Friday, February 24, 2012

ჩემი მეგობრები:არამი

გამარჯობათ, როგორ ხართ?
მე კარგად, აქეთ კარგი ამინდებია, მთიან საბერძნეთში კი თოვს, მაგრამ სალონიკში პირიქით დათბა. მხოლოდ დღეს ამოვარდა ქარი, თუმცა სუსხი არაა. მანდ კი "ციმბირობაა" გავიგე :(
ეს პოსტი და ზოგადად ციკლი დიდი ხნის წინ მინდოდა დამეწყო. უკვე რახანია გპირდებით დავწერო იმ ხალხზე ვინც ჩემს გარშემოა აქ საბერძნეთში და ვინც ჩემს ახალ სამეგობრო წრეს შეადგენს. ყოველგვარი შესავლების გარეშე მინდა დავწერო არამზე, ჩემს სომეხ მეგობარზე. მითუმეტეს, რომ მისი სახლიდან ახლახანს დავბრუნდი, ცოტა შეზარხოშებული ვარ და თანაც პირველი სწორედ ის მყავდა გეგმაში დღიურისათვის.
არამი ერთ-ერთი სომეხი სტუდენტია ერასმუსის პროგრამით ჩამოსული.
პირველად როდის გავიგე მისი არსებობის შესახებ?
ერთხელ მე , გულადი და გიო, ჩემი ექს რუმმეითი ვიჯექით და გიო წუხდა, უცხო რო გადავა ოჯახის ჩამოსვლის შემდეგ ვისთან დავაშეარო ოთახიო და მაშინ პირველად ახსენა არამის სახელი გულადიმ. ურჩევდა რა გიოს არამი დაითანხმე და ერთად იცხოვრეთ. ეგ სინდოსშია (სოფელი სალონიკის გვერდით, როგორც თელავი და კურდღელაური) და მგონი სალონიკში აპირებს გადმოსვლასო :))
როდის გავიცანი პირველად ის?
არამი ტელეფონზე გავიცანი, გიომ მე დამალაპარაკა. გამაკვირვა არამმა, არ ველოდი ასე კარგად თუ ეცოდინებოდა ინგლისური. მერე აღარ მახსოვს და სადღაც კი შევხვდი, ალბად სტუდენტური კაფეტერია იყო. კი ასე იყო, ვიჯექით მე და გიო და უცბად გიო მეუბნება ნახე ვინ მოვიდა, მე რო გეუბნებოდი სომეხი სტუდენტია თქო, აი შენც რო დაგალაპარაკე ერთხელო :) მოვიდა არამი და სწორედ იქიდან დაიწყო ჩვენი დაახლოვება. მე და გიო ხშირად დავდიოდით კაფეტერიაში და არამმაც, რომელიც სხვათაშორის იმ დღეებში ახალგადმობარგერბული იყო სალონიკში, ჩვენი ეშხით დაიწყო სიარული. "ზა კამპანიუ" როგორც თვითონ იტყოდა :)) მერე რამოდენიმეჯერ ჩვენთანაც ამოვიდა, ისე უბრალოდ სახლის სანახავად და გასაცნობად. ძირითადად არამს მე ველაპარაკებოდი, გიო როგორც ყოველთვის თავისი ვირტუალური ურთიერთობითა და მესიჯობით იყო დაკავებული. ასე დავახლოვდით ნელ-ნელა მე და არამი.
პირველი რაც მასში მედა გიომ აღმოვაჩინეთ- ეს იყო საოცარი ტალანტი უცხოენების ადვილად ათვისების.ჩვენი ახალი მეგობარი ნამდვილი პოლიგლოტი აღმოჩნდა. ყოველთვის გვეკითხებოდა ქართული ამათუიმ სიტყვის მნიშვნელობას და ასე თან დათანობით ისწავლა ქართული ისე, რომ ახლა ჩვენი ნალაპარაკევიდან უკვე დასკვენებიც გამოაქვს. ასევე გვაოცებდა თავისი ბერძნულით, რომელიც ისე სწრაფად აითვისა, რომ ბინა ყოველგვარი გრაფიოს დახმარების გარეშე, სწორედ ახლადნასწავლი ბერძნულის დახმარებით იშოვა. სიმართლე ვთქვა მე ბერძნული ალბად რაც მისწავლია ნახევარზე მეტი სწორედ მისგან :)))
კიდევ ერთი მთავარი ასპექტი რამაც მე და არამი დაგვამეგობრა, ესაა როკ მუსიკა. მას მეტალი უყვარს, მძიმე როკი, მე არა, მაგრამ როკი და ცოცხალი მუსიკა ორივეს ძაან გვიზიდავდა, ამიტომ საათობით შეგვეძლო ამაზე საუბარი, გიო კი ყოველთვის გიჟებს გვეძახდა და გარბოდა ჩვენგან. არ დამავიწყდება ერთცხელ არამი ატყდა ძალიან მაგარი კონცერტიაო და მე და გიოც აგვიყოლია. წავედით ბარში "ბაიკერების კაფე". მართლაც შესანიშნავი კონცერტი იყო. თავიდანვე მე და არამი საუკეთესო განწყობაზე დავდექით. ერთ-ერთი სალონიკური როკ ჯგუფი ცნობილი სიმღერების ქავერებს ასრულებდა. გიოს მოწყენა მალე შეეტყო და ნახევარ საათში საერთოდ გაქრა მაგიდიდან. მოვძებნე და მისაღებში აღმოვაჩინე. ამ მუსიკას მე ვერ ვიტან და როცა მორჩება წავიდეთ, აქ დაგიცდითო :)) არ უყვარს კაცს როკი და რა უნდა ექნა, სოლიდარობის ნიშნად კი დარჩა ბოლომდე.
მოგვიანებით არამს იანისი გავაცანი. იანისიც ჩემი მეგობარია, რომელზეც ალბად ერთი პოსტი არ მეყოფა რომ დავწერო. მე და იანისი ვმღეროდით ხშირად სხვადასხვა ქავერებს და არამსაც ყოველთვის ვეპატიჟებოდით ხოლმე. მერე ჩვენ ცხოვრებაში გამოჩნდა პავლე, ეს მართლაც გზააბნეული ხელოვანი. მოკლედ პავლეზე და იანისზე პოსტებს მომავალში შემოგთავაზებთ. ხოდა ეს იყო "სასტავი", რომელიც მთელ დღეებს ერთად ატარებდა. უკრავდით,ვმღეროდით, ვსვავდით (თუმცა მე ალკოჰოლის აღქმა მქონდა და მხოლოდ წვენს შევექცეოდი). ათასი საინტერესო ისტორია გადაგვხვდენია ერთად. რა მოთვლის ან რა დაწერს ამდენს. ფაქტი ერთია არამი ძალიან ჩვენიანი გახდა. პავლე სულ სომხურად ელაპარაკებოდა, სომხურ უბანში გაზრდილ თბილისელს კარგად ესმოდა ეს ენა და არამის სიხარულსაც საზღვარი არ ქონდა. მგონი არამი სწორედ ჩემთან და პავლესთან გრძნობდა და გრძნობს ახლაც თავს ყველაზე კარგად. ვუკრავდით და ვმღეროდით. ორივე კარგი გიტარისტია, თუმცა არამს სმენასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ანუ გიტარაზე რაც იცის(დამერწმუნეთ ძალიან ბევრი იცის) ყველაფერი ზეპირად აქვს ნასწავლი და არა საკუთარი სმენის წყალობით. ეს ყოველთვის გვაოცებდა მე და პავლეს. პავლე ხშირად ეუბნებოდა შენ კარგი გიტარისტი გამოხვალო. ერთ ხანს ცდილობდა მისი სმენა დაემუშავებინა, მაგარმა არამმა ყურიც არ შეიბერტყა. იცის, რომ უსმენოდ მღერის, მაგრამ მუსიკა ისე უყვარს ვერ გააჩერებ. ახლაც წამოსვლის წინ რამოდენიმე კომპოზიცია და სიმღერა დავუკარით ელექტრო გიტარაზე და წარმომიდგენია მეზობლების სახეები ამ მომენტში. :))))
კიდევ რა უყვარს არამს?
არამს უყვარს რაც შეიძლება ბევრი საინტერესო სიტყვის ათვისება უცხო ენებიდან, რჩევების მიღება იმ საკითხებში რაშიც არ ერკვევა (ასეთი კი ცოტაა), ასევე მტკიცება იმის, რომ ბევრი რამ არის სწორედ სომხური, კიდევ როკ კონცერტზებზე სიარული კლუბში " 8BALL", თევზი, ბივშტექსი და ანეგდოტების მოყოლა.
ერთხელ ერთი ქართველი გავიცანი. არამზე ვთქვი სომეხი მეგობარი მყავს თქო და ეგ როგორო გაიკვირვა, ქართველის და სომეხის მეგობრობა ვის გაუგიაო? მოკლედ ეს სტერეოტიპები აქაც მოქმედებს და თანაც როგორ, ამაზე ცალკე პოსტს დავწერ ალბად. ახლა კი იმის თქმა მინდა, რომ არამი არც ისე"სომეხია" როგორადაც სომხებს როგორც ნაციას ჩვენთან ახსენებენ ხოლმე. კი მანაც, როგორც ყველა სომეხმა იცის, ფულთან მოპყრობა, განსაკუთრებული თანაც. მე ამას ნაკლად სულაც არ ვთვლი, ესაა ცოდნა იმის, თუ როგორ გაიტანო თავი ვალების გარეშე. მგონი სწორედ არამი და ზოგადად სომხები არიან ერთადერთი ნაცია, ვისაც აქ ვალები არ დაედო. ამ ხალხმა ნამდვილად იცის ფულის ყადრი და მისი სწორედ მოხმარება. ვიცი ამას ჩვენში ძუნწობა ქვია, მაგრამ ასე არაა. ესეც სტერეოტიპია და მეტი არაფერი. აბა სხვანაირად როგორ ავხსნა არამის სურვილი დაეხმაროს ყველას, ქართველია, უკრაინელი თუ სომეხი ფულით, თუ ეს მას ხელეწიფება? მე პირადად ბევრჯერ მასესხა თანხა. ახალაც მისი მოვალე ვარ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის არც კი მახსენებს, რომ მისი ვალი მაქვს. მოკლედ არამი გამოდგა ადამიანი, რომელიც ჭირშიც და ლხინშიც გვერდით უდგება მეგობარს და სწორედ ამიტომ ყოველთვის ჩავთვლი, რომ მითი სომხების"სომხობაზე" არის მტკნარი სიცრუე და რომ ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არასოდეს შეიძლება. ისე ამას კი არ ვამტკიცებ მე მთელი ცხოვრება? :)))
სულცოტა ხნის წინათ ჩვენი მეგობარი არამი 20 წლის შესრულდა. მცირე სუფრა გაშალა და კარგად მოვილხინეთ, ფოტოკოლაჟი კი ჩვენი მეგობარის თემო ასკურავას ფაცე გვერდზეა, გადახედეთ ფოტოებს გარწმუნებთ არამს ჩემი მინიშნების გარეშეც ამოიცნობთ :))
https://www.facebook.com/photo.php?fbid=331577126879167&set=a.331576060212607.67537.100000806475288&type=1&theater
კიდევ ბევრის დაწერა მსურდა, მაგრამ ნინუცა არ მაცდის, თავისი საყვარელი მურტფილმების ყურება უნდა კომპში. ამჯერად ამით დავამთავრებ. არამს კი ალბად ბევრ პოსტში შეხვდებით, რადგან, ის ახლა გიოსთან ერთად ცხოვრობს ჩემს ყოფილ ოთახში. დარჩენილი 5 თვე ვფიქრობ კიდევ უამრავ სიურპრიზს პირდება ჩვენს მეგობრობას და ცხადია ჩემს ბლოგსაც! ;)
მომავალ შეხვედრამდე!
დროებით . . .

Wednesday, February 22, 2012

ყველას! ყველას! ყველას!

მივესალმები ყველას!
ვწერ როგორც ფეისბუქ გვერდის "თელავური სერიების" შემქმნელი და ადმინისტრატორი. ("თელავური სერიებიდან" ეს ფეიჯი და სტატუსიღა შემომრჩა).
მინდა ამ მცირე პოსტით მივმართო ყველას, ვინც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ვისაც გული შესტკივა თელავზე და ზოგადად კახეთზე.
ეს გვერდი შევქმენი მე, ვინაიდან მსურდა ჩემი დოკუმენტური ფილმების გაპიარება. შემდეგ გვერდმა კიდევ ერთი პროდუქტი, ამჯერად უკვე ონლაინ ჟურნალიც დაიმატა და ჟურნალის გარშემო შემოკრებილი რამოდენიმე ახალგაზრდაც ჩაერთო ზოგადად გვერდის გაპიარებაში. გვერდი კი თავისთავად ორივე მათგანს, ვგულისმობ რა ჟურნალსა და ფილმებს, აპიარებდა. ასევე ვპოსტავდით სხვადასხვა საინტერესო ამბებსა თუ სიახლეებს ჩვენი გუნდისა და საქმის გარშემო განვითარებულთ. ვატარებდით გამოკითხვებსა და სხვადასხვა სახის შემეცნებით ვიქტორინებს. ახლა ეს ყველაფერი უკვე ისტორიას ჩაბარდა. როგორც მოგეხსენებათ ჟურნალი დაიხურა, ფილმების გადაღება აღარ გრძელდება ვინაიდან მე საქართველოში აღარ ვიმყოფები და დროც უკვე აღარ აქვთ ჩვენს ადმინისტრატორებს გვერდის გასახალისებლად. არადა ამჟამად გვერდს 1800 დამლაიქებელი ყავს. ნამდვილად მეცოდება გაუქმებისათვის. სხვათაშორის თელავის გარშემო შექმნილ გვერდებს შორის ყველაზე მეტი ფანი ჩვენ გვყავს თუ არ ვცდები. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ გამოიყენეთ ჩვენი გვერდი. ყველას: პოლიტიკურ პარტიებს, მნიშვნელობა არ აქვს პოზიცია იქნება ეს თუ ოპოზიცია, ბიზნეს სექტორს, მედიას,არასამთავრებოებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მოკლედ ყველას, ვინც რაღაცით მაინც დაკავშირებულია თელავთან და ზოგადად კახეთთან. გამოიყენეთ ეს სივრცე. მხოლოდ ცენზურას ნუ დაარღვევთ და შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ნურავის. ასეთი პოსტები ყოველთვის დაიბლოკება.
რას იტყვით მგონი კარგი შემოთავაზებაა. ერთდროს სწორედ ამ გვერდის მეშვეობით შევიძინეთ უამრავი მკითხველი, იმედია თქვენც გაგიმართლებთ!
ეს  ჩვენი გვერდის ლინკია - https://www.facebook.com/Telavi.Series
წარმატებები ყველას!

Friday, February 17, 2012

Tsiknopempti ანუ მწვადის დღე საბერძნეთში

გამარჯობა ყველას!
ეს მცირე პოსტი მინდა მივუძღვნა ბერძნულ კიდევ ერთ დღესასწაულს, თუმცა დღესასწაული ალბად ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ესაა დღე, როცა მთელს საბერძნეთში იწვება ხორცი. Tsikno - არის სუნი, რომელსაც მწვადი გამოყოფს წვისას. Pempti კი ხუთშაბათია. წელიწადში ერთხელ მთელ საბერძნეთში აწყობენ მწვადის ხუთშაბათს. ეს ძირითადად თებერვალში ხდება. საერთოდ თებერვალი დატვირთულია სხვადასხვა დღესასწაულებითა და დასვენების დღეებით, თუმცა ხუთშაბათს ბერძნებს არ დაუსვენიათ. ოფიციალრად ეს სამუშაო დღე იყო. თუმცა ახალგაზრდები, ძირითადად სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მთელი დღე ემზადებოდნენ კარნავალისათვის. ამ დღეს ბერძნები ყიდულობენ სხვადასხვა სახის ნიღბებს, უცნაურ და საკარნავალო ტანსაცმელს, ატრიბუტიკას და აქსესუარებს, უკვე შუადღიდან შევნიშნე გადაცმული ხალხი ქუჩაში. მთელს ქალაქში კი მწვადის სუნი დატრიალდა. ციოდა, მაგრამ საღამოსკენ მაინც უამრავი ადამიანი გამოავიდა გარეთ და ბარბიქიუ მოაწყეს სამოგობრო წრესთან, ნათეასვებთან თუ ოჯახებთან ერთად. რამოდენიმე ქუჩაზე, სადაც ყველაზე მეტად აღინიშნება კარნავალი, ბერძნული ტრადიციული მუსიკის ჰანგებსაც გაიგებდით, რომელსაც რაღათქმაუნდა ცოცხლად ასრულებდნენ ბერძნები ან სულაც ციგნები. ბარები გადაჭედილი იყო, ხოლო ყველა ახალგაზრდა უკვე გვიან კლუბებში მიიჩქაროდა, სადაც მათსავით შეღებილ-დაგრიმული ახალგაზრდები ელოდნენ. ვრცელი სიუჟეტები მიეძღვნა ამ ყველაფერს ტელევიზიებში. ზოგგან ქალაქის მერიებმა შეწვეს ხორცი და უფასოდ დაურიგეს მიუსაფარ და სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას. ყველგან იყო ცეკვა და თამაში. პური და სანახაობა ძალიან მოდაშია ბერძნებში და მიუხედვად იმის, რომ ეს ჩემს თემას არ ეხებოდა მაინც ვცდილობდი დავკვირვებოდი. ვიდეოს გადაღებასაც ვაპირებდი, მაგრამ განსაკუთრებული შოუ ვერსად ვნახე, ერთი კია მთელი ქალაქი ამ დღეს მწვადის ბურუსში იყო გახვეული. წარმოვიდგეინე ეს ტრადიცია ჩევნტან ქართველებშიც რომ იყოს. მშევენიერი სანახაობა იქნებოდა მაგალითად "ხაშლამის სამშაბათი" ან "ბოზბაშის შაბათი". წარმომიდგენია როგორ აიტაცებდნენ ამ დღესაწაულს ქართველი მოქეიფე კაცები. :) დანარჩენი ინტერპრეტაციები თქვენთვის მომინდვია, არ დაზოგოთ ფანტაზია.
მე კი ამით გემშვიდობებით,
მომავალ პოსტამდე!

Wednesday, February 15, 2012

თებერვლის პალიტრა


გამარჯობათ ყველას, როგორ ხართ ჩემო მკითხველო? 
მე კარგად, ჩემსკენ ყველაფერი ნორმალურადაა, გაცილებით უკეთ ვიდრე გასულ თვეებში. სამწუხაროა, რომ სწორედ ახლაღა გავერკვიე საბოლოოდ ყველაფერში (ნუ რაც ჩემს მუშაობას ეხება აქ) და ზოგადად ავუღე ალღო აქაურ ცხოვრებას, სამწუხარა იმიტომ, რომ თებერვლის ბოლოს უკვე უკუთვლას დავიწყებ და ნელ ნელა ჩემი პროგრამის დარჩენილი დღეები მატების ნაცვლად კლებადობაში წავა. სამწუხაროა, იმიტომ, რომ ძალიან მივეჩვიე აქაურობას. გამოგიტყდებით და ასე მგონია ზოგჯერ, თითქოს მთელი ცხოვრება აქ გავატარე, თითქოს აქ დავიბადე. საქართველო კი ჩემი ღამეული სიზმრების ნაწილია თქო. აქ არიან სტუდენტები, რომელთაც ძალიან ენატრებათ მშობლიური მიწა და თითქოს ისევ უცხო სხეულებად გრძნობენ თავს ამ საოცარ ძღვისპირა ქალაქში, მაგრამ ეს მე არ მეხება და ალბად ამის გამო, რომ საკუთარი სამშობლოსავით შევიყვარე აქაურობა წამოსვლისას ვინანებL
ამ მცირე პოსტში, მოკლედ მინდა დავწერო იმ მოვლენებზე რაც თებერვლის თვეში მოხდა. განსაკუთრებული არაფერია გარდა ერთისა- ჩავაბარე ჩემი პირველი პრეზენტაცია, რომელიც ასახავს ჩემს მუშაობას ჩემი თემის გარშემო საბერძნეთში. სიმართლე გითხრათ ძალიან ვნერვიულობდი. რაღაცნაირად გადაჩვეული ვიყავი პრეზენტაციების კეთებას, ჩემს ახალგაზრდობაში ხომ პრეზენტაციების გარეშე ვსწავლობდით უნიში, ხოდა უცხო იყო თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ბავშვურად კი მიღელავდა გული მანამ სანამ სამსჯავროს წინაშე წავრსდგებოდი. ჩემამდე კიდევ 2 დოქტორანტს ქონდა რეპორტი ჩასაბარებელი, ერთ-ერთ მათგანს დავესწარი და მივხვდი არაფერი იყო სანერვიულო.თუმცა ჩემი ზარმაცი ხასიათის გადამკიდემ წერა ბოლო დღემდე გავწელე და უკვე როცა აღმოვაჩინე, რომ პრეზენტაცია კარს მომდგომოდა ჩავუჯექი კომპიუტერს. მეგობრების მცირე დახმარების წყალობით, რისთვისაც გულწრფელი მადლობას ვუხდი მათ. დილის ათი საათისათვის ყველაფერი მზად მქონდა. გამოვიპრაჭე როგორც მე შემეფერებოდა და ჩემს ძველ სახლში ვესტუმრე გიოს.თან არამი ჩემი სომეხი მეგობარი მახლდა. იქ დაგეგმილი იყო  პრეზენტაციის გენერალური რეპეტიცია . გიოს ეძინა, ცოტახანს გამოიფხიზლა და ისევ წაუძინა მალევე. მე კი გავმართე აპარატურა და მჭევრმეტყველი სახით დავიწყე არამისთვის პრეზენტაციის ჩაბარება. 15-მა წუთმა უცებ გაირბინა. შემდეგ ყავის დალევა გადავწყვიტეთ, მაგარამ გიოს აღარ ქონდა და ამიტომ პირადპირ გავეშურეთ ჩემი ხელმძღვანელის ოფისისაკენ. გზად მომიტინგეებთან ერთად ვიარეთ. ასე 150-200 კაციანი ჯგუფი მთავრობის ქმედებებს აპროტესტებდა. ორიოდ სიტყვით მინდა ამ მტკივნეულ თემას შევეხო,რადგან უკვე შევწუხდი პანიკიორი ქართული ტელევიზიების გადამკიდე. ჩემიანები ლამის ყოველდღე წუხილითა და ვაი-ვიშით მირეკავენ - ხომ კარგად ხართო, აქ აჩვენებენ,რომ საბერძნეთი მთლიანად ცეცხლშიაო, ისვრიანო და ისეთ ნიუსებს აცხობენ თურმე, თვით ბერძნებსაც კი შეეშინდებათ რომ მოისმინონ. არადა სალონიკში, სადაც ჩვენ ქართველი სტუდენტები ვართ არაფერი ხდება მსგავსი, კი მიტინგებია, ხშირად კეტავენ ქუჩებს, პოლიციაც მობილიზებულია, მაგრამ არც ცეცხლს ხსნის ვინმე, არც შეხლა-შემოხლაა. იყვირებენ ერთ საათს და იშლებიან მშვიდად. სხვათაშორის ქართული პოლიციისა და უშიშროებისგან განსხვავებით მიტინგის შემდეგ უკან არ მისდევენ სათითაოდ და არ უკეთებენ ყველა იმ საზიზღრობას, რაც ამ ბოლო დროს ქართული სამართალდამცავების მთავარ საქმედ იქცა. აქ დაშინება, შანტაჟი, იარაღის, ნარკოტიკის ჩადებები, გატაცება და ფიზიკურად ანგარიშსწორება არ ხდება. შეიძლება დააკავონ აქციის მონაწილეები, მაგრამ ყველაფერს ნორმის ფარგლებში აკეთებენ. ეს სალონიკში. რაც შეეხება ათენს, იქ კი ნამდვილად საშინელი სიტუაციაა. ათიათასობით მომიტინგემ გადაბუგა ლამის ნახევარი ქალაქი, დაწვეს მანქანები, მაღაზიები, თქვენ წარმოიდგინეთ თავიანთი საამაყო ისტორიულ მემკვიდრეობასაც არ მოუფრთხილდნენ. ყველაფერი კი გამოიწვია მთავრობის უგუნურმა პოლიტიკამ, რომლის მეშვეობითაც ვალებში ჩაძირული საბერძნეთი ახალი ვალის აღების წინაშე დადგა. აიღეს ვალი და ხალხმა ლამის პარლამენტი აიღო. გადაუარეს ყველაფერს რაც ცენტრში მდებარეობდა და ბოლოს პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ აირიდა. ამ შემთხვევაში ყველაზე საცოდავები ისინი არიან ვის ქონებასაც ზარალი მიადგა და კიდევ პოლიციელები, რომლებიც დაიღუპნენ და დაშავდნენ „მოლოტოვის კოქტეილების“ აფეთქებებისას. L
ეს ყველაფერი კი იმას მოვაყოლე,რომ მომიტინგეები შემოგვხვდნენ პრეზენტაციაზე მიმავალთ მეთქი. სულ მალე უკვე ჩემი ხელმძღვანელის, ქალბატონ ანნას ოფისში ვიყავით, ერთხანს ვისაუბრეთ, შემდეგ კი უკან გამოვბრუნდით, რათა მეგობრებს დავხვედროდით. საერთოდ ჩვენთან წესია - პრეზენტაციაზე“კოლეგების“ ანუ სხვა დოქტორანტი სტუდენტების დაპატიჟება. მართლაც დანიშნულების ადგილას უკვე მელოდნენ სომეხი დოქტორანტი კიდევ ერთ სომეხ სტუდენტთან ერთად, ასევე უზბეკი დოქტორანტი, რომლის პრეზენტაციაზე მე გახლდით და ჩვენიანი, ბათუმელი მირანდა, ასევე დოქტორანტი. ყველა ერასმუსის წარმომადგენელია. პრეზენტაციის წინ როგორც მოგახსენეთ ვღელავდი. მაგრამ როგორც კი ოთახი შეივსო და შინაურული ატმოსფერო ვიგრძენი, ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა და ისე ავჭიკჭიკდი ინგლისურად, თითქოს ბავშვობიდან ამ ენაზე მემეტყველოს. პროფესორი ანნა შიგადაშიგ მაჩერებდა, მეკითხებოდა ან აზუსტებდა რაიმეს. ზედაპირულად განვიხილე ის ლიტერატურა რაც აქ ყოფნისას გადავიკითხე და ძირითადი პასაჟები რამაც ჩემი ინტერესი გამოიწვია. უფრო დიდი დრო დავუთმე „რაგუცარიაზე“ საუბარს. ერთგულ მკითხველებს ალბად გემახსოვრებათ 4 სერიანი პოსტი ამ საოცარი კარნავალის თაობაზე ჩემი დღიურებიდან. ბოლოს სამომავლო გეგმებიც მოკლედ მიმოვიხილე და ჩემი პირველი პრეზენტაცია ერასმუსში ამით დასრულდა. იყო კითხვები და აგრეთვე შენიშვნები, ძირითადად ხელმძღვანელისაგან. მირანდამ სურათები გადაიღო იას აპარატით, რომლებიც ჩემს ფაცეზე ავტვირთე. სულ მალე კეთილი სურვილებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ქალბატონი ანნა აღარ გააგრძელებს ჩემს ხელმძღვანელობას, რადგან ოფისთან რაღაც გაურკვევლობა მოუხდა და საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით, რამაც ჩემი დაზარალება გამოიწვია. სამწუხაროა, არადა ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ახლა კი უხელმძღვანელოდ დავრჩი და ველი ახალს როდის მომიძებნიან. თუმცა პროფესორი შემპირდა, ნებისმიერ დროს დამეხმარება ინტერნეტის მეშვეობით და აგრეთვე პროექტის დასასრულისკენ ერთ სამუშაო შეხვედრაზეც შევთანმხდით. მოკლედ ამ მეტად მნიშვნელოვანმა დღემ კარგად ჩაიარა და მეც დავწყნარდი. ახლა ძირითადად თემისგან ვისვენებ, თუმცა ინგლისურში დავიწყე საკუთარი თავის მომზადება, მე ხომ ისე ვერ დავისვენებ. ჩემი ინტერნეტი ძალიან ურევს  და უინტერნეტობამ ჩემი წიგნებისკენ მიბრუნება გამოიწვია და კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობდი, როცა არ მქონდა ფეისბუქი, ინტერნეტი და საერთოდ კომპიუტერი.J
თქვენც გაიხსენეთ არ გაწყენთ ;)
ახლა ამით დაგემშვიდობებით და შევეცდები უფრო მეტი პოსტი ვწერო და თებერვლის ისედაც უფერული პალიტრა (ვგულისხმობ ამინდის ერთფეროვნებასა და სიცივეს) ცოტა მაინც გავახალისო ნათელი ფერებით.
მომავალ პოსტამდე, დროებით. J