცაც ჩვეულებრივ იზრდებოდა, როგორც ყველა ბავშვი. უბრალოდ მე ვნერვიულობდი მუდამ. ვნერვიულობდი, რომ სამუშაო არ მქონდა და სულ მეგონა, რომ ამის გამო ბავშვს რაღაცას ვაკლებდი. თუმც ასეც არ იყო, მას რაც ჭირდებოდა ყველაფერი ქონდა. სათამაშოებიც უამრავი იყო, საჩუქრებიც. 40 დღის შემდეგ მოვნათლეთ . . . თუმცა მე ნათლობას არ დავსწრებივარ, თბილისში გახლდით საქმეზე. ეს რომ ესმით, ხალხი გაოცებული მიყურებს ხოლმე. შენ რა შვილის ნათლობაში არ ყოფილხარო? :))) მეც მეღიმება, რა უნდა ვუპასუხო არ ვიცი :) საერთოდ ხშირად არ მახასიათებს ტიპიური დამოკიდებულებები და ზოგჯერ არც სტერეოტიპული მამა არ გახლავართ. ეს ზოგჯერ უცნაურად ჩანს ან ჟღერს, ალბად ნინუცაც ასე არასტერეოტიპულად გაიზრდება და ეს ჩემი აზრით კარგია. არ შეიძლება ყველა ერთმანეთს გავდეს და ყველა ერთნაირად აზროვნებდეს.
პირველი რამოდენიმე თვეს ცოტა გვაბრაზებდა, უფრო სწორად გვაღვიძებდა, თავიდან მიჭირდა, მაგრამ მერე მივეჩვიე. საერთოდ ასე ყოფილა, შვილის გამო შეგიძლია ყველაფერს მიეჩვიო ან პირიქით გადაეჩვიო, ესაა გრძნობა, რომელსაც მთების გადადგმა შეუძლია.


მისი ძილი ხომ ყოველთვის მაოცებდა და გადავყავდი ჭკუიდან. სულ პატარას ასე მუცელზე უყვარდა წოლა, შემდეგ სხვანაირი ძილი დაამუღამა,მთელი ღამე ტრიალი და პოზების ცვლა. ამ ბოლო თვეებში კი თავქვეშ ისწავლა ხელების ამოდება და ასე დალხენილად დაძინება. ზოგჯერ შემშურდება ხოლმე ასე უდარდელად დაძინებულს რომ ვხედავ, თუმცა რაც აქ ვარ მეც უდარდელად დავიწყე ძილი. ერთიანად რომ მოვწყდი იმ ალიაქოთს რაშიც ვცხოვრობდი ძალიან მოვეშვი. სულ ძილი და დასვენება მინდა. ნინუცას დაძინებაზე კი კიდევ ერთს გავიხსენებ. როცა ირინა, ჩემი მეუღლე მიდიოდა სახლიდან და ბავშვს ძილის დრო უწევდა, იწყებოდა ჩვენი ტანჯვა. თავისი საყვარელი რძის გარეშე მისი დაძინება ერთ საოცრად რთულ დავალებას წარმოადგენდა. ვიწყებდით (ხან მე, ხან დედაჩემი და ხან სოფუნა, ირინას და) მისი კომპიუტერით დაძინებას. ანუ ვურთავდით საბავშვო კლიპებს და ვცდილობდით ასე კომპიუტერის სკამის რწევით მის გაბრუებას. ეს თუ არ შველოდა მერე ხელში ავიყვანდით და ვურტყავდით წრეებს ოთახს, ხან მთელ სახლს. ზოგჯერ კი ესეც რომ არ ჭრიდა ჩაგვყავდა დაბლა და ეზოსაც ვკრუგავდით. ბოლო ხერხი კი თუ არანაირად არ დახუჭავდა თვალებს მისი მანქანით დაძინება იყო. ეს იყო ჯოკერი ამ საქმეში. ქანცგამძვრალი ბევრჯერ ჩავმჯდარვარ მეზობლად მდგარ ტაქსებში და მისეირნია ნინუცათი ხელში. მანქანა მაქსიმუმ 10 წუთში აძინებდა. თუმცა სახლში მოსვლის მერე იწყებოდა კიდევ ერთი რთული პროცედურა - ჩაძინებულის უმტკივნეულოდ ლოგინზე გადაწოლა. ოხ რამდენჯერ გაღვიძებია 2 საათიანი უძილობისა და ტაქსებით სეირნობის შემდეგ ასე დაღლილს ლოგინზე გადაწვენისას. რამდენჯერ დაურეკიათ სამსახურიდან და გამოვულანძღივართ დაგვიანების გამო, ჩემი მიზეზი კი ნათელი იყო, ნინუცას უძილობა. დაძინება არც ახლა უყვარს, თუმცა თუ დაღლილია თვითონვე მოითხოვს ხოლმე. ისწავლა როგორ აღიდგინოს ენერგია რომ მერე ყველას გამოაცალოს ის, ვინც გარშემოა. :))))



ეს მისი პირველი მუსიკაა, ეს მუსიკა აძინებდა ხოლმე. მერე ნელ-ნელა სხვა რაღაცეების მოსმენაც დაიწყო. ცოტა რომ წამოიზარდა უკვე კომპიუტერთან დასკუპდა. მეც გადმოვუწერდი ხოლმე საბავშვო კლიპებს ნეტიდან და მთელი დღე ვატრიალებდით. მგონი მთელმა ოჯახმა თუ სამეზობლომ ზეპირად ვიცით უცხოური თუ ქართული საბალღო-სალაღოები.:) თავიდან GUMMY BEAR უყვარდა ძალიან, მერე დისნეის მულტფილმის სიმღერები, ცოტა ქართულებიც ბასტი-ბუბუდან. მერე ერთი უცნაურად ჩემი ბავშვობის კლიპები ამოიჩემა. ბავშვობაში ორი სიმღერა მაქვს ჩაწერილი და იმის მოსმენა უყვარდა განსაკუთრებით. შეეძლო საათობით ეყურა თავისი "პატარა" მამიკოს "შედევრებისათვის". ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანბდა ზოგჯერ და თავატკიებული ვწყევლიდი იმ დღეს მე რომ მომღერლობა გადავწყვიტე. ჩემს ორ ვიდეო კლიპს შორის იყო ასევე ჩემი მუსიკის მასწავლებლის ვერიკო სახიაშვილის ვიდეო კლიპი სანთელზე და ჩამქრალ სიყვარულზე. მგონი ვერიკომ არც იცის, ეს სიმღერა დღემდე პოპულარული რომაა ჩვენს სახლში. ნინუცას ალბად მილიონჯერ მაინც ექნება მოსმენილი. ამ ბოლო დროს, სანამ წამოვიდოდი სტეფანის სიმღერები შეუყვარდა, სერიალიდან Lazy Town. კიდევ მრავალი საბავშვო მუსიკები. რაც წამოვედი კი  ქართულ საცეკვაო მუსიკას გაუტაცია ქალბატონი და სკაიპის მეშვეობით მიტარებს ახლა კონცერტებს. ცეკვაზე და სიმღერაზე გაგიჟებულია და არც მიკვირს. მეც ჭკვა მეკეტებოდა სიმღერაზე და ალბად ღმერთს რომ ცოტა მეტად დავეჯილდოვებინე სმენით, კიდეც ავირჩევდი ამ პროფესიას. ჩემს მეუღლეს კი ნამდვილად აბსოლუტური სმენა აქვს და ალბად ნინოსაც ამიტომ უყვრას მუსიკა და ცეკვა.



ასე სიმღერა-ცეკვაში გავიდა ერთი წელი. სიმართლე რომ გითხრათ, ვიდეოებს ვარჩევ და არც კი მჯერა რომ ეს ყველაფერი მართლა იყო. ამხელა როდის იყო თითქოს აღაც კი მახსოვს, ახლა რომ გაზრდილს ვუყურებ . . . თუმცა ჯერ რა დროს გაზრდაა, პატარაა ისევ. ერთი წლის რომ შესრულდა დაბადებისდღე გადავუხადეთ. ვინ აღარ გადაგვეკიდა - არ შეიძლებაო, მაგრამ ჩვენ მაინც ავღნიშნეთ. საერთოდ ძალიან "მეკეტება", როცა მსგავს ცრურწმენებსა და იდიოტობებს ვისმენ. ესაა რაღაც უაზრო მონაბოდვი და მეტი არაფერი, რომლისაც სამწუხაროდ ხალხს სჯერა. არ შეიძლება რაღაც სიტყვებმა, ჭორებმა და "ტრადიციებმა" გმართოს ადამიანი, რომელიც დაიბადე თავისუფლებისათვის. ხოდა ჩვენც ავდექით და ჯერ სახლში ავღნიშნეთ ბავშვებთან, ნათესავებთან და ნათლია გიოსთან ერთად (მეორე ნათლია გერმანიაში ყავს სამწუხაროდ). აქვე ნათლიაზეც მინდა დავწერო. ვფიქრობ ამხრივ ჩემს შვილს ძალიან გაუმართლა. ორი მამაკაცი ნათლია, ორი ყურადღებიანი და საოცრად კეთილშობილი ადამიანი. გიოც და აჩიკოც ჩემი მეუღლის მხრიდან არიან ნათლიები, თუმცა მეც ყოველთვის მინდოდა რომ სწორედ მათ მოენათლათ ნინუცა. აჩიკო ჯორჯაძე ჩვენი უახლოესი მეგობარია და დიდი ხანია რაც ვიცნობთ საკუთარ ძმასავით. გიოს არც თუ კარგად ვიცნობდი, მაგრამ რაც ნინუცა მონათლა ძალიან დავუახლოვდი. შესანიშნავი ადამიანია, საოცრად ყურადღებიანი. ხშირად დაყავს ნინუცა ეკლესიაში, ან ისე უბრალოდ სასეირნოდ. წამოსვლისასაც სწორედ გიომ გამომაცილა თელავიდან. აჩიკოც ხშირად გვირეკავს და კითხულობს თავის ნათლულს, მოკლედ ვაღიარებ - მშურს ჩემი შვილის, ასეთი ნათლიების გამო. მე სამი ბავშვის ნათლია ვარ, მაგრამ ისეთი ცუდი და უყურადღებო, რომ არც კი მინდა ამაზე ლაპარაკი. მცხვენია, რომ ასეთი ცუდი ვარ, მაგრამ ხშირად ვაბრალებ მათ მშობლებს, რომ ნათლიის შერჩევისა შეცდნენ .:))) (აბა მარტო საკუთარ თავს ხო არ გავამტყუნებ?) :)
დაბადების დღის სუფრის შემდეგ მდინარე ალაზანზე გავქუსლეთ, იჭყუმპალავა ქალბატონმა, ჩვენც ლუდები დავლიეთ და მდინარეს გავეთამაშეთ. კაი დრო ვატარეთ და კაია რომ გვაქვს მე და ირის ერთი კაი თვისება. ყველაფერს ვაფიქსირებთ და ვინახავთ. სწორედ ამ თვისების  მეშვეობით ვალამაზებ ახლა ჩემს ბლოგს ჩემი პატარა სასწაულის ფოტოებით.



 

კაი გამოგონებაა ეს ფოტოკამერა. სამსახურიც ზუსტად საჩემო შემხვდა, უფლება მქონდა სახლში წამომეღო ფოტოაპარატი უნივერსიტეტიდან და იმდენჯერ გამომადგა, აღარც კი მახსოვს. ნინუცასი ალბად 2000 ფოტოზე მეტი მექნება. სამწუხაროა რომ ჩემი Canon და მე დავშორდით ერთმანეთს, უფლება კი მომცეს თან წამომეღო, მაგრამ რაღაც "ნიტო" სიტუაცია შეიქმნა თვითონ სამსახურში და მე თავად გადავიფიქრე მისი აქ წამოღება. მგონი საერთოდ დამავიწყდა კიდეც როგორ უნდა გადავიღო ფოტო. . . 
აქ დროებით ვაჩერებ წერას ჩემს პატარა სასწაულზე.
დაელოდეთ მეორე ნაწილს (ნუ თუ დაგაინტერესათ თავისთავად) 
დროებით ;)




Thursday, November 10, 2011

10 ოცნება

გამარჯობა!
როგორ ხარ?
ეს ჩემი მეოცე პოსტია უკვე, კარგა ხანია ვიდეო პოსტი აღარ შემომითავაზებია. ხოდა გუშინ ჩავწერე ერთ-ერთი ჩემი ძველი ლექსი იას ვიდეო კამერაზე და დავაშეარე უთუბში. იმედია მოგეწონებათ და შეარსაც არ დააკლებთ.


http://www.youtube.com/watch?v=COzd8wRvUvw

მომავალ პოსტამდე!
;)

Sunday, November 6, 2011

About "Flashmob Show"

გამარჯობა!
როგორ ხარ?
მე კარგად ვარ, ძველებურად, ევროპულად :)
ეს პოსტი მინდა ერთ კონკრეტულ თემას მივუძღვნა.

ალბად ჩემს ერთგულ მკითხველებს მოეხსენებათ ჩემი აქტიურობის ამბავი თელავში. მე ხომ არ შემიძლია ერთ ადგილას გაჩერება, სულ რაღაცას დავეძებ, სწორედ ამ ძებნაში შეიქმნა "თელავური სერიებიც", ვგულისხმობ როგორც ფილმების ციკლს, ასევე ჟურნალს. ხოდა, ჩემი მოუსვენარი ხასიათის გამო სახელი გამივარდა. ყველა საინტერესო პროექტი, ზოგადად ქალაქში თუ უნივერსიტეტში რაღაცნაირად მოდის ჩემსკენ. არ გეგონოთ თავს ვიქებდე, ასეა, ფაქტია. ასე მოხდა გასულ სექტემბერს, როცა მე თავი ამოვყავი ტელე "იმედის" ახალ პროექტში.
ერთ მშვენიერ დღესაც გავიგე, რომ ზემოთ ხსენებული ტელევიზია იწყებდა ახალ სატელევიზიო პროექტს. დავინტერესდი :) ან როგორ არ დავინტერესდებოდი, მე ხომ კამერომანი ვარ, ანუ ადამიანი, რომელიც ყველა კამერაში ეჩხირება. :) რა ვქნა ჩემი სისუსტეა, მაგრამ ამით მართლა მაგრად "ვკაიფობ". ეს ვირუსი ალბად ტელევიზიიდან შემეყარა, სადაც 4-5 თვე დავყავი და მას მერე გამუდმებით მივილტვი კამერებისკენ. ასე იყო, როცა ჯეობარში ვაპირებდი წასვლას (კიდევ კაი არ ამიყვანეს), ასე იყო, როცა გოუ ჯგუფში მოვხვდი, ასე იყო როცა "იმედის" ინტუიციაში წავედი და მოკლედ რა მოთვლის კიდევ  . . .  იმას ვყვებოდი, რომ პროექტით დავინსტერესდი, მაგრამ ჩართვას სიმართლე რომ გითხრათ არ ვაპირებდი, ვინაიდან მთელი გულისყური საბერძნეთისკენ მეჭირა.
თუმცა მოხდა ისე, რომ ერთ დღესაც მე როგორც თანამშრომელი (და არა როგორც დოქტორანტი სტუდენტი) შევხვდი "იმედის" გადამღებ ჯგუფს, რომელიც სამი დღით იყო ჩამოსული ფლეშ მობის გადასაღებად თელავში. ბოდიში მომითხოვია, ვინც პროექტის არსი არ იცის, მაგრამ სიტყვა ძალიან გამიგრძელდება და არ ვაპირებ დაწვრილებით ახსნას და კოტიკოს ან ნუკის როლის შეთავსებას(პროექტის წამყვანები არიან ორივე).
შაბათი იყო თუ კვირა, დავხვდით სტუმრებს. ვიმსჯელეთ და შევთავაზე დაგეხმარებით თქო, გაგარკვევთ ქალაქის სიტუაციაში, სად შეილება გადაღება სად არა,მე ხომ ამ საქმეშ 2 წლიანი სტაჟი მაქვს. თუმცა მალე გამოაშკარავდა მათი მიზანი. გამიკეთეს "პეტლიჩკა" და აბა შენ იცი, შენ იქნები მთავარი გმირიო. დანარჩენის მოყოლასაც არ ვგეგმავ, ალბად ნახეთ  "პროფაილი" და თვითონ ფლეშიც. ან თუ არადა აქ შეგიძლიათ იხილოთ - http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=15-10-2011+23%3A32
სამწუხაროდ პირდაპირი ეთერის დროს მე უკვე საბერძნეთში ვიყავი. თუმცა თელავი პირველ გადაცემაში უნდა ყოფილიყო, რომელიც სექტემბრის ბოლოს გადიოდა და მეც ვასწრებდი იმედში წასვლას, მაგრამ ჩვენ "ფეისი" იყო დაკავებული და გადაიდო. ნამდვილად დამწყდა გული. მაგრამ რას ვიზავთ, ასეც ხდება ზოგჯერ. თუმცა აქვე საყვედური ჩემს მეგობრებს, რომლებმაც არსად ახსენეს "მთავარი გმირი" ;)
აქ ყოფნის დროს სულ ალბად 2-3 ჯერ ვუყურე ამ გადაცემას. არადა მართლა მაინტერესებდა რა ქონდათ სხვა უნივერსიტეტებს მომზადებული, მაგრამ ეს საზიზღარი ქართული საიტები ხო არაფრის საშუალებას არ მიცემენ კაცს. "თვალი.გე" ურევდა მუდამ,"Myvideo.ge" კიდევ გაბლატავებულა და საზღვარგარეთიდან შემოსულ მომხმარებლებს ფულის გადახდის გარეშე არ უშვებს, ალბად გონიათ აქ ყველა ქართველს ისეთი დალხენილი ცხოვრება აქვს, რომ ერთი-ერჯერ ქართულ არხებს რომ შეავლოს თვალი ევროებს გადაიხდის :(
ვუყურე ჩვენს პირველ პირდაპირს. მაგრადაც ვინერვიულე. ბიჭები ჯერ კიდევ აქ იყვნენ, ვბალეშიკობდით ერთად თელავს და ძლივს რომ გადავღოღდით ძალიან გავიხარეთ. ეს ვნახეთ იმედის საიტის მეშვეობით სადაც პირადპირი ეთერი ქონდათ.
მერე კიდევ ერთი გადაცემა ვნახე სხვების, აა მახსოვს სამედიცინო იყო ერთ-ერთი და ძალიან მომეწონა. აი ის იყო მართლაც ფლეშმობი.
ვიცოდი ჩვენებიც მალე იქნებოდნენ. მეორე ტურში თითქოს გართულებული დადგმები უნდა ყოფილიყო - არავითარი ცეკვა და სიმღერაო, მეც როგორც "პატრიოტი" უნელი, თავს ვიჭყლეტავდი იდეების ძებნაში. იქნებ რამე მომაფიქრდეს და დავეხმარო სცენარის ამბავში თქო. მაგრამ საბოლოოდ ისევ იმედმა მოიტანა იდეა. ზოგადად იმედის იდეებზე მე მაგრად ვკაიფობ. არ გახლავართ სცენარისტი, მაგრამ რაღაც უკეთესის მოფიქრება მგონია შემიძლია. ამხელა ტელევიზიაა, ასეთი გრანდიოზული ფული დევს პროექტში (15 ათასი თვითოეული უნივერსიტეტიდან) და მართლა ვერ ვხვდები ვინმე კრეატიული ტიპი რატომ ვერ დაიქირავეს იდეებისთვის. მოკლედ ასეა თუ ისე, ვერც ჩვენ ვივარგეთ, თელაველებმა. როგორც გავიგე იდეების სერიოზულ კრიზისს განიცდიდნენ უნიში და ბოლოს ისევ იმედმა აიღო თავის თავზე ინსცენირების მოფიქრება. სამწუხაროა, რომ კახური გონება ვეღარ ჭრის . . . ასევე შეგვეცვალა "ფეისიც". დუტა პაატამ ჩაანაცვლა. მივესალმები! მე თავიდანვე გავიძახოდი რომ დუტა არ უნდა ყოფილიყო ფეისი, რომ პაატა უმჯობესი ვარიანტია. აქ პიროვნული არაფერია. დუტას არასოდეს სცალია, გადაღებიდან გადაღებაზე დარბის. თან კრეატივს რაც შეეხება, მგონია პაატა უფრო მაგარია. ეს ჩემი აზრია. ;) ასე რომ მოხარული ვარ, პაატას რომ "ჩავბარდით"!
გუშინ მთელი დღე ვახსენებდი თავს არ დამვიწყებოდა რომ 21:00 ზე გადაცემა იწყებოდა (ჩვენ და საქართველო 2 საათითაა დაშორებული).
ჩემი საშინელი ინტერნეტის გადამკიდე მეშინოდა რომ ვერ ვნახავდი თელაველების პერფორმანსს. მართლაც გადაცემის დაწყებისთანავე აღმოვაჩინე, რომ ინტერნეტი "მიკვდებოდა", ხოდა დავიხურე ქუდი და გავქუსლე უახლოესი ინეტერნეტ კაფისაკენ. მივედი, მოვეწყე და ჰოი საოცრებავ, "იმედის" დალოცვილი პირდაპირი ეთერი არ მუშაობს თურმე. ანუ ირთვება, მიდის წამზომი, მაგრამ არაფერს უჩვენებს.:( გამოვშტერდი ამის დანახვაზე, ლამის ნომერ პირველი TV-ია საქართველოში და საიტზე პირდაპირი ეთერი არ უმუშავებთ. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ფუუუ, დავასხი თავს ლაფი, მოკლედ გულში მაგრად "დავლოცე" და დავიწყე ალტერნატივაზე ფიქრი. ეს ალტერნატივა კი გაგიკვირდებათ და ჩემი ძველი ჯაბახანა ტელევიზორი აღმოჩნდა. :))))
მართლაც, ასე 10 წუთში უკვე საკუთარ სახლში, თელავში საკუთარ ტელევიზორს ვუყურებდი. არ გეგონოთ სუპერმენის რამე გადამედო :) ისევ ის გიო ვარ, ხუჭუჭა პატარა. უბრალოდ მე, დედამ და ჩემმა მეუღლემ სკაიპის ვიდეო ქოლის მეშვეობით შევძელით ერთად გადაცემის ყურება. თან ვსაუბრობდით კომენტებს ვაკეთებდით, თუმცა ცოტა ანტენა ურევდა, ითიშებოდა ხოლმე ტვ, მაგრამ მთლიანობაში მაინც ვუყურე გადაცემას. :))) ესეც ერთი მაგალითი, იმის, რომ შეუძლებელი არაფერია, როცა შენს გვერდითაა 21 საუკუნის ტექნოლოგიები ;) მადლობა ჩემს ოჯახს!
ახლა უშუალოდ გუშინდელ გადაცემაზე. თვითონ ეთერი იყო სრული დეგენერატობა, იმიტომ, რომ ეს ნანუკა ენას არ აჩერებდა, ვინ დაგვწყევლა, რომ უკვე მეორედ ეგ ქალი ხვდება ჩვენთან ერთად. ძალიან გადამეტებული და მეტიჩრული გამოხტომები აქვს. გამაღიზიანებელია ნამდვილად. მესმის "ფეისია" და თავისებს უნდა გაუწიოს პიარი, მაგრამ ეგ რასაც აკეთეს უკვე ცდება პიარის ჩარჩოებსაც და სართოდ ნორმალური ადამიანის ქცევისასაც :((( ნანუკა გვერძე იყოს და ძალიან მომეწონა ჩვენი ახალი სახე, რომელმაც მშვენივრად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ასე გააგრძელე პაატა!
ფლეში სიმართლე გითხრათ არ მომეწონა, ჩემი აზრით პირველი ჯობდა, ვგულისხმობ იდეას და არა შესრულებას, აშკარაა გიოს, ქორეოგრაფს ნამდვილად დიდი შრომა ჩაუდია, მაგრამ მთლიანობაში იდეა მოიკოჭლებდა. პირველ პერფორმანსს ქონდა ძალიან ლამაზი სახე, იყო გამოკვეთილი მესიჯი "გაიღიმე", "ღიმილის დღე" მოუწოდებდა ყველას მხიარულებისაკენ და ფეისიც იყო მეტად დაკავებული და აქტიური. მეორე წარმოდგენაში კი არა, პაატას როლი ძალიან პასიური იყო, არ იყო გამოკვეთილი ლოზუნგი, არ ქონდა ამ ფლეშს სახელი და ცოტა სინქრონიც მოიკოჭლებდა ცეკვის(ეს კი აშკარად დროის სიმცირეს უნდა დავაბრალოთ, ალბად როგორც წინაზე, ესეც ერთ დღეში დადგეს). ძალიან მომეწონა ქალბატონი ნონა ხუმარაშვილი, რომელიც ბაზარში მოვაჭრის როლს ასრულებდა და რომელიც ვითომდა ჩაერთო ამ 90-იანების ჰიტზე აცეკვებულ მასაში. ისე სიმღერაც უკეთესი შეიძლებოდა. მე მაგალითად ამას ვამჯობინებდი - http://www.youtube.com/watch?v=CS9OO0S5w2k&feature=youtu.be
თუმცა მთლიანობაში მაინც ნორმალური იყო და ეს ესემესებზეც აისახა. მესიჯები ხომ ცალკე თემაა, აქ იმარჯვებს არა ის, ვინ უფრო მაგარ ფლეშს დადგავს და გააოცებს ხალხს, არამედ ვინ უფრო მეტს გადარიცხავს. ძალიან ცუდია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ იჩაგრებაინ ღარიბი და ნიჭიერი ხალხი, მდიდარი და ნაკლებად ნიჭიერებისაგან. მე ყველაზე მეტად სოხუმის პერფორმანსი მომეწონა, მაგრამ ისინი ვერ გადავიდნენ, არადა ეკუთვნოდათ, ისევე როგორც ჩვენ. მიხარია ჩვენი წარმატება, მიხარია, რომ გააქტიურდა ხალხი და უკვე მოერეზე გავედით ამ ტურში. იმედი მაქვს მომავალში მთლად პირველებიც ვიქნებით, გააჩნია რამდენად მოიფხეკს ჩვენი უნი ჯიბეებს და რამდენად კრეატიულები ვიქნებით ზოგადად კახელები ;)
აი ასეთია ჩემი მოსაზრებები ამ გადაცემაზე და ზოგადად ჩვენს გამოსვლებზე. უბრალოდ არ შემეძლო არ დამეწერა ჩემი მოსაზრებები. ეს ხომ ბლოგია, სადაც გარდა იმისა რა გავაკეთე და სად ვიყავი, შემიძლია ვწერო რას ვფიქრობ , რა მომწონს, რა არ მომწონს. . .
ახლა კი წავედი, საქმეები დამიგროვდა და მივხედავ,
მომავალ პოსტამდე,
დროებით  ;)

Friday, November 4, 2011

პოლიცია

"მილიცია-პოლიცია, საბუთი არ მომიცია . . ."
ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ეს ფრაზა, დანგრეული მილიციის მანქანების დანახვაზე რომ გავიძახოდით ხოლმე ბავშვები. მახსოვს, ისიც, რომ ხშირად ვთამაშობდით "ომობანას" ან "მაფიოზობანას" და ვამზადებდით ე.წ. პოლიციის ან F.B.-ს თანამშრომელთა მოწმობებს და ვაკრავდით შიგნით სხვადასხვა ჰოლივუდური ბლოკბასტერის გმირების ფოტოებს, რომლებიც მაშინდელ საღეჟ რეზინებს მოსდევდა თან. 
გავიდა დრო და მახსოვს, რომ პოლიციისადმი ზიზღი გაუჩნდა ყველას ჩემს გარშემო, არავის უნდოდა პოლიციელობა და ყველა "ქუჩურს აწვებოდა". იყო ერთი დიდი "ქურდებს სიცოცხლე, ძაღლებს სიკვდილი". ჩემი თინეიჯერობა სწორედ ამ კრიმინალურ სამყაროში ჩაძირულ საქართველოში გავატარე და დღემდე მახსოვს, ის საშინელი სახე მაშინდელი მილიციის, რომელიც ყოველი ჩვენი სოფელში ვოიაჟის დროს იჩენდა ხოლმე თავს. შანსი არ იყო გაგვევლო გზაზე და სოფელ აკურასთან მდებარე "ტეკთან" არ გავეჩერებინეთ, მუდამ ფულს ითხოვდნენ და თუ ვეტყოდით არ გვაქვსო, მათხოვრებივით ძვრებოდნენ საბარგულში, იღებდნენ ყველაფერს რაც იჭმეოდა და არა მარტო. მოკლედ "კანონიერად" გვძარცვავდნენ რა. საშინელება იყო.
მერე კი რაც მოხდა და როგორც გახსოვთ თქვენც.
ახლა რა სიტუაციაა ამ მხრივ ეგეც კარგად მოგეხსენებათ, არ ვაპირებ ახლანდელი პოლიციის ქება დიდებას.მაგრამ უნდა აღინიშნოს, რაც იყო იმას ნამდვილად ჯობია, დაწყნარდა სიტუაცია და აღარც ისეთი კრიმინალური დანაშაულის დონეა, როგორც ჩემს ბავშვობაში. "ქურდული სამყაროც" გააქრეს, თუმცა არაფერი შეცვლილა მასის აზროვნებაში. პოლუსები იცვალა ამ ხალხის მისწრაფებებმა და ერთიდან მეორე უკიდურესობაშიც მოადინა ზღართანი ახალგაზრდულმა ოცნებებმა. ადრე თუ ჩემი სამეგობრო და საახლობლო წრის ბიჭები ქურდობაზე ოცნებობდნენ და "აშავებდნენ", ახლა პირიქით, ყველა საპატრულოში მოხვედრას ლამობს თითქმის და "ათეთრებს" ;) გოგოებიც სულ კრიმინალ და ქუჩის მოჩხუბარ ბიჭებზე რომ კარგავდნენ გონს, ახლა პოლიციელებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელებზე გათხოვებას ესწრაფიან. ადრე თუ "ასეთი იყო ქურდი კაცის ბედი", ახლა "ჩვენი ძალა გამჭვირვალე შენობაშია". ასეა მასაში, რათქმა უნდა გამონაკლისებია და კიდევ კარგი. არ შეიძლება ყველა ერთნაირი იყოს, ყველა ერთ სტრუქტურაში იყოს, ძალაუფლება და კონტროლი ერთს ეჭიროს ხელში. ნებისმიერი უკიდურესობა დამღუპველია საზოგადოებისათვის. ასეთია ჩემი მოსაზრებები, შეიძლება რაღაც კარგად ვერ გადმოვეცი წერისას. მთავარი აზრი კი მგონი გასაგებია.
თუმცა პოსტი ბერძენ პოლიციელებზე უნდა დამეწერა, მაგრამ წერამ და მოგონებებმა შემითრია.
ახლა რაც შეეხებათ მათ.
შორი თუ ახლო კონტაქტიდან გამომდინარე დაახლოებით დავინახე ამათი სახე.
პოლიციას აქ ძალიან მინიმალური ძალაუფლება აქვთ. არ პატრულირებენ როგორც ჩვენთან, თუ დადიან ჯგუფურად, ასე 5-6 კაცი ფეხით, ზოგჯერ ორი მოტოციკლით, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად. ადრეც ვწერდი რა ხანია ჩამოვედი თქო და არ მინახავს პოლიცია მეთქი. პირდაპირ გეტყვით აქ ისინი არავის ადარდებთ, არ ეშინიათ საერთოდ. აი ჩვენთან რომ შიშის სინდრომია, აქ ბერძნებს რომ მოუყვე ვერც კი გაიგებენ შენს მონაყოლს. ვერ აღიქვავენ უბრალოდ. იმიტომ რომ აქ პოლიცია "დაჩმორებულია", თუმცა აქვე ვიტყვი რომ ვაჭარბებ. ვაჭარბებ იმიტომ, რომ ესენი სხვა ხალხია, საერთოდ სხვა. "დაჩმორება" მოდის იქიდან, რომ პოლიციას საქმე არ აქვს. აქ  ეს პროფესია როგორც ვხვდები ძალიან მოსაწყენი და უსაფრთხოა. ანუ ბერძენი ახალგაზრდები არასოდეს ჩხუბობენ, არ ხმარობენ დანას, არ კლავენ, არ ძარცვავენ მაღაზიებსა და სახლებს. მოკლედ აქ თვითონ ხალხია იმდენად წესიერი, რომ მე პირადად პოლიციის საქმეს ვერ ვხედავ რა. მართლა საოცრად წესიერები არიან, ღამის 5 საათზე რო გახვიდე ქუჩაში, საოცრებებს ნახავ. მანქანები დგანან შუაღამისას და შუქნიშანზე ელოდებიან მწვანეს, როცა გარშემო კაციშვილი არაა, პოლიციაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. ქართველი პირადაპირ დაადებდა თავს . .  . ასეთია ბერძენთა წესრიგი და შენ რაც გინდა ეძახე ამათ, "გაჭირვებული ევროპელები", "კრიზისში მყოფი ქვეყანა" და ა.შ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიცია მაინც სუსტია, აქ იმდენი არალეგალია, ყოველდღე მე პირადად შეიძლება 20-30 შემხვდეს, რაღაც-რუღაცეებს რომ ყიდის ჩუმად ქუჩაში და თან გასაქცევადაა გამზადებული. აქ პირადირ ქუჩაში ეწევიან პლანს, იკეთებენ და ამაზე რეაგირება არ ხდება. თუმცა საქმე იმაშია, რომ ჩვენთვის რომ ავიღოთ, თავისი თავის გარდა ეს ხალხი არავის არაფერს უშავებს. თავს იკლავენ და პოლიციაც არ იწუხებს თავს მათი დაკავებით. აქ თუ დანაშაული ხდება მაგას მარტო ჩამოსულები და მაგათგან ქართველები აკეთებენ. ერთი კია პოლიციას აქ ქართველების ეშინია. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ჯერ-ჯერობით.
ამ ცოტა ხნის წინ რომ გითხარით კომპი გამიფუჭდა თქო და გავიცანი ხელოსანი ანჯელო, რომელმაც ასეთი რამ მითხრა პოლიციაზე. მე 2003 წელს მანქანა გამიტეხეს და იქიდან პასპორტი, მართვის მოწმობა და სხვა საბუთები მომპარესო, პოლიციამ ვერ დააბრუნა ისინი. ხოდა ანჯელოც მას შემდეგ დადის თურმე "პრავის" გარეშე. გავიოცე, როგორ რვა წელია საბუთი არა გაქ მეთქი? არაო, არავის გავუჩერებივარ უკვე რვა წელიაო და ახლა მე თვითონ ვინამუსე და შევიტანე საბუთები ახალი მოწმობის ასაღებადო. ასეთია აქ მძღოლებისა და პოლიციის ურთიერთობა.
რაც შეეხება მომსახურებას. რამოდენიმე დღის წინ ვიყავი პოლიციაში, ჩემი ოჯახი მომყავს აქ და საბუთს ვამზდებდი მათთვის გასაგზავნად. მივედი და პირველი რეაქცია ჩემი გამოიწვია შენობამ, ეს იყო ყველაზე უსახური და საშინელი შენობა რაც აქ მინახავს. გავიფიქრე ერთი ვანო არ აწყენდათ თქო ამათ :) ძველისძველი კედლები, ამორტიზებული და საშინლად არაკომფორტული ინტერიერი. მეგონა მომატყუეს და პოლიციის ნაცვლად სადღაც გამაგზავნეს, მაგრამ ფორმიანები რომ დავინახე ვირწმუნე. ინგლისური ხომ არავინ იცის. ვიკითხე და მოიცა მცოდნეს მოვიყვანო ერთმა, წავიდა 5 წუთში მოიყვანა გოგო, დაველაპარაკე და ბოდიში გამომყევი სხვას ვნახავ ვინმეს ვინც დაგელაპარაკებაო, გამაგიჟეს. მერე ამ ყველაზე საშინელი შენობიდან სხვაგან გამაგზავნეს. არც იქ იყო უკეთესი მდგომარეობა, უაზრო შენობა, და საოცრად სხვანაირი პოლიციელები. უცნაური პრიჩოსკებით, არც თუ ისე ნავარჯიშებები და გაბღენძილები, როგორც ჩვენთან, საოცრად თავაზიანები და მხიარულები, წრუპავენ დღედაღამ ფრაპეს და არიან უსაქმოდ. თუმცა ძალიან დებილი ნოტარიუსი შემხვდა იქვე და ისე მომიშალა ნერვები, პოლიციაზეც ავიკრიფე. ინგლისურის აზზე არ იყო და როგორც იქნა მივახვედრე რა საბუთიც მინდოდა, მითხრა ეგ შენ უნდა დაწერო, ჩემი საქმე არააო და მომაგდო ფურცელი, კიდევ კარგი ჩემს მეუღლეს ქონდა დაწერილი ბერძნულად ტექსტი და მეც ერთი საათი გადამქონდა ლეპტოპიდან ფურცელზე. აქ ოფიციალური დოკუმენტის ფურცლები საგაზეთო ჯიხურებში იყიდება და ორმოცი ცენტი ღირს. თვითონ ნოტარიუსის მომსახურებაც ძალიან "კაპიკები" დამიჯდა, ერთი საბუთისთვის 40 ცენტი, მეორესათვის კი 50 გამომართვა მხოლოდ. თან იღიმოდა, უდარდელად წრუპავდა ფრაპეს და რაღაცას მეუბნებოდა ბერძნულად. გამაგიჟა, თავისი სიდებილით, მაგრამ მერე პოლიციელებმა გამიწიეს დახმარება, ამ მართლაც უდარდელმა და საოცრად მეგობრულმა ხალხმა.
აქვე იმასაც დავამატებ, რომ აქ პოლიციასა და სტუდენტებს შორის დიდი უფსკრულია. სტუდენტებს აქვთ საოცრად დიდი ძალაუფლება და პოლიციას რიდი მათ მიმართ.  კანონია ასეთი, რომ სტუდენტურ საცხოვრებლებსა და უნივერსიტეტებში მათი შესვლა არ შეილება. ეს ყველაფერი კი რამოდენიმე წლის წინ მომხდარ ამბავს მოყვა. როცა უნივერსიტეტში პოლიციამ სტუდენტები ჩაცხრილა შემთხვევით. გახსოვთ ალბად, დიდი გამოსვლები იყო და ამის გამო ლამის მთელი მთავრობა გადადგა. ეხ, ნეტავ როდის დადგება დრო ასეთი ძლიერი და ერთხულოვანი სტუდენტური მოძრაობები ჩვენც გვქონდეს :( სტუდენტების თემაზე ცალკე პოსტს ვგეგმავ, ამიტომაც აღარ გავაგრძელებ, ისედაც ბევრი დავწერე.
მოკლედ ასეთია აქ პოლიცია. რომელიც მე პირადად ხან მომწონს, ხან კი ძალიან სუსტად მეჩვენება.
შეფასებები თქვენთვის მომინდია.
დროებით ;)
გემშვიდობებით მომავალ პოსტამდე!